უკრაინა და რუსული გაზის პრობლემა

რა თანხა უნდა გადაიხადოს კიევმა რუსულ გაზში?
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკრაინისა და რუსეთის ენერგეტიკი სფეროს ექსპერტები, ისევე როგორც ევროკავშირის ოფიციალური პირები ორშაბათს, ბრიუსელში გაზის ფასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავენ.

საქმე ეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ უთანხმოებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა თანხა უნდა გადაიხადოს კიევმა რუსულ გაზში.

მოსკოვი იმუქრება რომ გაზის მიწოდებას შეუწყვეტს უკრაინას, თუ ეს უკანასკნელი ხვალამდე „გაზპრომს“ დავალიანებას არ გადაუხდის. უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეჩერება, პარალელურად, ევროპასაც გაურთულებს ბუნებრივი აირის მიღებას.

აპრილში, რუსეთმა უკრაინას ერთ კუბურ მეტრ გაზზე საფასური გაუორმაგა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის განდევნას მოჰყვა. რუსეთმა ასევე გაანაწყენა უკრაინა, როცა მარტში ყირიმის ანექსია განახორციელა და რუსი მეამბოხეები აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირების მონაწილეებად გააგზავნა.

ამ ბრალდებას მოსკოვი დღემდე უარყოფს. უკრაინის გაზის კომპანია „ნაფტოგაზის“ ყოფილი პრეს მდივანი ვალენტინ ზემლიანსკი ამბობს, რომ მიუხედავად არსებული კონფლიქტისა, მას იმედი აქვს რომ მხარეები, გაზის საკითხის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებში, პრაგმატულ პოზიციაზე შეჯერდებიან.

„უკრაინაში ამჟამად არსებულ სიტუაციას საზოგადოების განწყობაზე უფრო აქვს გავლენა, ვიდრე გაზის პრობლემაზე.“

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც თანამდებობის შესრულებას გასულ შაბათს შეუდგა, მიმდინარე კვირას დონბასის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. დონბასი, პრო-რუსი სეპარატისტების მიერ გაჩაღებული დაპირისპირების ეპიცენტრია.
საინაუგურაციო მიმართვაში, პოროშენკომ იმ მეამბოხეებს, რომლებსაც უკრაინელების მკვლელობა არ ჩაუდენიათ, ამნისტიის პირობა მისცა. იმავდროულად, სეპარატისტული ძალები უკრაინელ სამხედროებს, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მშვიდობიანი ადამიანების სიკვდილს აბრალებენ.

კვირას, დონეცკში, სეპარატისტთა მეთაურმა, ექვს დაკავებულ უკრაინელ ჯარისკაცთან ერთად, პრეს კონფერენცია გამართა.

ღონისძიების ვიდეო ჩანაწერში სეპარატისტთა მეთაური სერგეი ზდრილიკი მოჩანს, რომელიც ამბობს, რომ კონფლიქტის გადამწყვეტი ფაზა დადგება მაშინ, როცა უკრაინელი ჯარისკაცები გააცნობიერებენ, რომ საკუთარ ხალხს კლავენ.
ამასთან, ვიდეოზე ზდრილიკი დაკავებულ ჯარისკაცებს ეუბნება, რომ მათი ბრძანებების შესახებ გააცნონ საზოგადოებას ინფორმაცია და აღიარონ, თუ რამდენად გრძნობენ თავს მოტყუებულად. ამის შემდეგ პრეს კონფერენციაზე კითხვებს რუსი ჟურნალისტები სვამენ.

უკრაინის ე.წ ანტი-ტერორისტული ოპერაციის პრესმდივანმა ვლადისლავ სელეზნიოვმა პრეს კონფერენცია დაგმო და მას ფარსი უწოდა. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან მოითხოვა, რომ ჯარისკაცებსა და ომის პატიმრებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ადამიანურად მოექცნენ.