ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა. როგორ განვითარდება მოვლენები მეორე საპრეზიდენტო ვადის პერიოდში?
Your browser doesn’t support HTML5
ბოლო ოთხი წელია ამერიკის ხელისუფლების „გადატვირთვის“ პოლიტიკამ კონკრეტული შედეგები გამოიღო, მათ შორისაა სტრატეგიული იარაღის კონტროლის ხელშეკრულება რუსეთთან, რომელიც შორი რადიუსის ბირთვული იარაღის მარაგს ამცირებს.
კოლუმბიის უნივერსიტეტის რუსეთის საკითხების სპეციალისტი და პროფესორი რობერტ ლეგვოლდი ფიქრობს, რომ ამ პოლიტიკის ფარგლებში ამერიკა-რუსეთის თანამშრომლობის კიდევ ერთი გამოხატულება იყო მოსკოვის გადაწყვეტილება, რომელიც ავღანეთში მიმავალ ამერიკულ ძალებს რუსეთის გავლით ტრანზიტის საშუალებას მისცემს.
„სატრანზიტო მარშრუტის ირგვლივ შეთანხმების მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის რათა ამერიკა-რუსეთს შორის ბოლო წლებში ავღანეთის საკითხში მიღწეული თანამშრომლობის დონე შევინაჩრუნოთ და ასევე ავღანეთიდან კოალიციის ჯარების გაყვანას მხარი დავუჭიროთ.“
მოსკოვი ასევე თანახმაა ამერიკას ულიანოვსკში რუსულ სამხედრო ბაზაზე მისცეს ხელმისაწვდომობა. ბაზა ყაზახეთიდან 300 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ანალიტიკოსების განცხადებით, ეს შესაძლებლობა და ლოჯისტიკური ცენტრი ამერიკულ საბრძოლო ძალებს კარგ საშუალებას მისცემს ავღანეთიდან მომავალი ორი წლის განმავლობაში გამოვიდნენ.
ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კრემლმა დამოკიდებულება გაამკაცრა ირანთან დაკავშირებით, ხმა მისცა რა გაეროს რეზოლუციას თეირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკას ამერიკა და დასავლეთის სახელმწიფოები დიდი ხანია უწევენ ლობირებას. მოსკოვმა, ამასთან გააუქმა თეირანისთვის ეს-სამასი ტიპის რაკეტების მიწოდებაც.
მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი სტივენ ჯონსი ამბობს, რომ მოსკოვს ირანთან ურთიერთობების დარეგულირება სწადია და მას არამცდაარამც არ სურს არასტაბილური სიტუაცია ირან-რუსეთის საზღვარზე.
„ბოლო დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელიც მხარს უჭერს ნებისმიერ ორმხრივ მოლაპარაკებას ამერიკასა და ირანს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოსკოვი მტრულად არ არის განწყობილი ამ სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუნდაც ეს რუსეთის გათიშვას გულისხმობდეს მოლაპარაკებების პროცესიდან. "
იარაღის კონტროლის, ავღანეთისა და ირანის საკითხებში საერთო ენის გამონახვის მიუხედავად, ვაშინგტონი და მოსკოვი რამდენიმე საკვანძო საკითხში განსხვავებულ მოსაზრებებს ინარჩუნებენ. ასეთია სირიის კრიზისი და კონფლიქტის დარეგულირების გზები.
ობამას ადმინისტრაცია ბაშარ ალ ასადს გადადგომისკენ მოუწოდბეს. მოსკოვი ამის წინააღმდეგია და მან უკვე რამდენიმე გაეროს რეზოლუცია დაბლოკა სირიის საკითხში, მათ შორის დამასკოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების მიმართულებაც.
„ამ ეტაპზე რუსეთს არ აინტერესებს სირიაზე ზეწოლა. სირიაში რეჟიმის ცვლილება რუსეთს არ სურს. მას ასადის დამხობა არ აწყობს იმიტომ, რომ ადამიანი რომელიც სირიის პრეზიდენტს შეცვლის ოპოზიციის მიერ იქნება მხარდაჭერილი და მას უარყოფითი დამოკიდებულება ექნება რუსეთთან. სირია რუსეთისთვის იარაღის ექსპორტზე კარგი კლიენტია. რუსეთი ასადის შენარჩუნებას ცდილობს.“
უთანხმოების კიდევ ერთი სფეროა ევროპაში ბალისტიკური თავდაცვითი ფარის განლაგება-წინადადება რომელის ნატოს მიერაა მხარდაჭერილი.
ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ ფარი ევროპის სახელმწიფოებს ირანის შესაძლო სარაკეტო თავდასხმისგან დაიცავს. მოსკოვის მტკიცებით კი რაკეტსაწინაღო სისტემა-დამონტაჟების შემთხვევაში- მის სტრატეგიულ უნარს გაანეიტრალებს, რაც რუსეთს დასავლეთთან მიმართებაში დაასუსტებს.
კოლუმბიის უნივერსიტეტიდან რობერტ ლეგვოლდს არ მიაჩნია, რომ სწორედ ასეთია ნატოსა და ამერიკის სურვილი. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის დარწმუნება ამ საკითხში ძალიან რთულია.
ანალიტიკოსების განცხადებით, საინტერესო იქნება ვნახოთ თუ როგორ განვითარდება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები ობამას ადმინისტრაციის მეორე ვადის განმავლობაში. მათი აზრით ამერიკის პრეზიდენტი ახლა ახლო აღმოსავლეთის კრიზისზეა ორიენტირებული, ისევე როგორც შიდა ფისკალურ პრობლემებზე. მოსკოვთან ურთიერთობა კი ბუნებრივია ამერიკელი ლიდერის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.