რუსეთმა სირიის მიმართ მიდგომა შეცვალა

ექსპერტებს ეეჭვებათ, რომ რუსეთი ასადის რეჟიმის მიმართ ქიმიური იარაღის განადგურებაზე ზეწოლას გააგრძელებს

Your browser doesn’t support HTML5

სირია


სირია, რომელიც შეერთებული შტატების და რუსეთის ძლიერ ზეწოლას დაემორჩილა, საკუთარი ქიმიური იარაღის მარაგების ინვენტარიზაციის მოსამზადებელი პროცესს ჰააგის საერთაშორისო ინსპექტორების დახმარებით შეუდგა. მოსკოვიდან ჯეიმს ბრუკი სირიის კრიზისში რუსეთის როლის შეცვლაზე და სირიის კონფლიქტის მოგვარების საკითხში საერთაშორისო შუამავლის საკვანძო მნიშვნელობაზე საუბრობს.



ოთხი წლის განმავლობაში რუსეთი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს სრულ სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას უცხადებდა.
თუმცა, ახლა სწორედ რუსეთი ახდენს ზეწოლას მის მოკავშირეზე, რომ ქიმიური იარაღის წარმოება შეწყვიტოს. ანალიტიკოსებს აინტერესებთ, თუ რა მიზანს ემსახურება კრემლის პოზიციის ასეთი ცვლილება.
ამ თემაზე ფინეთის ყოფილი ელჩი რუსეთში რენე ნიუბერგი საუბრობს.


რენე ნიურბერგი: რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი გადამწყვეტია. ფაქტობრივად, ასადი იძულებული ხდება რომ თავისი პოზიციები დათმოს, ანუ იგივე ქიმიური იარაღი, რითაც მანიპულირებდა. სწორედ ეს არის ახლა მთავარი ნაბიჯი.


რუსეთი, შეერთებული შტატები და უკრაინა საკუთარი ექსპერტებით და საჭირო ტექნიკური საშუალებებით უსასყიდლოდ ეხმარებიან სირიას იმისათვის, რომ 2014 წლის დასაწყისისთვის იქ არსებული ქიმიური იარაღი მთლიანად განადგურებული იყოს. როგორც პრეზიდენტმა ასადმა ამ კვირაში „ფოქს-ნიუსს“ განუცხადა, მათი განადგურების პროექტი 1 მილიარდი დოლარი დაჯდება.


ქიმიური იარაღის განადგურება ის საკითხია, რაშიც რუსეთი, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, შეერთებული შტატების პოზიციას ემხრობა.


რენე ნიუბერგი: რუსეთს ქიმიური იარაღის განადგურების სათანადო შესაძლებლობა და გამოცდილება გააჩნია. აქედან გამომდინარე მათი დახმარება ამ საკითხში მართლა მნიშვნელოვანი იქნება.


თუმცა არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გააგრძელებს კრემლი ასადის რეჟიმზე ზეწოლას რომ ქიმიური იარაღი მართლაც გაანადგუროს. მთელი კვირის განმავლობაში რუსეთის მაღალჩინოსნები დასავლეთის მტკიცების გაბათილებას ცდილობენ, იმასთან დაკავშირებით, რომ ზარინის მომწამლავი აირი დამასკოს სიახლოვეს, აგვისტოს თვეში სწორედ ასადის სამხედროებმა გამოცადეს. ამ თემაზე რუსი ჟურნალისტი კონსტანტინე ვონ ეგერტი საუბრობს.


კონსტანტინე ვონ ეგერტი: აქ არ არსებობს გარანტია, რაც თავად პუტინმაც განაცხადა, რომ ასადი ყველა იმ შეთანხმებას შეასრულებს რასაც, შეიძლება ხელიც კი მოაწეროს. ეს დიდი თამაშია, და თუკი დღეს ყურადღების ცენტრში არის პუტინი და პოლიტიკური როკ-ვარსკვლავის იმიჯს ირგებს, რუსული პოლიტიკის მიმართ ასეთი დატკბობა მომავალში შეიძლება აღარც იყოს, თუკი ქიმიური იარაღის განადგურების პროექტი ჩაიშლება.


განიარაღების შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი შეერთებული შტატებთან ერთად რუსეთმაც მოაწერა, რუსეთი სირიის ქიმიური იარაღის განადგურების პროცესის მხარეს წარმოადგენს. ანალიტიკოსები ახლა იმაზე მსჯელობენ, თუ რა იქნება კრემლის შემდეგი ნაბიჯი: დაიწყებენ თუ არა ისინი პრეზიდენტ ასადის დარწმუნებას იმაში, რომ სირიის სამოქალაქო ომის საკითხი პოლიტიკური მოწესრიგების გზით მოგვარდეს.
პარასკევს, გაზეთმა „გარდიანმა“ გამოაქვეყნა მასალა, სადაც სირიის ვიცე-პრემიერის ქადრი ჯამილის განცხადება ბევრმა ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებად აღიქვა. თუმცა, რამდენიმე საათში მისმა პარტიამ ეს განცხადება უარყო.


რუსეთი და შეერთებული შტატები სირიას ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვისკენ მოუწოდებენ. ობამას ადმინისტრაციამ ამ დრომდე ვერ შეძლო სირიელი მეამბოხეების დაყოლიება, რომ მოლაპარაკების მაგიდას მისხდომოდნენ.


ვონ ეგერტს ეჭვი ეპარება იმაში, შეუძლია თუ არა რუსეთს საკმარისი ზეწოლა მოახდინოს ასადზე, რათა მომავალი წლის მაისში საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე თანამდებობიდან წავიდეს.


ვონ ეგერტი: ასადის დარწმუნება საკითხის პოლიტიკურ მოგვარებასთან დაკავშირებით პუტინის განზრახვებში არ შედის. ისევე, როგორც ობამას ინტერესში საუდის არაბეთის და ყატარის მხრიდან ზეწოლა სირიაზე, რომ სირიელ მეამბოხეებზე შესაბამისი გავლენა მოახდინონ.


თუმცა არც რუსეთის სურვილია, რომ მისი ქვეყნის სამხრეთით საზღვრების სიახლოვეს შეუმდგარი სახელმწიფო იყოს.
პარასკევს, რუსეთის დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ სირიაში მეამბოხეების მხარეს, რუსეთიდან 400-მდე ჯიჰადის მიმდევარი იბრძვის. მათი უმრავლესობა კავკასიელია, ძირითადად ისლამისტები, რომელთა დამარცხებას დიდი ხანია ცდილობენ, თუმცა ვერ შეძლეს.


რენე ნიუბერგი: რუსეთის ლოგიკა ის უნდა იყოს, რომ მათ არ აწყობთ, მათ მეზობლად არსებობდეს სახელმწიფო სადაც არეულობაა. სირია კავკასიასთან საკმაოდ ახლო მდებარეობს, და იქ მიმდინარე პროცესები კავკასიის რეგიონზე აუცილებლად აისახება.


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხუთშაბათს განაცხადა, ის ასი პროცენტით მაინც არ არის დარწმუნებულირომ ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული გადაწყვეტილება წარმატებით დასრულდება, თუმცა ისიც დაამატა, რომ ის ხედავს იმის მიზეზს რომ ამის იმედი ჰქონდეს.