2008 წლის ომიდან დღემდე - ოფიციალური მონაცემები

რუსული ოკუპაციის შედეგები

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას, საქართველოს 412 მოქალაქე დაიღუპა, 1747 კი დაიჭრა. ომის მონაცემები ციფრებში ასე გამოიყურება, -

  • დაღუპულია - თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი.
  • საომარი მოქმედებების გაშუქებისას, დაიღუპა სამი ჟურნალისტი, ექვსი დაიჭრა.
  • დაიჭრა - 1747 ადამიანი. მათ შორის: 973 სამხედრო მოსამსახურე, 227 პოლიციელი და 547 მშვიდობიანი მოქალაქე.
  • მონაცემები დევნილთა შესახებ - ომის მიმდინარეობისას, 130 000 ადამიანს იძულებით მოუწია საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. მათგან, 25 000 დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია. ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, ჯამში, ნახევარ მილიონს აღწევს.
  • კონფლიქტის ზონაში, სრულიად განადგურდა, დაიწვა და დაინგრა 35 000 სახლი.
  • ომის შემდგომი მონაცემებით, აგვისტოს ომის შედეგად ცხინვალის რეგიონში 125 სოფლის ოკუპაცია განხორციელდა.

ომის შემდგომ პერიოდში, წლების განმავლობაში, საოკუპაციო რეჟიმი კვლავ აწარმოებს ეთნიკური ნიშნით დევნას. შედეგად ნაწამები და მოკლული ადამიანების რიცხვი იზრდება.

„საგანგაშოა ეთნიკურ ნიადაგზე წამებისა და მკვლელობის შემთხვევები, რასაც ადასტურებს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. აღნიშნულ საქმეებზე დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებამ შესაძლებელი გახადა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება უკანონო ტყვეობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე.

განსაკუთრებულ წუხილს იწვევს ის ფაქტი, რომ ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი კვლავაც მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობას.“ - ნათქვამია ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომის 11 წლის თავზე, რუსეთი კვლავ არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. საგარეო უწყება, რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ნაკისრი ვალდებულებები.

„რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.


ამასთან, დგამს ნაბიჯებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით, პარალელურად, კი ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან. ამ მიზნით, რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აგრძელებს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვას, ე.წ გადასასვლელი პუნქტების დახურვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების პრაქტიკას, რითაც უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და გაუსაძლისს ხდის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

შეშფოთებას იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და ღირსების შელახვა, ეთნიკური იდენტობის შეცვლის იძულების გზით.“ - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლისა და მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს.