სააკაშვილი უკრაინის მხარდასაჭერად

მიხეილ სააკაშვილი

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში სამშაბათს სიტყვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა.

სენატის ქვეკომიტეტმა დღეს რუსეთის აგრესიაზე სასაუბროდ ექს-პრეზიდენტთან ერთად ცნობილ რუს ოპოზიციონერს, ჭადრაკში მსოფლიოს ექს-ჩემპიონს გარი კასპაროვს და ამერიკელ ექსპერტებს უმასპინძლა, მათ შორის იყო სტივენ პაიფერი - შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი უკრაინაში და ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი.

უკრაინა და საქართველო ახლა იმ ფრონტის წინა ხაზზე არიან, რომელიც შესაძლოა აქედან შორს ჩანდეს, თუმცა რუსეთის აგრესიასა და ამერიკას შორის ახლა სწორედ უკრაინა დგას
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი

„რუსული აგრესია აღმოსავლეთ ევროპაში: სად წავა რუსეთი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შემდეგ?“ ამ კითხვის ქვეშ გაერთიანდა დისკუსია, რომლის სპიკერებმაც რუსეთის მზარდ აგრესიაზე, უკრაინის კონფლიქტზე და დასავლეთის როლზე ისაუბრეს.

დისკუსია რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა გახსნა, სხდომათა დარბაზში ბორის ნემცოვის და უკრაინის კონფლიქტის ამსახველი რამდენიმე ფოტო იყო გამოფენილი.

„შეიძლება უჩვეულო იყოს, როცა ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ამერიკის სენატის წინაშე სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავს, მაგრამ უკრაინა და საქართველო ახლა იმ ფრონტის წინა ხაზზე არიან, რომელიც შესაძლოა აქედან შორს ჩანდეს, თუმცა რუსეთის აგრესიასა და ამერიკას შორის ახლა სწორედ უკრაინა დგას,“ ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ყოფილმა პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერისკენ, მათ შორის თავდაცვითი და ეკონომიკური დახმარებისკენ მოუწოდა. საერთაშორისო მხარდაჭერაზე საუბრისას სააკაშვილმა თქვა, რომ ეს პროცესი შეერთებულმა შტატებმა უნდა წარმართოს. მისი თქმით ამერიკის ეკონომიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ დრო არ იცდის:

„უკრიანას რეფორმები სჭირდება. მე დღეს ყურადღება უკრაინის შეიარაღებაზე გავამახვილე, იმიტომ რომ ამის გარეშე არ იქნება ქვეყანა,“ განაცხადა სააკაშვილმა.

„ამერიკის ხმის“ კითხვაზე ელოდება თუ არა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ლეტალურ იარაღს მიაწვდის, სააკაშვილმა თქვა, რომ ამ თემაზე ვაშინგტონში მზაობა არსებობს.

„ინტერესი ამ თემაზე გაიზარდა, წინა კვირაში მე მქონდა შეხვედრა ამერიკის სენატის და კონგრესის რამდენიმე ათეულ წევრთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის პოლიტიკურ კლასში არის ცხოველი ინტერესი ამ თემის მიმართ და არის ჩამოყალიბებული აზრი, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს.“

სააკაშვილი გადაწყვეტილების მიღებას უახლოეს მომავალში ელოდება.

„ჩემი აზრით უახლოეს კვირებში უნდა იქნას მიღებული ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება. უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება მხოლოდ სამხედრო გადაწყვეტილება არ არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვფიქრობ, პოლიტიკური კლასი ამერიკაში ასე თუ ისე არის ჩამოყალიბებული, საბოლოო სიტყვა რა თქმა უნდა პრეზიდენტს ეკუთვნის, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტიც უყურებს საზოგადოების და პოლიტიკური კლასის განწყობას,“ განაცხადა სააკაშვილმა.