მედვედევის მტკიცებით, წელს რუსეთის ჯარში კონტრაქტით სამსახური 280 000-მა მოქალაქემ დაიწყო

Russia Putin

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, ახლა კი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ 2023 წელს სამხედრო სამსახურის შესახებ კონტრაქტს 280 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ვიზიტისას, მედვედევი ადგილობრივ ოფიციალურ პირებს შეხვდა. "თავდაცვის სამინისტროს ცნობებით, 1-ლი იანვრიდან დღემდე საკონტრაქტო ხელშეკრულებით დაახლოებით 280 000 ადამიანი ჩაირიცხა შეიარაღებულ ძალებში", - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასი" იუწყება.

გასულ წელს რუსეთმა განაცხადა, რომ ის საბრძოლო პერსონალის რაოდენობის 30 %-ით გარდას გეგმავდა - 1.5 მილიონამდე. ეს ამბიციური გეგმა კიდევ უფრო ძნელად შესასრულებლად გამოიყურება მაშინ, როდესაც უკრაინაში საომარ მოქმედებებში სავარაუდოდ ბევრი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. მოსკოვი მათ რიცხვს არ ასაჯაროებს.

ზოგიერთი რუსი კანონმდებელი ამბობს, რომ რუსეთს 7-მილიონიანი ჯარი სჭირდება იმისთვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოს. ეს კი დიდ საბიუჯეტო ცვლილებებს მოითხოვს.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, გასული წლის სექტემბერში "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოცხადდა და 300 000 რეზერვისტის მობილიზება გახდა შესაძლებელი. ამის გამო, ათასობით მამაკაცმა რუსეთი დატოვა, რათა სამხედრო ვალდებულება არ შეესრულებინა, თუმცა პრეზიდენტი პუტინი ამბობდა, რომ სრული მობილიზაციის აუცილებლობა არ არსებობს.