ბაიდენის საარჩევნო კამპანია კრემლთან დაკავშირებული ჰაკერების სავარაუდო სამიზნე გახდა

სამ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო "როიტერი" წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტობის დემოკარატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიაზე მომუშავე ფირმა, რუსი ჰაკერების სამიზნე გახდა.

ასევე ნახეთ: ამერიკელთა წინასაარჩევნო განწყობები და რუსული გავლენის საფრთხე

"როიტერის" ინფორმაციით, საკონსტულტაციო ფირმა, კრემლთან დაკავშირებული ჰაკერების აქტივობის შესახებ, "მაიკროსოფტმა" გააფრთხილა. წყაროს ინფორმაციით, რუსი ჰაკერების თავდასხმის სამიზნე, ვაშინგტონში ბაზირებული კომპანიის თანამშრომლები გახდნენ.

სტრატეგიული დაგეგმვისა და კომუნიკაციების კომპანია SKDKnickerbocker მუშაობს დემოკრატიულ პარტიაზე. ბოლო ორი თვის განმავლობაში, ის ჯო ბაიდენთან თანამშრომლობს და მის წინასაარჩევნო კამპანიაზე მუშაობს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ჰაკერებმა კომპანიიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება ვერ შეძლეს. კამპანიისა და ბაიდენის წარმომადგენლები, მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ასევე ნახეთ: კრემლის გავლენა და საქართველო საერთაშორისო კონტექსტში - „თავისუფალი რუსეთის“ ანგარიში

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი მომხდართან რუსეთის რაიმე სახით კავშირს უარყოფს. მოსკოვმა აქამდეც არაერთხელ უარყო, სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევის მიზნით, ჰაკერების გამოყენება.

SKDK-ზე რუსი ჰაკერების თავდასხმის მცდელობამდე, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები უკვე ვარაუდობდნენ, რომ 2020 წლის 3 ნოემბერს დანიშნულ საყოველთაო არჩევნებზე, უცხო სახელმწიფოების მთავრობების მხრიდან, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობებს ექნება ადგილი. მათ შორის, სახელდებოდა რუსეთი, ჩინეთი და ირანი.