დარია აპახონჩიჩი ერთ-ერთი პირველია იმ ფიზიკურ პირებს შორის, ვისაც რუსეთში, უცხოეთის გავლენის აგენტის სტატუსი აქვს. ის ჩვეულებრივი მოქალაქეა, უფრო სწორად, იყო ჩვეულებრივი მოქალაქე, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. არასდროს უმუშავია მედიაში, არც NGO სექტორში. მიუხედავად ამისა, ვერაფერმა დაიცვა უცხოეთის გავლენის აგენტად ქცევისგან.
„ამერიკის ხმასთან“ დარია ჰყვება ამბავს იმის შესახებ, როგორ იქცა ხუთი ქვეყნის აგენტად და როგორ გახდა იძულებული ქვეყნიდან გაქცეულიყო. ის ლტოლვილის სტატუსის ძიებაშია. საქართველოში 2021 წლის დასაწყისიდან იმყოფება, მაგრამ აქ ეს სტატუსი ვერ მოიპოვა. ამიტომ ახლა მიგრაციის ახალ ეტაპს გადის და სხვა ქვეყანაში ეძებს უსაფრთხო თავშესაფარს.
Your browser doesn’t support HTML5
რუსეთის ფედერაციაში კანონი უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე 2013 წლიდან მოქმედებს. კანონის მიღება საზოგადოებას არ გაუპროტესტებია. თავდაპირველად, არავის, მედიასა და სამოქალაქო სექტორში არ ჩაურთავს განგაშის სიგნალი. თავიდან არავის ეგონა, რამდენად სახიფათოდ შეიძლებოდა ქცეულიყო ეს კანონი თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის უფლებისთვის.
კანონმა წლების განმავლობაში ტრანსფორმაცია განიცადა და თუ მისი მიღებისას ფიზიკურ პირებზე არ ვრცელდებოდა, 2020 წლისთვის ის უკვე ყველა მოქალაქეზე გავრცელდა.
დარია სანქტ-პეტერბურგში ცხოვრებდა და რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობდა. მან 2020 წლის დეკემბერში მიიღო წერილი იუსტიციის სამინისტროსგან, სადაც ეწერა, რომ ის უცხოეთის გავლენის აგენტადაა მიჩნეული.
„ვიყავი პირველ ხუთეულში, რუსეთში, როგორც ფიზიკური პირი, ვინც აგენტის სტატუსი მიიღო. ეს დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის. მედიებისთვის და ინდივიდუალური პირებისთვის ერთიდაიმავენაირად მუშაობს აგენტების შესახებ კანონი, მაგრამ მათ დაიწყეს მედიით. თავდაპირველად ისინი შერაცხეს აგენტებად. აგენტების სიაში მეთვრამეტე ნომრით იყო მედია „მედუზა“ და მეჩვიდმეტე მე ვიყავი. მე არ ვარ არც ჟურნალისტი, არც მედიასთან მქონია რაიმენაირი კავშირი. მხოლოდ მასწავლებელი ვიყავი და ვარ, ამიტომ ძალიან გასაოცარი იყო ჩემთვის, რაც თავს გადამხდა,“- გვეუბნება დარია.
პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, ის სამოქალაქო აქტივიზმითაც იყო დაკავებული სანკტ-პეტერბურგში. პერიოდულად, ქალები იკრიბებოდნენ და ფემინისტური შინაარსის დემონსტრაციებს მართავდნენ. ამბობდნენ, რომ კარგია მშვიდობა და არა ომი.
„სოციალური ქსელებით, ფეისბუქით ვაზიარებდი ჩემს მოსაზრებებს. ასევე მივეცი ინტერვიუ “რადიო თავისუფლებას”, სადაც ვსაუბრობდი ჩვენ ფემინისტურ პროექტზე სახელწოდებით „ზღაპრები გოგონებისთვის“. ეს მსგავსი პროდუქტია კოლექციიდან ფემინისტური ზღაპრები ბავშვებისთვის, რაც ერთი წლის წინ დავბეჭდეთ. ეს იყო და ეს - რამდენიმე განცხადება ინტერნეტში და საზღვარგარეთიდან მიღებული ფული. ეს ორი ფაქტორი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩემგან აგენტი გამოეძერწათ“- გვეუბნება დარია.
თუმცა, ამავდროულად, მისთვის ცხადია, რომ საზღვარგარეთიდან ფულის მიღება რეალური მიზეზი არაა აგენტად ქცევისთვის.
„ეს მიზეზი, ცხადია, ფორმალურია. მათ რეგიონებიდან აქტივისტები სამიზნეში ამოიღეს და გაანეიტრალეს. დაიწყეს ჩრდილო-დასავლეთის ნაწილიდან. ხუთივე ფიზიკური პირი, ვინც თავდაპირველად მოვხვდით აგენტების სიაში, ამ რეგიონიდან ვიყავით. ფსკოვიდან, კარელიიდან და სანკტ-პეტერბურგიდან. ეს უბრალოდ, ჩემი დაკვირვებაა, სინამდვილეში, მართლა ვერ ვიგებ, რატომ ვარ ამ სიაში. რუსეთში დიდად პოპულარული არ ვყოფილვარ, რეგიონული აქტივისტი ვიყავი, სანკტ პეტერბურგიდან. ვაორგანიზებდით ფემინისტურ გამოფენებს, ფესტივალებს, ანტი-მილიტარისტულ და ომის წინააღმდეგ ბანაკებს. უფრო არტ-აქტივისტი მეთქმის, აქტივისტი კულტურული ღონისძიებების მიმართულებით. შეიძლება, დევნის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ორგანიზატორები განეიტრალებინათ,“- გვეუბნება დარია.
დარიამ იუსტიციის სამინისტროსგან მიღებულ წერილში აღმოაჩინა ყველა დეტალი, სადაც მისი ფინანსური შემოსავლები იყო შესწავლილი და აღნუსხული, მათ შორის, პედაგოგიური საქმიანობისთვის მიღებული თანხებიც, მოსწავლეებისგან.
„ერთი შეხედვით, ეს ამბავი სასაცილოა. მითხრეს, რომ ხუთი ქვეყნიდან მქონდა უცხოური შემოსავალი მიღებული და ამიტომაც ვარ აგენტი. ყველა ეს ქვეყანა დასავლურია. მაგალითად, საფრანგეთის აგენტი იმიტომ ვარ, რომ ფრანგულ კოლეჯში ვმუშაობდი. ფინეთის აგენტობა იმიტომ მომეწერა, რომ ერთ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, ჰელსინკიში. ეს იყო პოლიტიკური ფოტოგრაფიის ფესტივალი. ასევე ვარ შვეიცარიის აგენტი, რადგან წითელ ჯვარში ვმუშაობდი, რუსულ ენას ვასწავლიდი იქ და რაკი წითელი ჯვარი, შვეიცარიაშია დაარსებული, ამიტომაც ამ ქვეყნის აგენტიც ხარო. შვედეთიდან, მეგობარმა გამომიგზავნა ფული, უბრალოდ, მეგობრულად, თუმცა ამის გამო კიდევ ერთი ქვეყნის აგენტის სტატუსი მომაკრეს. ფეიფალით თანხა რომ გამოვიტანე, მგონი, აშშ-ს აგენტობა ასე დამბრალდა, მოკლედ, ხუთი ქვეყნის აგენტი ვარ ახლა,“- გვიხსნის აგენტად ქცევის თანმიმდევრობას დარია.
მას სურს რუსეთში დაბრუნება და ცხოვრების გაგრძელება, მაგრამ აგენტის სტატუსით ეს წარმოუდგენელია. „მე მასწავლებელი ვარ. რუსეთში არ მექნება სწავლების უფლება. ვერც წიგნებს დავბეჭდავ. საქმიანობა, შემოსავლის მიღება, ფაქტობრივად, შეუძლებელია იქ ჩემთვის. გარდა ამისა, არ ვიცი, რამდენად უსაფრთხოდ ვიქნები, როგორც უცხოეთის გავლენის აგენტი. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ არ დავბრუნდები. ციხეში ჩაჯდომა არ მინდა. იმედი მაქვს, ოდესმე ჩემი რუსეთში წასვლა შესაძლებელი გახდება, მაგრამ რამდენიმე წლის პერსპექტივაში რომ ეს მოხდეს, არა მგონია,“- მიიჩნევს დარია.
ის პროცესები, რაც ეგრეთ წოდებულ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით საქართველოში განვითარდა, დარიასთვის, უკვე ნანახი ფილმია. თუმცა წინააღმდეგობა, რაც საზოგადოებისგან ხელისუფლების ამ ინიციატივას მოჰყვა, რუსეთის მსგავსი არაა.
„თქვენ მამაცურად იბრძვით, იყო დემონსტრაციები, აქციები, პროტესტი, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება აზრს არ იცვლის. მძიმე ბრძოლები გელით. რუსეთის სიტუაციას რომ შევადაროთ, მსგავსებაც ბევრია და განსხვავებაც. ძალადობის ენა პოლიციის მხრიდან, პროპაგანდა, სიძულვილის ენა სახელისუფლებო მედიაში - ეს მსგავსია, მაგრამ ხალხი საქართველოში, საზოგადოებრივი სტრუქტურა განსხვავებულია. სამოქალაქო სექტორი უფრო ძლიერია. ერთმანეთთან მეტი კავშირი გაქვთ და უფრო მეტად გესმით ერთმანეთის. რუსეთში, თითქოს, უფრო მეტად იზოლირებული ჯგუფებად ვართ დაყოფილი. აქტივისტები ცალკე ვართ, პროფესიული ნიშნით ხალხი - ცალკე და ერთმანეთთან კავშირი ნაკლებია,“- მიიჩნევს დარია.
რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების ქცევაში რუსი სამოქალაქო აქტივისტი ბევრ მსგავსებას ხედავს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ პარლამენტში დამოუკიდებლად მოაზროვნე წევრები მაინც არსებობენ საქართველოში, რუსეთისგან განსხვავებით. „პრეზიდენტიც გყავთ, ვინც კარგად გამოიყურება შექმნილ ვითარებაში. ეს დიდი განსხვავებაა, რუსეთთან შედარებით. რუსეთში, პოლიტიკაში დამოუკიდებლად მოქმედი და განსხვავებული აზროვნების არავინაა, ერთი ადამიანიც კი არაა“,- ამბობს დარია..
საქართველოში გატარებული სამ-ნახევარი წლით ის კმაყოფილია, წიგნიც გამოუშვა და აქ გააგრძელებდა ცხოვრებას, თუმცა საბუთების საკითხის მოგვარება ვერ შეძლო. „საქართველოში რუსებისთვის ძალიან რთულია ბინადრობის ნებართვისა და მოქალაქეობის მიღება, ლტოლვილის სტატუსიც ვერ მივიღეთ. ჩემს გარშემო არავინაა, რუსებიდან, ვინც ლტოლვილის სტატუსი მიიღო. რუსებისთვის ეს რთულია,“- გვეუბნება დარია. ის მალე სხვა ქვეყანაში იცხოვრებს.
„ოკუპაციის გამო, ომის გამო, ჩვენ საერთო მტერი გვყავს. ერთი და იგივე პრობლემა და მსგავსი სიტუაცია გვაქვს. ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. ჩვენ ხელისუფლებებს უნდათ, რომ გვიხილონ დაეჭვებულები და უნდობლად განწყობილები. ეს დიქტატორობის პრობლემაა. ჩვენი დიქტატორები ჰგვანან ერთმანეთს, ერთმანეთთნ კარგი ურთიერთობა აქვთ, მეგობრობენ. რუსეთში ამას კიბოს ვუწოდებთ, რომლის მეტასტაზები ყველგანაა მოდებული, კორუფციის სახით. ჩვენ არ გვინდა დავრჩეთ ამ ავადმყოფობაში. მის მხოლოდ ერთ ნაწილს ვერ შეებრძოლები, ყველა ნაწილს უნდა ეომო, რადგან ისინი ერთ მთლიანობას, დიდ პრობლემას წარმოადგენს,“- ამბობს დარია და დასძენს, რომ საქართველოს ბრძოლის მიმართ იმედიანი განწყობითაა, ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი ამ ომში გაიმარჯვებს.