საქართველოში შემოჭრის შემდეგ, რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიას ჩაეჭიდა და შეიარაღებულ ბანდფორმირებებს დაპყრობილ ტერიტორიებზე თარეშის ნება მისცა. ამ ყველაფრის შედეგად, ათობით ათასი ეთნიკური ქართველი სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან თბილისსა და სხვა ქალაქებში გაიქცა.
საქართველოში ამ დროისთვის 273 411 დევნილია დარეგისტრირებული
ათი წლის შემდეგაც, ბევრი მათგანი საკუთარ სამშობლოში დევნილად რჩება. ამ ხალხის გასაჭირი დღემდე გრძელდება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მხარეები გამოსავალზე ვერც კი მსჯელობენ. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთმა ამ საკითხის განმხილველი სამუშაო ჯგუფი დატოვა.“– ნათქვამია აშშ საელჩოს დღევანდელ განცხადებაში.
საქართველოში ამ დროისთვის 273 411 დევნილია დარეგისტრირებული. ყველა მათგანი დევნილთათვის განკუთვნილი შემწეობით სარგებლობს. სახელმწიფოს მიერ გაწერილი სამოქმედო გეგმის თანახმად, გათვალისწინებულია დევნილების საცხოვრებლით სრულად დაკმაყოფილება. პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება.
საკუთარი საცხოვრებელი საქართველოში მაცხოვრებელ ყველა დევნილ ოჯახს ჯერ არ აქვს. დევნილად ქცევის მიზეზი რუსული აგრესიაა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ გრძელდება.
რუსები რომ არ იყვნენ, ყველაფერი კარგად იქნებოდა. მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა პირველი ომის მერეცსტეფანე მესტროფაშვილი
ამ ქმედების პარალელურად, რასაც, პირობითად, "მუშტის პოლიტიკა" შეიძლება დავარქვათ, "თაფლაკვერის" პოლიტიკაც მუშაობს. რუსული რბილი ძალის ქმედებებს დღეს საქართველოში უკვე შედეგი აქვს. ეს შედეგი დევნილებთან გასაუბრების შემდეგ უფრო თვალშისაცემია. რუსული ბომბებისა და აგრესიული პოლიტიკის შედეგად, საკუთარი სახლებისა და მიწა–წყლის გარეშე დარჩენილი ადამიანების არც თუ ისე უმნიშვნელო ნაწილი დღეს გეტყვით, რომ ერთადერთი ხსნა რუსეთთან დამეგობრებაა.
ასე ფიქრობს მაგალითად ქურთადან დევნილი ნელი გამხიტაშვილი: „ჩემი აზრით, ჩემი განწყობით, თუ რუსეთთან არ ვიქნებით ისევ კარგად, ისევ მეზობლურად, როგორც ვიყავით, არაფერი გვეშველება. ძალიანაც კარგად ვიყავით, რაში გვჭირდებოდა ჩვენ გამოყოფა და დამოუკიდებლობა ამ პატარა საქართველოს. როგორ უნდა შევინახოთ თავი?", ამბობს ნელი და იხსენებს, რომ თავიდანვე დამოუკიდებლობის წინააღმდეგი იყო.
"როგორც კი ეს ამბავი გავიგე. მაშინვე ვიფიქრე, დამოუკიდებელმა საქართველომ როგორ უნდა იცხოვროს–მეთქი. მეზობელი რომ ძლიერი გყავს, გული გაქვს. ჩვენ დასახლებაშიც ასეა. თუ ძლიერი მეზობელი გყავს, კარგია. რუსეთი არ გაგვიშვებს, ნატოში ჩვენ ვერ შევალთ. რუსეთი არ დაგვთმობს".
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტეფანე მესროფაშვილი განსხვავებულად ფიქრობს. ის ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს და ყოველდღიურად აკვირდება ადამიანთა გატაცების პროცესს. მიიჩნევს, რომ ქართველებსა და ოსებს გასაყოფი არაფერი აქვთ და რომ არა რუსეთი, მშვიდობასა და კეთილმეზობლურ თანაცხოვრებას ალტერნატივა არ ექნებოდა:
„რუსები რომ არ იყვნენ, ყველაფერი კარგად იქნებოდა. მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა პირველი ომის მერეც. შევდიოდით ჩვეულებრივად, გამოვდიოდით. ვაჭრობა გვქონდა, მივდიოდით, მოვდიოდით, ურთიერთობა გვქონდა. ახლაც დიდი სურვილი იქნება, ამის ნება რომ გვქონდეს. ამას წინათ იქით მხარეს ცეცხლი წაეკიდა, საზღვართან ახლოს. მათაც გამოგზავნეს სახანძრო მანქანა, ჩვენგანაც წავიდა და გვერდი–გვერდ მუშაობდნენ ორ მეტრში, ასე აქრობდნენ ცეცხლს. მეც იქ ვიყავი, ვესწრებოდი ამ ამბავს.“
"ამერიკის ხმასთან" ცხინვალიდან დევნილი, ყოფილი დეპუტატი შიდა ქართლიდან სოსო ვახტანგაშვილი საუბრობს. ის მიიჩნევს, რომ რუსული რბილი ძალა საბჭოური სენტიმენტებით იკვებება და ასე ცდილობს ადამიანების ცნობიერებაზე გავლენის მოხდენას:
„ყველა ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, არის მისი მხრიდან ან ღია აგრესიის, ან შეფარული აგრესიის მსხვერპლი, რადგან რუსეთი თავის იმპერიულ ზრახვებს არ ივიწყებს და ცდილობს გავლენის სფეროები შეინარჩუნოს", ამბობს ვახტანგაშვილი.
რუსული რბილი ძალა იმ ადამიანებზე უფრო მეტად ახდენს გავლენას, ვისაც საბჭოთა პერიოდში უცხოვრიასოსო ვახტანგაშვილი
მისი თქმით, რუსული რბილი ძალის გამტარი საქართველოში არა მხოლოდ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ პოლიტიკური პარტიაცაა, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთთან დიალოგი შედეგის მომტანი იქნება.
"რუსეთთან დიალოგი, რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ იმედის დამყარება შედეგზე, მიამიტობაა. მნიშვნელობა არ აქვს ამას არასამთავრობო ორგანიზაცია იტყვის, თუ პარტიული. რუსული რბილი ძალა იმ ადამიანებზე უფრო მეტად ახდენს გავლენას, ვისაც საბჭოთა პერიოდში უცხოვრია. ახალგაზრდები გაცილებით ჯანსაღად აზროვნებენ", დასძენს ის.
ცხინვალის დე–ფაქტო ადმინისტრაცია დღეს ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ივლისის თვეში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მათ 70 ადამიანი დააკავეს, რაც სამით ნაკლებია ივნისის თვის დაკავებულთა რაოდენობაზე. მოქალაქეები, ყველაზე ხშირად იმის გამო კვეთენ დე–ფაქტო საზღვარს, რომ ოკუპაციის ხაზს მიღმა დარჩენილი მშობლიური სახლი ენატრებათ.