ყირიმში რუსული ძალები შესაძლო უკრაინული თავდასხმისთვის ემზადებიან

"მაქსარ ტექნოლოგიების" სატელიტური ფოტო ყირიმში საომარ სამზადისს ადასტურებს.

რუსეთის მიერ დანიშნულმა ყირიმის ამჟამინდელმა ლიდერმა სამშაბთს, 11 აპრილს განაცხადა, რომ რეგიონი შესაძლო უკრაინული თავდასხმისთვის ემზადება. სერგეი აქსიონოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსმა სამხედროებმა ყირიმში "თანამედროვე ღრმა თავდაცვის" სისტემა მოაწყვეს და "საკმარისზე მეტი" ჯარისკაცი ჰყავთ იმისთვის, რომ შესაძლო უკრაინულ თავდასხმას წინააღმდეგობა გაუწიონ.

„მტერს ვერ შევაფასებთ, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზად ვართ [შეტევისთვის] და კატასტროფა არ იქნება“, - თქვა მან.

აქსიონოვისს კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა კიევის განზრახვა, დაიბრუნოს შავი ზღვის ნახევარკუნძული, რომელიც რუსეთმა 2014 წელს მიიტაცა და დღემდე ოკუპირებულია.

ასევე ნახეთ: კიევი რუსეთს "ისლამურ სახელმწიფოს" ადარებს

აქსიონოვმა პირველად ნოემბერში განაცხადა ყირიმში მიმდინარე თავდაცვითი სამუშაოების დაწყების შესახებ, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია. თებერვალში კი, უსაფრთხოების სხდომაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობდა, მან განაცხადა, რომ სამუშაოები აპრილისთვის უნდა დასრულდეს.

სამხედრო ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კიევი ამინდის გაუმჯობესებით ისარგებლებს ბრძოლის ველზე და დასავლური იარაღის ახალი პარტიების, მათ შორის მრავალი ტანკისა და დასავლეთში გაწვრთნილი ახალი ჯარის იმედად, კონტრშეტევაზე გადავა.