რუსულ ოპოზიციაში რადიკალიზმი განელდა

რუსეთში 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებმა ოპოზიციის გეგმებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. შაბათს გამართულ საპროტესტო აქციაზე ხალხის ძალიან მცირე რაოდენობა მივიდა. ოპოზიციის გეგმების შესახებ დეტალებს „ამერიკის ხმის“ მოსკოველი კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი არკვევდა.

რუსეთის დემოკრატიული მოძრაობა ახალ მიმართულებებს ეძებს, მას შემდეგ რაც ვლადიმირ პუტინი ექვსი წლით და მესამე ვადით გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა მოსკოვში გამართულ დემონსტრაციაზე განაცხადა, რომ ოპოზიციამ სახელმწიფოსთვის პოზიტიური მიზნები უნდა ჩამოაყალიბოს. მისი თქმით, ლოზუნგი „რუსეთი პუტინის გარეშე“ საკმარისი აღარ არის. ამიტომ ოპოზიციამ უნდა ისაუბროს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე, მედიაში აზრთა სხვადასხვაობაზე და ადგილობრივი არჩევნების დამკვიდრებაზე. დემონსტრანტი მიხაილ მაკაროვი ამბობს, რომ საპროტესტო მოძრაობა მთელ რუსეთში უნდა გაიშალოს.

„აუცილებელია რეგიონების ინფორმირება. ხალხმა ბევრი რამე არ იცის. ხალხი უყურებს ტელევიზორს, სადაც მიდის პროპაგანდა. ეს არ არის ახალი ამბები და გადაცემები, არამედ ეს არის პროპაგანდა“ - ამბობს მაკაროვი.

4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე მილიარდერმა ბიზნესმენმა მიხაილ პროხოროვმა მოსკოვის ცენტრალურ ნაწილში ვლადიმირ პუტინზე მეტი ხმა მიიღო. ამ კვირაში მიხაილ პროხოროვი ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის, რომლის ძირითადი ბაზა საშუალო ფენის მოსახლეობა იქნება. ანდრეი ხოროშილოვი ამ პარტიის ერთერთი ორგანიზატორია. მას იმედი აქვს, რომ ამინდის ცვლილება პოლიტიკურ აქტიურობას გაზრდის.

„მალე დათბება. ხალხი ქუჩაში გამოვა და საკუთარ აზრს გამოხატავს,“ - ამბობს ხოროშილოვი.

ანტიპუტინური კოალიცია გარკვეულ რადიკალიზმს კარგავს. შაბათს გამართულ აქციაზე ნაციონალისტების და კომუნისტების დროშების ნაკლებობა შეინიშნებოდა. ნაციონალისტები საკმაოდ გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ მათმა ლიდერებმა დემონსტრატებს ვერ მიმართეს. სერგეი უდალცოვი მემარცხენეთა ფრონტის ლიდერია. მან 7 მაისს პუტინის ინაუგურაციის დღისთვის ქუჩაში გამოსვლისკენ 1 მილიონ ადამიანს მოუწოდა. უდალცოვი დემონსტრაციის შემდეგ დააპატიმრეს და მალევე გამოუშვეს. აღსანიშნავია, რომ ლიბერალების ლიდერებს უდალცოვის გამოსაშვებად თავის არ გამოუდიათ. უკვე აშკარაა, რომ საშუალო ფენის მხარდაჭერით ლიბერალები მომავალ თვეებში რუსეთში უფრო რეფორმებისთვის ემზადებიან, ვიდრე რევოლუციისთვის.