მეხილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა საკანში შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის მიზეზი, ადვოკატის თქმით, უკრაინის მთავრობის მხრიდან მის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნაა.
მიხეილ სააკაშვილი პარასკევ საღამოს კიევში დააკავეს. მისი დაკავება კიევის პროკურატურამ პირველად სამშაბათს სცადა, როცა პოლიცია მის ბინაში შეიჭრა. სამშაბათს სააკაშვილის მხარდამჭერებმა სამართალდამცველებს მისი დაპატიმრების საშუალება არ მისცეს და პოლიციის ფურგონში ჩასმული ყოფილი გუბერნატორი მანქანიდან გადმოიყვანეს.
სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი აცხადებს, რომ “მას იზოლატორში, ასე თუ ისე, ნორმალური პირობები შესთავაზეს. ის საკანში მარტოა."
სააკაშვილი ბრალდებას უარყოფს და მას ყალბს უწოდებს. მისივე თქმით, გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც სააკაშვილი და კურჩენკო ტელეფონზე საუბრობენ ფაბრიკაციაა.უკრაინის გენერალურმა პროკურურმა იური ლუცენკომ ტვიტერზე განაცხადა, რომ პარასკევ საღამოს საკაშვილის დაკავების დროს ყველაფერი იქნა გაკეთებული იმისთვის, რომ სისხლისღვრა ყოფილიყო თავიდან აცილებული. ლუცენკო ოდესის ყოფილ გუბერნატორს კრემლთან დაახლოებულ მილიარდერ სერგეი კურჩენკოსთან და უკაინის ყოფილ პრეიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან კავშირში ადანაშაულებს. ლუცენკოს თქმით, სააკაშვილმა კურჩენკოსგან 500 ათასი ამერიკული დოლარი მიიღო.
ამერიკის თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა - რომელიც “ამერიკის ხმის” გადაცემას "ნასტოიაშეე ვრემია იტოგი" თბილისიდან გუშინ "სკაიპით" ჩაერთო - განაცხადა, რომ “სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში დესტრუქციულ როლს თამაშობს. ის პოლონეთიდან უკრაინაში სადავო მეთოდით შევიდა. გარდა ამისა, მის გარემოცვაში საეჭვო წარსულის მქონე რამდენიმე ფიგურაა, რომლებიც შესაძლოა წარსულში უსაფრთხოების სამსახურებთან ან შეარაღებულ დანაყოფებთან ყოფილიყვნენ დაკავშირებული.” კარპენტერი ასევე ამბობს, რომ “სააკაშვილი ხმამაღლა საუბრობს ურაინაში არსებულ კორუფციაზე," მაგრამ მიაჩნია, რომ "ის ამ თემაზე სასაუბროდ ყველაზე შესაფერისი ადამიანი არ არის.”
კარპენტერი შექმნილ ვითარებაში ორივე მხარეს ადანაშაულებს და დასძენს, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ვითარებით ისარგებლებს “ბატონი პუტინია. უკრაინის მხრიდან მთავრობამ კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს და ძალისმიერი მეთოდები არ უნდა გამოიყენოს.” კარპენტერს მიაჩნია, რომ დღეს სააკაშვილის გუნდი ანტიკორუფციულ თემაზე იმდენად არ საუბრობს, რამდენადაც ცდილობს “გაბოროტებული ბრბოს შექმნას, რას ძალიან სამწუხაროა.”
განსხვავებული შეხედულება აქვს კატონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს ანდრეი ილარიონოვს. სააკაშვილის დაკავების პირველი მცდელობის შემდეგ “ამერიკის ხმასთან” საუბრისას მან თქვა, რომ “უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მიხეილ სააკაშვილის კერძო ბინაში შეჭრა და მისი დაკავების მცდელობა წარმოუდგენელი მოვლენაა ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნისთვის. ამ ქმედებებს არ აქვს კანონიერი საფუძველი და ეს საჯაროდ იქნა აღიარებული გენერალური პროკურორის ოფისის მიერ. სასაცილოა ის [ბრალდება], რომ სააკაშვილი რუსულ “ეფ-ეს-ბე”-სთან თანამშრომლობს.”
ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკლევარი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, ანდერს ასლუნდი "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობს, რომ განვითარებული მოვლენების მთავარი საფუძველი უკრაინის მთავრობის მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი დამოუკიდებელი მოთამაშეების გაჩუმების მცდელობაა.
“ვფიქრობ რასაც [სააკაშვილი] ამბობს სწორია. ეს პროცესები, რაც არაკანონიერია, ანალიზად არ ღირს. მაშინ როდესაც მთავრობა არ იქცევა კანონიერად, რთულია იმის თქმა, თუ სხვა ვისგან უნდა მოითხოვდნენ კანონიერად მოქცევას," ამბობს ასლუნდი. მისი აზრით, მთავარი საკითხი ის არის, რომ უკრაინის მთავრობა "დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ უწყებებს დარტყმას ყველა მხრიდან აყენებს და ყველაზე მეტად ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ იბრძვის.”