რუსულმა ჯარმა უკრაინის სამხრეთით დაბომბვები გააქტიურა, ზაპორიჟიის ატომური სადგური საფრთხეშია

უკრაინული ჯარი ამბობს, რომ დონეცკის რეგიონში რუსული დაბომბვები გააქტიურდა, იყო წინსვლის მცდელობაც, თუმცა მათივე თქმით, შეტევებს იგერიებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ ასევე აქტიურად იბომბება ათობით ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტზე. განსაკუთრებული შეტევა მიდის ხერსონის რეგიონზე, რომლის დიდ ნაწილსაც კვლავ რუსეთი აკონტროლებს. თუმცა, ამ დრომდე, უკრაინული ძალები პოზიციებზე რჩებიან და უკან არ იხევენ.

ასევე ნახეთ: ზელენსკი მთავრობის წევრებს მოუწოდებს, შეამცირონ სამხედრო ტაქტიკაზე საუბარი

განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი ზაპორიჟიის ატომური სადგურისკენ უკრაინის სამხრეთში, სადაც განახლებული დაბომბვების გამო, განსაკუთრებით გაძლიერებულია სადგურზე აფეთქების რისკი. მსგავსი სცენარის გათამაშების შემთხვევაში, ეს ბირთვულ კატასტროფას გამოიწვევს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მსგავსი ტერიტორიები დემილიტარიზებული უნდა იყოს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით კი, თუ რუსი ჯარისკაცები ევროპის ყველაზე დიდ ატომურ სადგურს სროლას დაუწყებენ, ან იქ გამაგრდებიან და შეტევებს იქიდან განახორციელებენ, მაშინ ისინი უკრაინული ჯარის "სპეციალური სამიზნეები" გახდებიან.