უკრაინა რუსეთის წინადადებაზე უარს ამბობს

ოთხშაბათს კიევმა „განიხილა" რუსეთის შემოთავაზება, რომელიც უკრაინას ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე $100-ის ოდენობის ფასდაკლებას სთავაზობდა
უკრაინამ უარი თქვა რუსეთის წინადადებაზე, რომლის თანახმადაც მოსკოვი კიევს გაზს 20 პროცენტიანი ფასდაკლებით მიყიდდა.

უკრაინის პრემიერ მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს ქვეყნის მთავრობამ „განიხილა“ შემოთავაზება, რომელიც ქვეყანას ათას კუბურ მეტრ რუსულ ბუნებრივ აირზე $100-ის ოდენობის ფასდაკლებას სთავაზობდა. მისი თქმით, ეს ფასი არ არის ის ფასი, რომელიც უკრაინას სურს მოსკოვთან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად. იაცენიუკის თქმით:

„რუსეთმა შემოგვთავაზა $100-ანი ე.წ. ფასდაკლება. მე მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ კარგად ვიცნობთ რუსეთის ასეთ ხაფანგებს. ფასდაკლება რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დააწესა და მისი გაუქმება რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებითვე იქნება შესაძლებელი.“

დღეს უკრაინა რუსეთისგან ათას კუბურ მეტრ გაზს $485-ად ყიდულობს. ამ ფასზე შეთანხმება 2009 წელს მოხდა, როცა უკრაინამ მოსკოვთან უკანასკნელი გაზის იმპორტის კონტრაქტი გააფორმა.