როგორ აფასებს რუსეთის სახელმწიფო ტერორისტებისგან მომდინარე საფრთხეს?
Your browser doesn’t support HTML5
ვოლგოგრადში მომხდარი მეორე აფეთქების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება უსაფრთხოების დამატებით ზომებს იღებს. ქვეყნის დედაქალაქში და სხვა მსხვილ ქალაქებში მდგომარეობაზე დაკვირვების გაძლიერებული რეჟიმი გამოცხადდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის განცხადების თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მასობრივი თავშეყრის ადგილებს და სატრანსპორტო კვანძებს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში მაქსიმალურად ჩართავენ კინოლოგებს ძაღლებით.
შესაძლებელი იქნება თუ არა ახალი ტერაქტების თავიდან აცილება? როგორ აფასებს რუსეთის სახელმწიფო ტერორისტებისგან მომდინარე საფრთხეს? ამერიკის ხმამ ამ კითხვებით მიმართა ექსპერტებს, უშიშროების სამსახურის ვეტერანებს.
სუკ-ის საგანგებო დანიშნულების ქვედანაყოფ „ვიმპელის“ ყოფილი თანამშრომელი და სამოქალაქო ინიციატივების კომიტეტის წევრი ანატოლი ერმოლინი ამბობს, რომ ვოლგოგრადში ჩატარებული ტერორისტული აქტების ავტორები მოუმზადებელი დილეტანტები ვერ იქნებოდნენ. მისი აზრით, ეს ეშელონირებული თავდასხმაა და ალბათ ამით არ დამთავრდება. სოჭის ოლიმპიადა კი უდავოდ სამიზნეა.
„ვიმპელის“ ყოფილი წევრის აზრით, საგანგებო დანიშნულების ქვედანაყოფებს თავად ტერაქტის თავიდან აცილება არ ძალუძთ. მან თქვა, რომ ასეთი ქვედანაყოფები, როგორც წესი, მხოლოდ უკანასკნელ ეტაპზე მოქმედებენ და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია აგენტურული დაზვერვა, რაც ძალიან ცუდად არის ორგანიზებული. მან მაგალითად მოიყვანა ისრაელის გამოცდილება, სადაც მუდმივი დაკვირვების ქვეშ არიან ის სოციალური ჯგუფები, რომელთა წიაღიდანაც შესაძლოა ადამიანების ტერორისტულ ჯგუფებში გაწევრიანება.
ერმოლინმა თქვა:
„ასეთი მუშაობა სრულიად სხვა დონის კომპეტენტურობას მოითხოვს, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და რუსეთში სრულიად არ ხდება. ქვეყანაში კი ისეთი მდგომარეობაა, რომ ამ სისტემის შესაქმნელად საჭირო თანხის გამოყოფის შემთხვევაში, ჩვენ არ ვიცით ის მიზნობრივად დაიხარჯება თუ არა“.
მისი აზრით, რუსეთის და მისი სპეცსამსახურების ახლანდელი ხელმძღვანელობა ჯეროვნად ვერ აფასებს შეიარაღებულ იატაკქვეშეთთან დაკავშირებულ ვითარებას და ქვეყანა თვითდამშვიდებას არის მიცემული.
რუსეთის პარლამენტის ყოფილი წევრი და სუკ-ის ყოფილი თანამშრომელი, დღევანდელი ოპოზიციური პოლიტიკოსი გენადი გუდკოვი ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში აგორებული დისკუსია იმის შესახებ, რომ მომხდარი ტერაქტები შესაძლოა რუსეთის ხელისუფლებისთვის მომგებიანი იყოს, უსაფუძვლოა.
მან თქვა:
„ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს მომხდარის ადექვატური სურათი შეადგინოს, იმიტომ რომ, ტერორისტული ომი თვით ამ ხელისუფლების საფუძველს ემუქრება და მისთვის უაღრესად საშიშია, თუმცა სახელისუფლებო კადრების ხარისხი, საფრთხის ბოლომდე შეფასების საშუალებას არ იძლევა. ხელისუფლება ილუზიების ტყვეობაშია, ჰგონია რომ ძალისმიერი მეთოდებით, შეზღუდვებით, ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსების გაზრდით შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა. როგორც უკვე გაირკვა, ასეთი მიდგომა შესამჩნევ პრაქტიკულ შედეგებს არ იძლევა.“
გენადი გუდკოვი ამბობს, რომ ისლამისტების საჯარო განცხადებების შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურები შესაძლო ტრაგიკული მოულოდნელობებისთვის კარგად უნდა მომზადებულიყვნენ.
ინტერნეტ პორტალ „კავკაზსკი უზელ“-ის მთავარმა რედაქტორმა გრიგორი შვედოვმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ბოლო დროს ჩრდილოეთ კავკასიაში მომხდარ აფეთქებებს ტერორისტულ აქტებად აღიქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ორგანიზატორები საჯაროდ არ იღებდნენ მათზე პასუხისმგებლობას.
კავკასიის პრობლემების ექსპერტის აზრით ბევრი აფეთქება, რომელიც სოჭის ოლიმპიადის წინ, ერთი წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიაში მოხდა, სამართალდამცავი ორგანოების აზრით ტერაქტს არ წარმოადგენდა და საქმეები სამართლის კოდექსის სულ სხვა მუხლებით აღიძრა.