ამერიკის დაზვერვის სამსახურების თქმით, რუსეთის გასულ წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის წარმატებული ჩარევის შემდეგ კრემლი ამერიკის კონგრესის შუალედურ არჩევნებზე გეგმავს გავლენის მოხდენას.
სენატის დაზვერვის კომიტეტში ეროვნული დაზვერვის ხელმღვანელმა დენ ქოუთსმა განაცხადა, რომ ამერიკა რუსეთის მხრიდან კიბერ-თავდასხმის ქვეშ იმყოფება, რომლის მიზანიც დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაა.
„ჩვენ უნდა ვაცნობოთ ამერიკელ ხალხს, რომ ეს რეალობაა . ჩვენ უნდა ვიდგეთ მტკიცედ და ვთქვათ, რომ არ დავუშვებთ ვინმე რუსმა გვითხრას, როგორ მივცეთ ხმა, როგორ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა. ვფიქრობ ეს უნდა იყოს ეროვნული მოწოდება“, თქვა ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა დენ ქოუთსმა.
დემოკრატების ნაწილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ის არ აღიარებს 2016 წელს არჩევნებში რუსეთის ჩარევას და მომავალში მსგავსი მცდელობების აღკვეთის მიზნით არ ცდილობს სტრატეგიის შემუშავებას.
„მიუხედავად ამ ყველაფრისა, პრეზიდენტი განაგრძობს იმ საფრთხის უარყოფას რომელსაც რუსეთი წარმოადგენს. მან არ გაზარდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, როცა ეს შეეძლო. მას რუსეთის მიმართ რაიმე უკმაყოფილება "ტვიტერზეც" კი არ გამოუხატავს. საფრთხე, ჩემი აზრით, მთელი მთავრობის პასუხს საჭიროებს და ეს პასუხი ქვეყნის ხელმძღვანელობის მხრიდან უნდა წამოვიდეს“, ამბობს მარკ ვორნერი ამერიკის სენატორი.
ვორნერს არ ეთანხმება დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელი მაიკ პომპეო. მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთისადმი მტკიცეა.
„ადმინისტრაციამ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთის შეკავებას ცდილობს სირიაშიც... [ასევე] ვენესუელაზე დაწესებული სანქციები რუსეთის ინტერესებთან კონფლიქტში მოდიოდა. იმ ქვეყნების და სფეროების სია, სადაც რუსებს ამ ადმინისტრაციის ქმედებები დისკომფორტს უქმნის, გრძელია“, აცხადებს მაიკ პომპეო, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი.
ამერიკის კონგრესის და შტატის დონის არჩევნები ნოემბერში გაიმართება. ორივე პარტიის კანონმდებლები ფედერალურ, შტატის და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებენ სწრაფად იმოქმედონ არჩევნების კიბერ-შეტევების და დეზინფორმაციის კამპანიებისგან დასაცავად.