რუსეთის ელჩს თურქეთში ანდრეი კარლოვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის ადგილზე გარდაიცვალა. თავდასხმის დროს, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
თურქული არხის NTV-ის ცნობით, პოლიციამ შეძლო თავდამსხმელის განეიტრალება. თავდასხმა რუსეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენაზე მოხდა. გამოფენაზე სახელწოდებით „თურქების თვალით დანახული რუსეთი“, ელჩი სიტყვით გამოვიდა.
„დღეს ანკარაში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვმა თავდასხმის შედეგად სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. ჩვენ ამას ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას ვაძლევთ“, - განაცხადა რუსეთის საგაო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.
სპეციალურ ბრიფინგზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „ტერორისტული აქტი“ იმისკენ იყო მიმართული, რომ რუსეთ თურქეთის ურთიერთობებზე მოეხდინა გავლენა და ხელი შეეშალა სირიის კონფლიქტის გადაწყვეტისთვის. პუტინის თქმით, რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ გამოძიების მსვლელობისას ითანამშრომლებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი გააძლიერებს „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას“.
თავდასხმა, რუსეთის, ირანის და თურქეთის შეხვედრის წინ მოხდა, რომელიც სირიის კონფლიქტის საკითხებზე 20 დეკემბერს გაიმართება. მომხდარის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა.
თურქმა შინაგან საქმეთა მინისტრის სულემან სოულუს თქმით, თავდამსხმელი პოლიციელი იყო, რომელიც ანკარას პოლიციის სპეციალურ დანაყოფში მუშაობდა ორი წლის განმავლობაში. თავდამსხმელი 1994 წელს დაბადებული მევლუტ მერტ ალტინტასია.
„დიდება ალაჰს. არ დაივიწყოთ ალეპო! არ დაივიწყოთ სირია!", -, დაიყვირა მან არაბულად, რის შემდეგაც, თვითმხილველთა თქმით, მან მინიმუმ 8 გასროლა განახორციელა.
მომხდარს გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი.
„ჩვენ არ მივცემთ უფლებას თავდამსხმელს, რუსეთ-თურქეთის უფლებებს ჩრდილი მიაყენოს“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ დაგმო თავდასხმა და აღნიშნა, რომ აშშ უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ასევე დაგმო მკვლელობა და თქვა, რომ ამერიკა „რუსეთთან და თურქეთთან ერთად დგას ტერორიზმის ყველა გამოვლინების წინააღმდეგ“.
სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ამერიკა მზადაა დაეხმაროს გამოძიებას.
„ეს ყველა დიპლომატის უსაფრთოხების უფლებაზე თავდასხმაა, რომლებიც საკუთარ ქვეყანას მსოფლიოს გარშემო წარმოადგენენ“, - განაცხადა კერიმ.
გაეროს პრესპიკერის, სტეფან დუჯარიჩის თქმით, „შეუძლებელია გამართლებული იყოს დიპლომატსა თუ ელჩზე თავდასხმა“.
კარლოვი 62 წლის რუსი დიპლომატი იყო, რომელიც რუსეთს ფხენიანში წარმოადგენდა 2001-2006 წლებში. ის თურქეთში 2013 წლიდან იმყოფებოდა.