რუსეთის სასამართლომ აშშ-ის 72 წლის მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯა

აშშ-ის მოქალაქე, სტივენ ჯეიმს ჰაბარდი მოსკოვის სასამართლოში.

რუსეთის სასამართლომ, ორშაბათს, ამერიკის 72 წლის მოქალაქე სტივენ ჯეიმს ჰაბარდს 6 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამერიკელს, უკრაინის სასარგებლოდ, დაქირავებულ ჯარისკაცად მსახური ედება ბრალად.

გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ჰაბარდი, მიჩიგანის მკვიდრი, თვეში 1000 დოლარს იღებდა უკრაინის ტერიტორიულ თავდაცვის ქვედანაყოფში, აღმოსავლეთ ქალაქ იზიუმში სამხედრო სამსახურისთვის, სადაც ის 2014 წლიდან ცხოვრობდა.

რუსეთის სასამართლოში აცხადებენ, რომ ჰაბარდს სამხედრო სწავლება, იარაღი და საბრძოლო მასალაზე წვდომა მაშინვე გაუჩნდა, როგორც კი 2022 წლის თებერვალში, კონტრაქტს ხელი მოაწერა და ომში ჩაერთო. ის რუსმა ჯარისკაცებმა იმავე წლის 2 აპრილს დააკავეს, - ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA პროკურორის მიერ, გასულ თვეში გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

რუსეთის სახელმწიფო მედია ამბობს, რომ ჰაბარდმა ბრალდება აღიარა.

მაგრამ, გასულ თვეში, ჰაბარდის დამ, პატრიცია ჰაბარდ ფოქსმა და სხვა ნათესავმა ეჭვი გამოთქვეს მის აღიარებაზე და საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" უთხრეს, რომ მას პრორუსული შეხედულებები ჰქონდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავისი ასაკისა და პოლიტიკური ხედვების გათვალისწინებთ, ხელში იარაღი აეღო.

ჰაბარდი ამერიკის ერთადერთი მოქალაქე არაა, ვისაც მიმდინარე კვირაში მსგავსი სასჯელი დაეკისრა. ორშაბათს, რუსეთის სასამართლომ, ამერიკის მოქალაქეს და ყოფილ საზღვაო ქვეით რობერტ გილმანს, ციხის თანამშრომელზე და სახელმწიფო გამომძიებელზე თავდასხმისთვის შვიდი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

30 წლის გილმანი უკვე იხდის სამნახევარ წლიან სასჯელს, ნასვამ მდგომარეობაში პოლიციელზე თავდასხმისთვის. ამ ბრალდებით იგი 2022 წლის ოქტომბერში გაასამართლეს.

ვორონეჟის პროკურორებმა განაცხადეს, რომ გილმანი თავს დაესხა ციხის თანამშრომელს და სახელმწიფო გამომძიებელს. მათი თქმით, ეს 2023 წლის შემოდგომაზე მოხდა.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-მ განაცხადა, რომ გილმანმა, ყველა ბრალდებაში ცნო თავი დამნაშავედ. გილმანის ადვოკატებმა, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს უთხრეს, რომ ის რუსეთში სასწავლებლად და მოქალაქეობის მისაღებად იყო ჩასული.