კინოგადამღები ჯგუფის წევრმა, რომელიც გასულ თვეში, ფილმის "ჟანგი" (Rust) გადასაღებ მოედანზე, სიკვდილით დამთავრებულ სროლას შეესწრო, ალეკ ბოლდუინის და ფილმის პროდიუსერების წინააღმდეგ, დაუდევრობის ბრალდებით სამოქალაქო სარჩელი შეიტანა.
ლოს-ანჯელესში შეტანილ სარჩელში სერჯი სვეტნოი, გადასაღები მოედნის მთავარი ელექტრიკოსი, პროდიუსერებს და სხვებს ბრალს სდებს, რომ მათ უსაფრთხოების სტანდარტები არ დანერგეს და გადასაღებ მოედანზე, საბრძოლო ვაზნებიანი რევოლვერის ცოცხალი ადამიანისკენ მიმართვა“ დაუშვეს.
ასევე ნახეთ: ბოლდუინის ორი საბედისწერო გასროლა - ის, რაც ამ დროისთვის ვიცით
ფიქრობენ, რომ სვეტნოის სარჩელი პირველია, რომელიც ბოლდუინის მიერ შემთხვევითი სასიკვდილო გასროლის საკითხზე სასამართლოში შევიდა. ქალაქ სანტა-ფეს ხელისუფლება საქმეს ჯერ კიდევ იძიებს და კრიმინალური ბრალი ამ ეტაპზე არავისთვის წაუყენებიათ.
სვეტნოი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ადამიანს შორის, რომელიც გასროლის დროს გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა. სარჩელში მან აღნიშნა, რომ მკერდში დაჭრილი ჰატჩინსი მის მკლავებში იყო, როდესაც სისხლისგან იცლებოდა და ეს მას „მოსვენებას არასდროს მისცემს“.
სარჩელში ასევე მოხსენიებულია მეიარაღე ჰანა გუტიერესი, რომელსაც იარაღი ებარა და რეჟისორის ასისტენტი დეივ ჰალი, რომელმაც გამომძიებლებს უთხრა, რომ რეპეტიციის დროს იარაღი ბოლდუინს მან გადასცა.