რას აღიქვამენ ქართველი ქალები, რომლებიც უცხოეთში სამუშაოდ არიან წასული და როცა მათ მიერ ოჯახის დატოვებასა და ქვეყნიდან წასვლას აკრიტიკებენ? მსგავს დისკუსიებს, ბოლოს, საქართველოს პატრიარქის ქადაგებაში გახმოვანებული მოსაზრებების შემდეგ დაედო საბაბი. აქვე იყო მოწოდება ემიგრანტების მიმართ, რომ დაბრუნდენ სახლებში, რადგან იქ უკეთესი მდგომარეობაა.
ამ ქადაგებას აღშფოთება სოციალურ მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, მას-მედიაში, ქართველ დედებში მოჰყვა, რომლებიც პატრიარქის შეფასებებს მიუღებელს უწოდებენ. მათ შორის არის ნათელა ბაკურაძე-მარიამიძე, რომელიც საქართველოდან შვიდი წლის წინ, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა. ახლა ის 68 წლის არის და მოხუც ცოლ-ქმართან მომვლელად, ლონგ-აილენდში საკმაოდ დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობს. ფიქრობს თუ არა ის, რომ არსებული პირობების გათვალისწინებით, სახლში უკეთესია.
ნათელა ბაკურაძე-მარიამიძე: სიმართლე რომ გითხრათ, მე პატრიარქს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მჯერა მისი, მაგრამ მე ეს ვერ მივიღე. იმიტომ რომ აქ გამწარებული ხალხი მოდის. რომელ დედას უნდა, რომ შვილი მიატოვოს და წამოვიდეს აქ. მე ვამბობდი, შვილი და შვილიშვილი რომ დაკმაყოფილებული იქნებიან საკვებით, ჩასაცმელით და ასე შემდეგ, მე იქ დამშვიდებული ვიქნები და მართლაც ასე ვარ ახლა.
ვაშინგტონის უილსონის ცენტრის პროფესორი, სოციოლოგი ერინ ტრუ ჰოფმანი კვლევაში წერდა, რომ "ქალები საქართველოში დედობის კულტის ერთგვარ მსხვერპლს წარმოადგენენ. საქართველოში საზოგადოება ტრადიციებით ცხოვრობს, სადაც ქალთა მიგრაცია ცოლისა და დედის როლებთან შეუფერებლად ითვლება. " ეს შეფასებები ხუთი წლის წინანდელია. თუმცა, ვინაიდან ამ ხნის განმავლობაში ოჯახის რჩენის მიზნით სამსახურის მაძიებელ ქალთა მიგრაცია კიდევ უფრო გაიზარდა, ამ იდეალებმა თითქოს ძალა დაკარგა.
არის თუ არა ეს სუფთა ქართული მოვლენა?
იმიგრანტი საქართველოდან ნინო ზანგალაძე ბრუკლინში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას გაუმართლა. პირველად ამერიკაში მისი მეუღლე ჩამოვიდა. ამბობს, რომ ის თავად არ მუშაობს, ორ შვილს ზრდის, გვიან ღამით სამსახურიდან მოსულ მეუღლეს ცხელ სადილს ახვედრებს, თავად კი ბრუკლინის კოლეჯში ბავშვთა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ნინო თანაკურსელების იმ რეაქციებზე მოგვითხრობს, რაც კოლეჯის დავალების განხილვას მოჰყვა და რომელიც მათ ქვეყნებში ქალთა უფლებების მდგომარეობას ეხებოდა.
ნინო ზანგალაძე: ვერ მიხვდნენ რას ველაპარაკებოდი, რომ წავიდნენო საქართველოდანო, იქ შვილებს ქმარს და შვილებს ინახავენო, 24 საათი არიანო ჩაკეტილებიო. ვერ მიხვდნენ, ვერ გაიგეს რას ვამბობდი, ვერ მიხვდნენ იმას, რომ შეიძლება ქალი ადგეს, წავიდეს უცხო ქვეყანაში, დაჯდეს , იმუშაოს, ის თანხა რაც აქვს ბოლო კაპიკამდე გაგზავნოს საქართველოში და თვითონ არაფერი დაიტოვოს. ვერ მიხვდნენ რას ვეუბნებოდი. ეს როგორო?
მოდის თუ არა გადარჩენის ინსტინქტი წინააღმდეგობაში ტრადიციებთან? გაეროს და ხელისუფლების სტატისტიკა ასეთია: 1994 -1998 წლებში ქალთა მიგრაცია 39%-ით გაიზარდა, ხოლო ამის შემდეგ, 1998-წლიდან 2010 წლამდე 57%-ით. ბოლო წლების მონაცემები არ არსებობს.
ამის შესახება არ აქვს ზუსტი სტატისტიკა არც საქართველოს ემიგრანტთა მსოფლიო ლიგას. ლიგის დამფუძნებელ ელიზა აბელაშვილთან ყოველდღიურად შედის ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ემიგრანტების შესახებ. ცოტა ხნის წინ ტრაგიკული ფაქტი მოხდა საბერძნეთში, სადაც სტრესის ნიადაგზე ქართველი ქალი გარდაიცვალა, რომელიც ოჯახის შენახვის მიზნით ემიგრანტი 11 წლის წინ გახდა. მოხუცს, რომელსაც ის უვლიდა, საკვების მიღების დროს ასფიქსია დაეწყო, რაზეც მან ინერვიულა. მისი პაციენტი გადარჩა, ის კი მიღებული სტრესისგან გარდაიცვალა.
ელიზა აბელაშვილი: მთელი 11 წლის განმავლობაში ალბათ ორი შემთხვევა იყო სულ, როდესაც ვიღაცის გარდაცვალება გავიგეთ. ბოლო ორი წელია კოშმარი ხდება. დანარჩენს ყველაფერს ეშველება, მაგრამ აი ეს გარდაცვალება, უცხო მიწაზე, აი ასე, ასე ტრაგიკულად, რომ ათი წელი შვილები არ უნახავს...
ქართველი ქალის საქართველოში გადასვენების ხარჯის გაწევაზე უარი თქვა ოჯახმა, სადაც ის წლების განმავლობაში მუშაობდა. თუმცა როგორც ხდება ხოლმე, თანხა ისევ ემიგრანტებმა, საქართველოდან უცხოეთში გაურკვეველი დროით და განუსაზღვრელი, არაპროგნოზირებადი ბედით გადახვეწილმა ადამიანებმა შეაგროვეს.