რუსული ხედვა - ერთიანი საქართველოს პერსპექტივისთვის

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი, თბილისი.

არის თუ არა თანაბარზომიერი და საკმარისი ის პასუხი, რაც ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვიდან წამოსულ მორიგ მუქარას გასცა? - ეს საკითხი სიცხარეს ინარჩუნებს. თემა გაიხსნა სტატიით, რომელიც დიმიტრი მედვედევმა, ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამინდელმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ქართულ ოსური კონფლიქტის 15 წლისთავს „მიუძღვნა“.

23 აგვისტოს მედვედევმა ქართველი ხალხის პოლიტიკური განწყობების თაობაზე იმსჯელა და განაცხადა, რომ „ქართველების უმრავლესობა, ნამდვილად, არ უჭერს მხარს რუსოფობიას, რის დანერგვასაც დასავლეთი ცდილობს“. მისივე მოსაზრებით, რადგან რუსეთი ახლოსაა, ამერიკა კი ოკეანის გადაღმა, ქართველები თავს კომფორტულად და მშვიდად გრძნობენ რუსეთთან. მან აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეებს შორის არის უთანხმოება რუსებთან დამოკიდებულების თაობაზე.

მედვედევის წერილში „ომის დაწყების“ თარიღად, ამჯერად, დასახელებულია არა 8 აგვისტო, არამედ 7 და ნათქვამია: „2008 წლის 7 აგვისტოს, 23:35 საათზე საქართველომ ქვემეხებიდან, გრადებიდან და ნაღმტყორცნებიდან ძლიერი ცეცხლი გაუხსნა სამხრეთ ოსეთის მძინარე დედაქალს - ცხინვალს. იყო ცნობები საავადმყოფოებსა და სკოლებზე თავდასხმების შესახებ, ასევე ქალაქის მცხოვრებლების მასობრივი დაღუპვის ცნობები, მათ შორის, ბევრი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეც გახლდათ. ასევე, იყო დანაკარგები რუს სამშვიდობო დანაყოფებს შორის. ეს იყო არა მხოლოდ პროვოკაცია, არამედ ომი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სისხლით, სიკვდილითა და საშინელებით, ურჩი სამხრეთ ოსეთის დაბრუნება მტრულ სახელმწიფოში. სახელმწიფოში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა ოსი ხალხის დაუფარავ და სისტემურ გენოციდს“, - ნათქვამია მედვედევის წერილში.

დაწყებითი სკოლის შენობა ნიქოზში, დაბომბვის შემდეგ. 2008 წლის აგვისტო

მედვედევი სააკაშვილსა და ზელენკის „პოლიტიკურ ცხედრებს“ უწოდებს. ზოგადად, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე სტატიაში, რომელიც მხატვრული ელემენტებითაა გაჯერებული, ძალიან ბევრს საუბრობს - გამუდმებით ხაზს უსვამს, რომ სააკაშვილმა წააგო, რადგან ის ატარებდა დასავლეთის, აშშ-ს ინტერესებს.

გაკვეთილები, რომელიც, მედვედევის თანახმად, დასავლეთმა ვერ ისწავლა, „რუსეთის აუცილებელ გამარჯვებას“ მოიტანს, მათ შორის უკრაინასთან მიმართებით.

დასკვნის სახით მედვედევი ამბობს, რომ „დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ საფრთხეების აღმოფხვრა და მივიღეთ უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად იძაბება. როგორც ჩანს, უკრაინის ფლანგთან ერთად, ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა უნდა შეიქმნას. ისევ მიდის საუბარი ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ გავუმკლავდეთ პრობლემებს მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით. მაგრამ თუ ჩვენთვის საფრთხე რეალურ კონტურს შეიძენს, სწრაფად ვიმოქმედებთ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია. ის შეიძლება განხორციელდეს, თუ ამის კარგი მიზეზები არსებობს“,- ამბობს მედვედევი.

ორი დღის განმავლობაში მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ჟურნალისტებთან მედვედევის ამ განცხადების თაობაზე აკომენტარებს და ცდილობს განმარტოს, რომ საქართველოს ხელისუფლების ყოველი წარმომადგენელი მტკიცე და შეურყეველ პოზიციას ინარჩუნებს ოკუპანტი ქვეყნის მიმართ. „ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არის დუმილი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. აგერ, ამ წუთას ვაკეთებ განცხადებას და ვამბობ, რომ ესაა კატეგორიულად მიუღებელი რამ... ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს აქვს მტკიცე და ურყევი პოზიცია, რომ ჩვენ ვერასდროს შევურიდგებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. მთლიანად, მთელი საქართველოს ხელისუფლების სახელით მინდა გავაკეთო განცხადება და მაქვს, ამის უფლება - კატეგირიულად მიუღებელია განცხადებები, რომლებიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან,“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Your browser doesn’t support HTML5

მიხეილ სარჯველაძის განცხადება 23 აგვისტოს

ცალკეულმა მედიებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს რელიზები, სადაც მედვედევის განცხადების თაობაზე არის გამოხმაურება, თუმცა ანალოგიური ტექსტი არ განთავსებულა არც სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და არც მის სოციალური ქსელის ანგარიშებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, მედიებთან გაგზავნილ ტექსტში ნათქვამია: „2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავზე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის უზრუნველყოფას და ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფას“.

პარლამენტის წევრი სტრატეგია აღმაშენებლიდან, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ „ესაა შანტაჟი რუსეთის მხრიდან და კიდევ ერთი დასტური, რომ კუდის ქიცინისა და ლაქიობის პოლიტიკას რუსეთთან აზრი არ აქვს. რუსეთი აწარმოებს პრაგმატულ, ცივსისხლიან პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით. სისულელეა, რომ რუსეთთან დათმობით რაღაცას მივაღწევთ.“

მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ მედვედევმა პირდაპირ აღიარა, რა იყო 2008 წელს მთავარი მიზანი და ინტერესი. „ეს იყო, არა როგორც ამბობდნენ, მშვიდობის უზრუნველყოფა, არამედ საქართველოს ძირძველი ტერიტორიების რუსეთთან მიერთება. სამწუხაროა, ხელისუფლების რეაქციის ნახვა. საქართველოს არც ერთ მაღალჩინოსანს პასუხი არ დაუბრუნებია მედვედევისთვის. ვნახეთ რაღაც განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროსი, რომელიც საკუთარ საიტზეც კი ვერ ატვირთეს. სამარცხვინოა, რომ შამბა უფრო მეტად „იცავს“ ეგრეთ წოდებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ვიდრე საქართველოს ხელისულება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რატომ? იმიტომ, რომ შამბას მარტიონეტულ რეჟიმს უფრო მეტი სივრცე აქვს თავისუფლების, ვიდრე საქართველოს მარიონეტულ რეჟიმს“,- მიიჩნევს მანჯგალაზე.

Your browser doesn’t support HTML5

პაატა მანჯგალაძე, "სტრატეგია აღმაშენებელი"

მედვედევის წერილის ფეხდაფეხ გაჩნდა განცხადება დე-ფაქტო სამხეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლისგან, სადაც 23 აგვისტოს ტელეხიდი მოსკოვი-ცხინვალიც გაიმართა. მათ რუსეთის ფედერაციის მიერ დე-ფაქტო ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების თარიღი აღნიშნეს. ცხინვალი დიდი ხანია ითხოვს რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებას, თუმცა ამ დრომდე რუსეთისგან დადებითი პასუხი არ ყოფილა.

განსხვავებული ვითარებაა აფხაზეთში. მედვედევის წერილის შემდეგ, სერგეი შამბამ, დე-ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ აფხაზეთი მხარს უჭერს რუსეთთან მოკავშირეობას და მზადაა ურთიერთობის სხვა ფორმების განხილვისთვის, მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების გარეშე. „აფხაზეთი რუსეთთან მჭიდრო ურთიერთოების მომხრეა, თუმცა, ამავდროულად, რესპუბლიკაში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ემხრობიან რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების სურვილს“,- ამბობს შამბა. მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთში, ამ მხირვ, ცხინვალისგან განსხვავებული დამოკიდებულებებია.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას პარლამენტის წევრი, თეონა აქუბარდია, აღნიშნავს, რომ მედვედევის განცხადება არის დასავლეთისადმი მუქარაც. მისი თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ აფხაზეთში მედვედევის ეს განცხადება პროტესტს გამოიწვევდა. თუმცა ისიც ვიცით, რომ ცხინვალს ჩატარებული აქვს ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების თაობაზე.

„რუსეთი განიხილავს საბჭოთა კავშირის აღდგენის გეგმას. ეს ყველასთვის ცნობილია. ის საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას, განიხილავს საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებად. საქართველოს ხელისუფლების კრახია, როდესაც ჩვენ ვხედავთ სუსტ განცხადებებს, მედვედევის საპასუხოდ. მშვიდობით ომის მოგება არის სრული ბუტაფორია. საქართველოსთვის, ერთადერთი, მშვიდობიანი განვითარების გზა გადის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებზე. რუსეთს ესმის მხოლოდ და მხოლოდ ძალის. ის პოლიტიკა, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, აძლიერებს რუსეთის ამბიციებს, რომლის მიხედვით, საქართველოს რუსული გავლენის ქვეშ დაბრუნება იგულისხმება და არამც და არამც საქართველოს ტერიტორიების გაერთიანება. გამთლიანებულ საქართველოს რუსეთი ხედავს, მხოლოდ და მხოლოდ მისი ტერიტორიის ფარგლებში, ისე როგორც ეს დაიწყო და გააგრძელა 1801 წლიდან,“- გვეუბნება თეონა აქუბარდია.

დაბომბვის შემდეგ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ფხვენისში. 2008 წლის აგვისტო

დამოუკიდებელი დეპუტატი, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ბიჭვინთის ანექსიის შემდეგ მას, როგორც დეპუტატს, დასჭირდა შვიდი თვე და რამდენიმე წერილის გაგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე იმისთვის, რომ მიეღო პოლიტიკური პასუხი ერგეთ წოდებული, ბიჭვინთის ხელშეკრულების უკანონობის თაობაზე „არც ერთი განცხადება არ ყოფილა ოფიციალური თბილისის, რომელიც დაგმობდა ბიჭვინთის ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებას, ისევე, როგორც არავის გახსენებია განცხადებით გამოხმაურებოდა სოხუმის აეროპორტის 49 წლით გადაცემას რუსეთისთვის. პარალელურად, ჩვენ ხშირად ვისმენთ ანტიდასავლურ განცადებებსა და პროპაგანდას მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან და პრობლემაც ამაშია,“- გვეუბნება თეონა აქუბარდია.

ლაშა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ მედვედევი, მართალია, მაღალი რანგის ოფიციალურ პირად აღარ მიიჩნევა, მაგრამ მისი განცხადებები, გარკვეულწილად, ახმოვანებს იმ სულისკვეთებას, რასაც რუსეთის პოლიტიკური ელიტა ატარებს დღეს. „ამიტომ მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცადებით შემოფარგვლა, სრულიად არაა საკმარისი. ამას, როგორც მინიმუმ, უნდა მოჰყოლოდა პრემიერის ოფისიდან საკმაოდ მკაცრი გაცხადება და ჩვენი ძალოვანი მინისტრების მხრიდან განცხადებები. საქმე ეხება ოკუპირებული ტერიტორიების ბედს საერთო რუსულ მომავალში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია,“- გვეუბნება ლაშა ძებისაშვილი.

რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის მიერთების იდეას, რუსეთის მხრიდან, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამგვარი პოლიტიკური გაერთიანების გაფორმება არაა მოსალოდნელი. „ეს გადაწყვეტილება რომ იქნას მიღებული, უნდა დასრულდეს უკრაინის საკითხი, რუსეთისთვის მისაღები ფორმით, რომ შემდეგ, მოსკოვს მიეცეს სხვა საკითხებზე გადასვლის საშუალება, ამ ეტაპზე, ამის ალბათობას ვერ ვხედავ. თუ გამოჩნდება რუსეთისთვის სასარგებლო სცენარი, მაგალითად, თუ ომი უკრაინაში გაიყინა, ავტომატურად, დღის წესრიგში გადმოიწევს სხვა, ახლო სამეზობლოს და მათ შორის, ყაზახეთის საკითხი“,- მიიჩნევს ლაშა ძებისაშვილი.

ამ დროისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დე-ფაქტო უკვე ინტეგრგირებულია რუსეთის ფედერაციასთან, როგორც სამხედრო, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. რუსული ხედვით, საქართველოსთვის „ტერიტორიული პრობლემების მოგვარება“ მხოლოდ ერთიანი რუსეთის შემადგენლობაშია შესაძლებელი.