ჩაერია თუ არა რუსეთი აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებში: ამერიკელი და რუსი მკვლევარების შეფასებები

ამერიკელი ანალიტიკოსები კვლავ აქტიურად განიხილავენ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხს.

ამ თემაზე ერთობლივი კონფერენცია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის რუსეთის დეპარტამენტმა და კოლუმბიის ჰარიმანის ინსტიტუტმა გამართეს, სადაც რუსმა და ამერიკელმა მკვლევარებმა თავიანთი ხედვა წარმოადგინეს. ნიუ-იორკიდან თეა თუაშვილი გვიამბობს უფრო ვრცლად.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი წლის თავზე, ამერიკელი და რუსი ექსპერტები არჩევნების შედეგების განსაზღვრაში რუსეთის როლზე ისევ აქტიურად საუბრობენ. ტორონტოს უნივერსიტეტის წარმომადგენელმა სევა გუნიტსკმა ამ კავშირის ისტორიული ფესვები განიხილა, რომელიც 90-იან წლებს უკავშირდება. იმ პერიოდში დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ ცნობილი არ იყო, თუმცა არქივმა შემოინახა ფოტოები რუს ბიზნესმენებთან, მათ შორის არას აგალაროვთან, რომლის რწმუნებული ირაკლი კავილაძე 2016 წელს ნიუ-იორკში დონალდ ტრამპ უმცროსს სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

სევა გუნიტსკის განცხადებით, 90-იან წლებში დონალდ ტრამპის ბიზნესი გაკოტრებისგან გარკვეულწილად რუსულმა ფულმა იხსნა. 2017 წლის ზაფხულში ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატის ოჯახის წევრებთან გამართული შეხვედრის კონკრეტული მიზანი კი რუსული ბიზნესის დახმარება, კერძოდ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გამარტივების საკითხი იყო.

გუნტისკის აზრით, ვლადიმერ პუტინს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის სხვადასხვა პოლიტიკური მოტივაცია ჰქონდა - ერთ-ერთი ჰილარი კლინტონის მიმართ საპასუხო ბრძოლის დაწყება იყო.

"პუტინის მოტივაცია ჰილარი კლინტონისთვის სამაგიეროს გადახდა იყო მოსკოვში არჩევნების შემდეგ 2011-2012 წლებში გამართული საპროტესტო აქციებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო. ჩვენ შეიძლება ვიდაოთ კიდევ სხვა, რამდენი მოტივი შეიძლებოდა ჰქონოდა მას არჩევნებში ჩარევისთვის - სანქციების გამარტივებაც, ასევე პოლიტიკური უსაფრთხოების შენარჩუნება. ვფიქრობ, შეცდომაა ითქვას, რომ პუტინი პირადად აკონტროლებს ამ ყველაფერს. ის საუბრობდა პატრიოტ ჰაკერებზე, რომლის თაობაზე ტრამპმაც განაცხადა. ესენი არიან პირადი აგენტები, რომლებიც კრემლის დაკვეთას ასრულებენ, თუმცა ასეთი პირდაპირი კავშირი კრემლთან არ იკვეთება და შესაბამისად, არც ის ჩანს რამდენად იყო დაინტერესებული პუტინი არჩევნებში ჩარევის საკითხში.

კლინტონის მიმართ შურისძიებაზე საუბრობს რუსული ვებ-გვერდის, www.agentura.ru-ს დამფუძნებელი, საგამოძიებო ჟურნალისტი ანდრეი სოლდატოვი, რომელსაც რუსეთის შესაძლო ჰაკერულ შეტევაზე მოხსენება ცოტა ხნის წინ კოლუმბიის უნივერსიტეტში ჰქონდა. სოლდატოვის განცხადებით, რევანში კრემლში უშუალოდ პუტინის კაბინეტში დაიგეგმა.

"პუტინი დიდი შეთქმულების წინაშე აღმოჩნდა - ერთის მხრივ "გოლდენსაქსი" და ჰილარი კლინტონი თავისი ხალხით, მეორეს მხრივ "Panamapapers"- კომპანია რომელიც ოფშორში არსებულ უკონტროლო თანხებს მოიცავდა. ეს, პუტინის პირად ანგარიშებს ურტყამდა. მან საწინააღმდეგო შეტევა დაგეგმა. კრემლში 8-კაციანი შეხვედრა სწორედ პუტინთან შედგა. ამ შეხვედრაზე უშიშროების წარმომადგენლები, უმეტესად ყოფილი "კაგებეს" თანამშრომლები ისხდნენ. სულ რაღაც ორ კვირაში ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაზე უკვე რეალურად დაიწყო ინტერნეტ- შეტევა."

რამდენად იზიარებენ ამერიკის დემოკრატიულ პროცესებში ასეთ ჩარევას თავად ამერიკელი ექსპერტები. "Atlantic Magazine"-ის ჟურნალისტი ჯულია იოფი აცხადებს:

"2016 წლისთვის პუტინს უკვე ნანახი ჰქონდა როგორ დასაჯეს სადამ ჰუსეინი, ასვეე როგორ დასაჯეს მუამარ კადაფი. უკრაინის მოვლენები , ვიქტორ იანუკოვიჩი, რევოლუციები ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში - საქართველოსა და უკრაინაში. ეს გახდა სწორედ 2015 წელს პუტინის სირიაში წასვლის მიზეზი. სწორედ აქ დასრულდა ამერიკის მიერ რეჟიმის შეცვლის პოლიტიკაც.

თუმცა ჯულია იოფი ამბობს იმასაც, რომ რუსეთს არ შეუქმნია დონალდ ტრამპი და არც ის რეალობა, რომელიც ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებობდა, იქნებოდა ეს პოლიციის ქმედება, მოპყრობა აფრო-ამერიკელებთან თუ ტრამპის გახმაურებული დამოკიდებულება ქალების მიმართ, რის შესახებაც კომპრომატები არჩევნებამდე ვრცელდებოდა. ამ მოსაზრებას პოსტ-საბჭოთა საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, პროფესორი ტიმოტი ფრაიც იზიარებს, რომელიც შეხვედრაზე კოლუმბიის უნივერსიტეტიდან იყო მიწვეული.

"მართლა ძალიან რთულია დაარწმუნო ხალხი, ძალიან ძნელია მათ შეაცვლევინო აზროვნება. ბუნებრივია, წინასაარჩევნოდ სოციალურ ქსელებში სპეციალურად შექმნილ გვერდებს ამომრჩევლებიც გაეცნენ. ერთი ასეთი სახელით - " Black lives matter ". ამომრჩეველმა წინასაარჩევნოდ ასეთი და მსგავსი უამრავი გზავნილი მიიღო, რაც შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი და ძლიერი ნარკოტიკია წინასაარჩევნოდ, თუმცა ხალხმა ყველაფერს მაინც გამადიდებელი შუშით შეხედა.