"უკრაინულმა დრონმა რუსეთის ბრიანსკის რეგიონში ერთ-ერთი სამხედრო რადარი გაანადგურა", - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით "რადიო თავისუფლება" წერს.
ამავე ცნობებით, "ნებო SVU" სარადარო კომპლექსი ცას უკრაინის ტერიტორიის თავზეც, 700 კილომეტრის რადიუსით აკონტროლებდა და რუსულ ჯარს თავდასხმების უკეთ დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა.
"რადარები, რომელთა ღირებულებაც 100 მილიონ დოლარამდეა, 7 კამიკაძე დრონის სამიზნე გახდა", - ეუბნება "რადიო თავისუფლებას" კონფიდენციალური წყარო, რომელიც ადასტუებს, რომ "ნებო-SVU" სარადარო სისტემა აღარ ფუნქციონირებს.
იგივე წყარო არ ადასტურებს კონკრეტულად როდის მოხდა ეს თავდასხმა, დამოუკიდებლად ამ ინფორმაციის გადამოწმებაც ჟურნალისტებს არ შეუძლიათ. რუსეთს კი უკრაინის მხრიდან ბრიანსკის რეგიონზე ბოლო პერიოდში განხორციელებული რაიმე იერიშის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ასევე ნახეთ: რატომ ცდილობს რუსეთი ჩასივ იარის ხელში ჩაგდებას?16 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ მისმა ძალებმა "მოიგერიეს უკრაინის მხრიდან დრონებით განხორციელებული იერიში"
და ისინი ბელგოროდის რეგიონში ჩამოაგდეს.
კიევი აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენება უკვე გართულებულია, რადგან ამის საშუალებას ამუნიციის ნაკლებობა არ იძლევა. პარალელურად, უკრაინა აძლიერებს რუსეთის სიღრმეში საჰაერო და საზღვაო დრონებით იერიშებს. 9 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ ვორონეჟის რეგიონში საავიაციო საწვრთნელ ცენტრს დაარტყა.