დუმას თავმჯდომარემ ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონების აღიარების რეზოლუციას ხელი მოაწერა

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ, დუმამ, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც რუსი კანონმდებლები სთხოვენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონების აღიარებას.

დუმას სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც გუშინ ეს რეზოლუცია პარლამენტარებმა მიიღეს, ისიც მზადაა დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი და გადაუგზავნოს საბოლოო დამტკიცებისთვის ქვეყნის პრეზიდენტს.

იმ შემთხვევაში, თუ პუტინი დუმას მიერ მიღებულ რეზოლუციას დაამტკიცებს, ეს შესაძლოა დამატებითი საბაბი გახდეს რუსეთ-უკრაინას შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობების გაუარესებისთვის.

ასევე ნახეთ: რუსეთის ძალების გაყვანის მტკიცებულება არ არსებობს - ნატო

ლუჰანსკისა და დონეცკის აღიარება, შესაძლოა, მინსკის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის დასასრულიც იყოს. აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ დაწყებული ოკუპაციისა და საომარი მდგომარეობის გამო, 13,200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

"ეს აღიარება იქნება მინსკის შეთანხმების ნათელი დარღვევა", - თქვა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის პიირველმა დიპლომატმა.

"ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის [საერთაშორისოდ] აღიარებულ საზღვრებს შიგნით რჩება უცვლელი", - დაამატა ბორელმა.

კვირის დასაწყისში, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებდა ამ ორი რეგიონის აღიარების განხილვას. თუმცა, გუშინ ჯერ დუმას დეპუტატებმა, დღეს კი დუმას თავმჯდომარემ ოფიციალურად მოსთხოვეს პუტინს, რომ მან აღიაროს ორი რეგიონი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას უკრაინის ტერიტორიად აქვს აღიარებული.

ასევე ნახეთ: ბაიდენი: „ჩვენ ჯერ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ რუსული შენაერთები ბრუნდებიან საკუთარ ბაზებზე“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ თუ პუტინი აღიარებს ამ ორი ტერიტორიის დამოუკიდებლობას, მაშინ "რუსეთი დე-ფაქტოდ და დე-იურედ დატოვებს მინსკის შეთანხმებას, რასაც თავისი შედეგებიც მოჰყვება".

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

"ნათელი რომ იყოს: კრემლის მიერ ამ მოთხოვნის დამტკიცება ნიშნავს რუსეთის მთავრობის მიერ მინსკის შეთანხმებების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების უარყოფას", - ვკითხულობთ ამერიკის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი "უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ძირს გამოუთხრის და ეს იქნება საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. ეს ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთის მიერ გაცხადებულ ვალდებულებას განაგრძოს დიპლომატიური ჩართულობა კრიზისის მშვიდობიანად მოსაგვარებლად და საჭიროებს შეერთებული შტატების სწრაფ და მტკიცე რეაგირებას. ასევე, კოორდინაციას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან".