"ამერიკის ხმისა" და "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტებს დუმაში შესვლა აეკრძალათ

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დღეს „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებს დუმაში შესვლა აუკრძალა. პარლამენტის ამ გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული 9 მედიასაშუალება „უცხო ქვეყნის აგენტად“ დაასახელა.

„აგენტად“ აღიარებით ამერიკული მედიასაშუალებები იძულებულნი გახდებიან იმოქმედონ იგივე კანონის დაცვით, რომელიც 2012 წელს იქნა მიღებული. ის უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანებას არეგულირებს.

ამერიკული მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ყველა ინფორმაციას მედია საშუალებებმა უნდა დაურთონ აღნიშნვნა, რომ მასალა მომზადებულია უცხო ქვეყნის აგენტის მიერ. თავიანთი დაფინანსების წყაროების, მიზნებისა და ხარჯების, ასევე მენეჯერების შესახებ ინფორმაცია კი მუდმივად უნდა წარუდგინონ რუსეთის ხელისუფლებას.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჰედერ ნაუერტმა აღნიშნა, რომ ეს „მცდარი ქმედებაა“ და შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ეს ამერიკელი ჟურნალისტების შევიწროვების მიზეზი გახდეს.

გასულ თვეში კრემლის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალება RT - წარსულში "რაშა თუდეი" - იძულებული გახდა „უცხო ქვეყნის აგენტად“ დარეგისტრირებულიყო. ამერიკის კანონმდებლობა 1938 წლიდან უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ დაფინანსებულ მედია თუ სხვა სახის ორგანიზაციებს სთხოვს საჯაროდ განაცხადონ თავიანთი კავშირებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ.