ოკუპაცია საქართველოში განგრძობითი პროცესია, ის არ დასრულებულა, ამიტომაც ორგანიზაცია "საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ დაგვიანებული არ იქნებოდა, თუ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში კიდევ 11 მოქალაქის სახელით შეიტანდნენ სარჩელს. ზოგადად, სტრასბურგს მიმართვისთვის ვადა შეზღუდული აქვს და ის 6 თვეს მოიცავს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ყოველდღიურად განაგრძობს ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესს, გამჭვირვალობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამჟამინდელი მიმართვა არ დაბრკოლდება.
"ამერიკის ხმასთან" ამ თემაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელმა თეო ზაქარაშვილმა ისაუბრა: „პროცესი, რაც უკავშირდება ამ ტერიტორიების წაღებას, მიტაცებას, არ დასრულებულა, არ შეწყვეტილა. დარღვევა, რაც 2008 წლის აგვისტოში დაიწყო, არ შეჩერებულა, შესაბამისად, ვადის ათვლის თარიღის დასაწყებადაც ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე მიგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ ეს დაბკოლებად არ იქცევა“.
გამჭვირვალობის სარჩელი იმითაცაა განსაკუთრებული, რომ ის არა საქართველოს, არამედ რუსეთის წინააღმდეგაა შეტანილი ერთი უნიკალური შემთხვევის წყალობით. სტრასბურგის მოთხოვნაა, მანამ, სანამ საქმე ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრდება, მოსარჩელემ ამოწუროს ყველა ინსტანცია ადგილობრივად. „ჩვენი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგაა. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საჩივრის, რადგანაც ამ ტერიტორიაზე რეალურ მმართველობას ახორციელებს რუსეთის ფედერაცია მისი სამხედრო შენაერთების და სხვადასხვა ნაწილების მეშვეობით. ჩვენს მიერ სტრასბურგში წარადგენილი 11 საქმიდან ერთ–ერთი ეხება შემთხვევას, როდესაც მოქალაქემ მისი სახლის წართმევა გაასაჩივრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ეგრეთ წოდებული სასამართლოს მეშვეობით და მათ აღნიშნული განიხილეს რუსული კანონმდებლობის მიხედვით, რუსულ ენაზე, რუსული სასამართლოს იურისდიქციით, რუსული პროკურატურით. შესაბამისად, ვფიქრობთ, ეს საკმაოდ კარგი დასტურია იმისა, რომ აქ რეალურად სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის არსებობის არანაირი დასტური არ არის და სწორედ რუსეთი ახორციელებს მმართველობას ტერიტორიაზე“ – ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" წარმომადგენელი.
ორგანიზაცია საკუთარი კლიენტების ვინაობას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს, რადგან მის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამით, შესაძლოა მათ საფრთხე შეექმნათ რუსეთის მხრიდან. „ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ იმ მოქალაქეების დასახელებისგან, ვისი სახლითაც მივმართეთ სასამართლოს, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რადგან, სიმართლე გითხრათ, ცოტა შეშინებულები არიან იმ შემთხვევებიდან გამომდინარე, რასაც ადგილი აქვს კონფლიქტის ზონებში: გატაცებები, ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოწევები, გადმოსვლები... აფხაზეთის მიმართულებით, ვიცით, რომ მკვლელობაც იყო“ – ამბობს თეო ზაქარაშვილი.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ სტრასბურგში დაიძრა რუსეთ–საქართველოს მეორე საქმე და დაიკითხა 16 მოწმე: „ სტრასბურგის სასამართლოში ჩავიყვანეთ ომის მსხვერპლი 16 ქართველი მოწმე და რუსეთს დავუპირისპირეთ. სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, აგრეთვე საკუთრების უფლების თემებზე. ქართველი მოწმეების დაკითხვა გრძელდებოდა 12 დღის განმავლობაში და მთლიანობაში, ეს ღონისძიება იყო ძალიან წარმატებული. იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის ერთვება მესამე მხარედ იმ საქმეებში, როდესაც სტრასბურგის სასამართლო შეატყობინებს საქართველოს, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქე უჩივის სტასბურგში რუსეთის ფედერაციას.“
როგორც ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკა მოწმობს, კერძო სარჩელებზე გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოდის, რაც სასამართლო უკვე იმსჯელებს სახელმწიფოთაშორის სარჩელებზე. "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" იმედი აქვთ, რომ იმ დროისთვის, როდესაც მათი სარჩელის დასაშვებობის თაობაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, სტრასბურგს სახელმწიფოთაშორის სარჩელზე გადაწვეტილება უკვე გამოტანილი ექნება.