სამყაროში, რომელშიც ჯერ კიდევ არ არსებობდა ინტერნეტი, ჯაშუშებს გაცილებით უფრო უჭირდათ დასავლურ პოლიტიკურ წრეებში ინფილტრაცია, ინფორმაციის შეგროვება, იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვისზეც პოტენციურად გავლენის მოხდენა იყო შესაძლებელი, მომხრეების მობილიზება, თუ სხვა ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელება ან სულაც უცხოურ არჩევნებში ჩარევა.
ამერიკისა და ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების ყოფილი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახლა კონტაქტების გასაზრდელად ჯაშუშებს „ფეისბუქი“ , „ლინქდინი“, „ტვიტერი“ და არაერთი სხვა ციფრული საშუალება შეუძლიათ გამოიყენონ, იქნება ეს სოციალური ქსელი თუ სხვა.
ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში 29 წლის მარია ბუტინა დააკავეს. გამოძიების ფედერალური ბიურო მას რუსეთის ჯაშუშობაში სდებს ბრალს, თუმცა ბუტინა ბრალდებას უარყოფს. ამერიკის დაზვერვის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ მისი საქმე არაჩვეულებრივი საილუსტრაციო მაგალითი და "გაკვეთილია" მომავალი თაობებისთვის იმის დასანახად, თუ რა შეიძლება ხდებოდეს სოციალური მედიის პლატფორმების მეშვეობით.
დროსთან ერთად ჯაშუშებისთვის საჭირო უნარები და მეთოდებიც ითვლება. თუკი ადრე უცხო ქვეყნის აგენტებს საელჩოებში გამართულ მიღებებზე, შეხვედრებზე, გამოფენა-გაყიდვებზე თუ სხვადასხვა პოლიტიკურ ღონისძიებებზე უხდებოდათ სასურველი დისკუსიების წარმართვა ან ადამიანების შეხედულებებსა და ქმედებებზე გავლენის მოხდენა, ახლა მათ ფიზიკურ მეთოდებს შეუძლიათ ვირტუალურიც შეუთავსონ. ბრალდების მხარის პოზიციით, სწორედ ასე მოქმედებდა რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მარია ბუტინა.
29 წლის ბუტინას გასულ კვირას კრემლის აგენტობის ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს. იუსტიციის დეპარტამენტის პოზიციით, მას მუდმივი კავშირი ჰქონდა რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან. მას ბრალი ედება რუსეთის ხელისუფლების დავალებით კონსპირაციული ოპერაციების წარმოებაში და უცხო ქვეყნის აგენტად ფარულად მოქმედებაში. მისთვის ოფიციალურად „ჯაშუშობის“ ბრალდება არ წაუყენებიათ, რადგან მისი როლი და ფუნქცია არ იყო კონკრეტულად სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შეტყობა და მესამე მხარისთვის გადაცემა. მას კავშირები უნდა დაემყარებინა ამერიკის პოლიტიკურ წრეებში იმისთვის, რომ ეს კავშირები რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზნების შესაბამისად გამოეყენებინა, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებში დაყოფა-დაპირისპირების გასაზრდელად.
ფედერალური გამოძიება ბუტინას ამერიკის ორ მოქალაქესთან (ბუტინა ერთ მათგანთან ერთად ცხოვრობდა) და რუსეთის ერთ მაღალცინოსანთან ერთად კონსპირაციულ ქმედებაში სდებს ბრალს. ბრალდების თანახმად, ისინი ცდილობდნენ დაახლოებოდნენ „შაშხანათა ეროვნულ ასოციაციას“ და იარაღის ქონის უფლების მომხრე და სხვა კონსერვატულ ჯგუფებს. ჯგუფებს, რომლებსაც შესაძლოა პრეზიდენტ ტრამპის პოზიციებზე გარკვეული გავლენა ჰქონდეთ.
პროკურატურამ სასამართლომდე მისი პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ის დასახელდა, რომ იარაღის უფლების მომხრე რუსი აქტივისტები ინფორმაციას რუსეთის "უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს" აგენტებად ცნობილ პირებს აწვდიდნენ. გარდა ამისა "გამოძიების ფედერალური ბიურო" ამტკიცებს, რომ ბუტინა "პრივატულ" სადილზე შეხვდა იმ ერთ-ერთ რუს დიპლომატს, რომელიც ამერიკის მთავრობამ წელს, მარტში გააძევა ქვეყნიდან იმ ეჭვის საფუძველზე, რომ ის რუსეთის დაზვერვის ოფიცერი იყო. ამერიკამ ათობით რუსი დიპლომატის და დაზვერვასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირების ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება, სხვა ევროპული სახელმწიფოების მსგავსად მას შემდეგ მიიღო, რაც ბრიტანეთში რუსეთის ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ნერვული აგენტით მოწამლეს.
პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული დოკუმენტების მიხედვით ბოლომდე ნათელი არ არის იყო თუ არა ბუტინას ქმედებები პირდაპირ ე.წ. "ფსბ"-ის მიერ მართული. არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა "ფსბ" ამ საქმიანობა/ოპერაციაში მოგვიანებით ჩაერთო და სინამდვილეში პროცესებს ალექსანდრ ტორშინი - რუსეთის ეროვნული ბანკის დირექტორის მოადგილე - მართავდა იმ მიზნით, რომ კრემლისთვის თავი მოეწონებინდა და კიდევ უფრო დაახლოებოდა მმართველ ჯგუფს.
ბრიტანული დაზვერვის ყოფილი წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთი ხშირად იყენებს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურების თითქოსდა ყოფილ წევრებს იმისთვის, რომ მათ უცხო ქვეყნებში იმუშაონ ისე, რომ ოფიციალურად აღარ უკავშირდებოდნენ კრემლს.
ბრალდების კიდევ ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ბუტინა კავშირების დასამყარებლად სექსუალურ კონტაქტსაც იყენებდა. პროკურატურის ცნობით, ის ამ მეთოდს "მისი საქმიანობის ერთ-ერთ აუცილებელ ასპექტად" განიხილავდა. არსებული ინფორმაციით, ის ცხოვრობდა მასზე ასაკით ორჯერ უფროს რესპუბლიკელ პოლიტიკურ ლობისტთან. ამერიკული მედიის ცნობით, ეს ლობისტი პოლ ერიქსონია.
ბუტინა თავს უდანაშაულოდ ცნობს. მისი ადვოკატი რობერტ დრისქოლი ამობს, რომ ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული. "სი-ენ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში ის მტკიცედ უარყოფს, რომ ბუტინა ჯაშუშია და ამბობს, რომ ბევრი რამ "კონტექსტის" ბრალია.
მარია ბუტინა ამერიკაში 2014 წელს სტუდენტური ვიზით ჩამოვიდა. ის რუსეთში იარაღის ქონის უფლების მომხრე ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. გამოძიების მტკიცებით, ეს იყო "კარგად გათვლილი, მოთმინებით სავსე" გეგმა, რომელიც ტორშინმა შეიმუშავა იმისთვის, რომ ბუტინას ამერიკაში იარარის ყველაზე დიდ და გავლენიან ლობისტურ ორგანიზაციაში "შაშხანათა ეროვნულ ასოციაციაში" და სხვა კონსერვატულ ჯგუფებში შეეღწია.
ტორშინის მიერ ბუტინასთვის მიწერილ ერთ-ერთ წერილში, რომელიც სასამართლოში გასაჯაროვდა, ბანკირი მარიას საქმიანობას აქებს და მას ანა ჩაპმანს ადარებს. ჩაპმანი 2010 წელს დააპატიმრეს და მალევე პატიმართა გაცვლის ფარგლებში რუსეთში გაამგზავრეს. ტორშინი მარიას სწერს, რომ მან "ჩაპმანზე მეტი" გააკეთა.
ამერიკის დაზვერვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი ყურადღება ბუტინას როგორც ფიზიკურმა, ისე ონლაინ-აქტიურობამ მიიპყრო. იმდენად, რომ ამ წლის დასაწყისში მას სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე მოუხდა წარდგომა, სადაც CNN-ის ინფორმაციით, თქვა, რომ იარაღის მხარდამჭერ საქმიანობას რუსი მილიარდერი კონსტანტინ ნიკოლაევი აფინანსებდა. ნიკოლაევი ასევე კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქია.