ბოლივიის პრეზიდენტი აშშ-ს საელჩოს დახურვით იმუქრება

უკმაყოფილება მოჰყვა ბოლივიის საპრეზიდენტო თვითმფრინავის ავსტრიის დედაქალაქში მოულოდნელი შეჩერებას
ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი ლა-პასში ამერიკის საელჩოს დახურვით იმუქრება. გუშინ ბოლივიის ქალაქ კოჩაბამბაში არგენტინის, ეკვადორის, სურინამის, ურუგვაისა და ვენესუელის პრეზიდენტები ბოლივიელ ლიდერს შეხვდნენ, რათა თავიანთი მხარდაჭერა დაედასტურებინათ სამშაბათს ბოლივიის საპრეზიდენტო თვითმფრინავის ავსტრიის დედაქალაქში მოულოდნელი შეჩერების გამო. თვითმფრინავის დაშვების მიზეზი ავსტრიის ხელისუფლების ინფორმაცია იყო, რომ მორალესის თვითმფრინავის ბორტზე ედვარდ სნოუდენი იმყოფებოდა.

სამხრეთ ამერიკის ქვეყნების პრეზიდენტებმა საფრანგეთის, იტალიის, პორტუგალიისა და ესპანეთის მთავრობებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს, რადგან მათ საკუთარ საჰაერო სივრცეში ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავის გატარება არ დაუშვეს.

ამასთან, ევო მორალესმა ვაშინგტონი ევროპის სახელმწიფოების ზეწოლაში დაადანაშაულა.