ამბავი თბილისის და სან-დიეგოს დამეგობრებისა

სან-დიეგოს და თბილისის მერები

კალიფორნიის შტატის ქალაქი სან-დიეგო დღეიდან თბილისის მეგობარი ქალაქია. 38-ე მერის, რესპუბლიკელი კევინ ფოლკნერის გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 25 აპრილს კალიფორნიის მეორე ყველაზე მსხვილ ქალაქში თბილისის დღე აღინიშნება.

სან დიეგო არის ძალიან მწვანე და ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება არის ქალაქის გამწვანება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება
დავით ნარმანია

მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში 1.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მსოფლიოში ყველაზე დატვირთული სახმელეთო საზღვრით, სამხედრო ბაზებით, კილომეტრობით გადაჭიმული თეთრი სანაპიროებით და ზოოპარკით ცნობილი ქალაქი 1957 წლიდან 16 ქალაქთანაა დაძმობილებული, მათ შორისაა პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა, მექსიკის სასაზღვრო ქალაქი ტიჰუანა და რუსეთის ქალაქი ვლადივოსტოკი.

“მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად გადმოგცეთ საგანგებო სიგელი, რომელშიც საუბარია ჩვენს ძლიერ კავშირებზე, განათლების, დიპლომატიურ, პოლიტიკურ ურთიერთობაზე, ჩვენს გაცვლით პრგრამებზე,” ამ სიტყვებით მიმართა მერმა ფოლკნერმა ქართველ კოლეგას, თბილისის მერს და მის მიერ ხელმოწერილი პარტნიორობის დოკუმენტი გადასცა.

სან-დიეგოსთან გაფორმებულ თანამშრომლობის ამ ფორმას “ძალიან მნიშვნელოვანს” უწოდებს თბილისის მერი დავით ნარმანია.

“თბილისი 20-მდე სხვადასხვა ქალაქთანაა დამეგობრებული, მათ შორის შეერთებულ შტატებში ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტასთან. მეგობარ ქალაქებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, ასევე კულტურის სფეროში, ეკონომიკური, სოციალური მიმართულებით, რათა მეტი ურთიერთსასარგებლო საქმის გაკეთება შევძლოთ,” ამბობს ნარმანია “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

რატომ სან-დიეგო?

2013 წელს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საქართველოში მცხოვრები სტუდენტებისთვის ამერიკაში აკრედიტებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება დაიწყო.

5 წლის შემდეგ ამ პროექტში გვეყოლება, სულ მცირე, 1000 სტუდენტი
მაგდა მაღრაძე

პროექტი მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე გვიყვება, რომ პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.

“ეს პროგრამები არის ინჟინერიაში, ტექნოლოგიებში, ქიმიაში და ისეთ დარგებში, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. შრომის ბაზარზე ამ სპეციალობებზე განსაკუთრებული მოთხოვნაა და გვჭირდება მაღალი ხარისხის სპეციალისტები,” ამბობს მაღრაძე.

მისი თქმით, პროექტი, რომელსაც ათასწლეულის კორპორაცია 140 მილიონი ამერიკული დოლარით აფინანსებს, მომავალში გაგრძელდება, როგორც პარტნიორობა ამერიკულ და სამ ქართულ უნივერსიტეტს შორის.

"5 წლის შემდეგ ამ პროექტში გვეყოლება, სულ მცირე, 1000 სტუდენტი, ისინი მიიღებენ მაღალი ხარისხის განათლებას და იქნებიან კონკურენტუნარიანნი საერთაშორისო ბაზარზე.”

დავით ნარმანია კი ამბობს, რომ მისთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, სან-დიეგოს უნივერსიტეტთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი ორი პროგრამის გამოა:

“ეს არის სამოქალაქო ინჟინერია და მშენებლობის სექტორი, რაც ჩვენს მუნიციპალურ უფლებამოსილებებთან პირდაპირ კავშირშია. ამიტომ, ამ პროგრამების მიერ გადამზადებული კადრები მომავალში იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი წყარო იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი თანამედროვე კადრების მეშვეობით დაგეგმარდეს და განვითარდეს.”

კითხვაზე, თუ რა საერთო აქვს თბილისს სან-დიეგოსთან, ნარმანია გვპასუხობს, რომ ერთ0ერთი ასეთი საერთო მახასიათებელი ისტორიული შენობა-ნაგებობებია.

“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ის რომ ვნახეთ ქალაქში ძველი ისტორიული შენობა-ნაგებობები, რომელიც აღდგა და არის შენარჩუნებული. მეორე, მნიშნელოვანია, რომ ქალაქი არის ძალიან მწვანე და ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება არის ქალაქის გამწვანება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.”

თბილისის მერის თქმით, მის ქალაქს სან-დიეგოსგან “ბევრი საინტერესო რამის” აღება და დანერგვა შეუძლია, დამეგობრებულ კალიფორნიელებეს კი შეუძლიათ “ჩვენი სტუმარ-მასპინძლობის გადმოღება.”

რა უნდა ნახოთ სან-დიეგოში?

ბალბოა პარკი - 15 მუზეუმს, ბაღებს და ურბანულ არქიტექტურას აერთიანებს. აქვეა 1935 წელს გახსნილი 60 მეტრის სიმაღლის “კალიფორნიის კოშკი.”

ბალბოა პარკი

გასლამპის უბანი - 1800-იან წლებში აშენებული უბანი დღეს სან-დიეგოში ყველაზე მეტ კაფეს და რესტორანს უყრის თავს.

ლა ჰოია - “სან-დიეგოს სამკაულად” წოდებული სელაპებით, ულამაზესი სასტუმროებით და აკვარიუმით განთქმული სანაპირო.

პატარა იტალია - ეს ჰიპური უბანი ხმელთაშუაზღვის სანაპიროებიდან ჩამოსული მიგრანტების თავშეყრის ადგილია. აქვეა სან-დიეგოს უძველესი, 1888 წელს გახსნილი ტავერნა Waterfront Bar.

ლუდის ბულვარი - სან-დიეგოში 30-ე ქუჩა ლუდის მოყვარულების სამოთხეა, აქ მისულებს 115 სახეობის ლუდის დაგემოვნება შეუძლიათ.