8 წელი აგვისტოს ომიდან

Michael Carpenter

8 წელი აგვისტოს ომიდან. როგორ შეცვალა ხუთდღიანმა ომმა საქართველო და რა გავლენა იქონია მან რეგიონის პოლიტიკაზე?

პატარა ქვეყნის მოკლე ომი, რომელმაც თანამედროვე სამყაროს წყობა შეცვალა - ასე აფასებენ ამერიკელი ექსპერტები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს. ეს პირველი შემთხვევა იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ევროპაში საზღვრები ძალადობრივი მეთოდებით შეიცვალა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე - მაიკლ კარპენტერი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წამოწეულ კონფლიქტებს შორის ერთმანეთს ყველაზე მეტად 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომს და უკრაინის კონფლიქტს ამსგავსებს.

„რუსეთმა საერთაშორისო წესრიგის ყველა პრინციპი დაარღვია, მან დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტი, მისი საზღვრები, გაეროს ქარტიის ფუნდამენტური პრინციპები, 1991 წელს ხელმოწერილი ახალი ევროპის ქარტია, ჰელსინკის აქტი," ამბობს კარპენტერი.

"დასავლეთი სათანადოდ მტკიცე არ იყო, რამაც რუსეთის ქმედებები წაახალისა. მაგრამ მტკიცე იყო საქართველოს სამხედრო პასუხი რუსეთის აგრესიაზე"
მეთიუ ბრაიზა

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის მსგავსი ტენდენციები 2008 წელს გამოავლინა, როცა მან საერთაშორისო სამართალი დაარღვია და დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა: "რუსეთისთვის ეს ერთგვარი ქცევის წესია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წამოწეულ კონფლიქტებს შორის ერთმანეთს ყველაზე მეტად 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი და ყირიმის ანექსია ჰგავს, ის, რასაც დღეს ჰიბრიდულ ომს ვუწოდებთ.“

მეთიუ ბრაიზა კი, რომელიც აგვისტოს ომის დროს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე იყო მიიჩნევს, რომ მაშინ

მეთიუ ბრაიზა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე

ტრანს-ატლანტიკურმა საზოგადოებამ პრეზიდენტ პუტინს მესიჯი გაუგზავნა, რომ მას ეპატიებოდა საქართველოში შეჭრა და რომ მას პასუხის გება არ მოუწევდა. ბრაიზა მიიჩნევს, რომ სწორედ ამ პასუხისმგებლობის ნაკლებობამ პირდაპირ გამოიწვია პუტინის მილიტარისტული შეჭრა უკრაინაში.

„ვფიქრობ დასავლეთის არასათანადო რეაქციასთან ერთად რუსეთის გაძლიერება აგვისტოს ომში საქართველოს სამხედრო პასუხმა გამოიწვია. დასავლეთი სათანადოდ მტკიცე არ იყო, რამაც რუსეთის ქმედებები წაახალისა. მაგრამ მტკიცე იყო საქართველოს სამხედრო პასუხი რუსეთის აგრესიაზე. რუსეთის ჯარმა სერიოზული ზარალი განიცადა, რამაც შემდგომში პუტინს რუსეთის სამხედრო სფეროს უფრო სიღრმისეული და სისტემური რეფორმისკენ, ასევე საბრძოლო შეიარაღების გაზრდისკენ უბიძგა.“

აგვისტოს ომიდან 8 წლის შემდეგ, მეთიუ ბრაიზა მთავარ ცვლილებად ნატოსკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობის შემცირებას მიიჩნევს. მისი თქმით, აგვისტოს ომამდე, არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ იტყოდა, რომ საქართველომ დასავლეთზე მეტად რუსეთთან ურთიერთობაზე უნდა იფიქროს.