მოსკოვმა ამერიკელს ჯაშუშობის ბრალი წაუყენა

ამერიკელები იმედოვნებენ, რომ ეს ინციდენტი რუსეთთან ურთიერთობას არ დააზიანებს, პუტინი კი საწინააღმდეგოს აცხადებს

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-რუსეთი


რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური განყოფილების მესამე მდივანს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება უბრძანა. ამერიკელი დიპლომატი რუსეთის სპეცსამახურის ოფიცერს შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სასარგებლოდ მუშაობას სთავაზობდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პატრიკ ვენტრელმა დაადასტურა ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ხანმოკლე დაკავების ფაქტი:

“ჩვენ ვნახეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ამის თაობაზე და ჯერ-ჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით.“

შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მწუხარება გამოთქვა ამ შემთხვევის გამო. რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რაიან ფოგლის მცდელობა, გადაებირებინა რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ნდობის განმტკიცებას.

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის განცხადებით, რაიან ფოგლის დაკავების დროს სპეცტექნიკა, პარიკები და დიდი რაოდენობით ფული აღმოაჩნდა. შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელი რუს კოლეგას დასაწყისისთვის 100 000 დოლარს და მომავალში ერთ მილიონს სთავაზობდა,თანამშრომლობის შემთხევევაში.

შვედეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეხვედრის წინ ამერიკელები იმედოვნებენ, რომ ეს ინციდენტი არ დააზარალებს ორი ქვეყნის ურთიერთობას და არ იქონიებს გავლენას სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამ ინციდენტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის ამერიკის ელჩი მაიკლ მაკფოლი საკუთარ ოფისში გამოიძახა, რომელმაც უკომენტაროდ დატოვა სამინისტროს შენობა. სერგეი ლავროვის განცხადებით:

“ჯონ კერისთან საუბრის დროს ამ თემის განხილვა არ მომხდარა. მას არ უხსენებია ეს საკითხი და მეც გადავწყვიტე რომ აღარ იყო საჭირო ამაზე ლაპარაკი, რადგან ინციდენტის შესახებ უკვე ყველაფერი ცნობილია და გარკვეულია.“

ჯაშუშობასთან დაკავშირებული სკანდალი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გაუარესებული ურთიერთობის გაუმჯობესებას არ შეუწყობს ხელს, რაც პირველ რიგში სირიის სამოქალაქო ომთან დაკავშირებით არსებული უთანხმოებით არის გამოწვეული.