ოკუპაცია ტურისტებისთვის უხერხულია

რუსეთს ოკუპაციის შესახებ კანონი არ მოსწონს და მიიჩნევს, რომ გასაუქმებელია
რუსეთმა საქართველოს მორიგი კამათელი გამოუგორა. ოკუპაციის შესახებ კანონი მას არ მოსწონს და მიიჩნევს, რომ გასაუქმებელია. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, რომელიც ზურაბ აბაშიძესთან, პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად პრაღაში ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე სასაუბროდ იმყოფებოდა. აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატი რომ პოლიტიკური თემების განხილვას არ ითვალისწინებს ოფიციალურ დონეზე, ამის თაობაზე განცხადებების ციკლი ვიხილეთ, რაც შეხვედრის გამართვემდე რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

მიუხედავად ოფიციალური ფორმატის ჩარჩოებისა, კონფლიქტის ზონაში ადმინისტრაციულ საზღვართან დაწყებული მავთულხმართების გაბმის საკითხი რომ აბაშიძე-კარასინის დიალოგის მიღმა არ დარჩებოდა, რა თქმა უნდა, ნათელი იყო. თუმცა მათი შეხვედრის შემდეგ კარასინის მიერ გაჟღერებული იდეა საქართველოს ერთ-ერთი კანონის გაუქმების თაობაზე, მაინც გარკვეულ მოულოდნელობას წარმოადგენდა.

კარასინის თქმით, საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ უხერხულობას უქმნის რუს ტურისტებს, ვინც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლას გეგმავენ. მისი აზრით, სტუმრობის გამო ადამიანზე სისხლის სამართლის საქმე არ უნდა აღიძრას.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა კანონის გაუქმება“,- განაცხადა კარასინმა. კანონის გაუქმების სამაგიეროდ, რუსი დიპლომატის ნათქვამში გაიჟღერა დაპირებამ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გადახედვის შესახებ.

კარასინის ამ განცხადებამ, ბუნებრივია კრიტიკის მეტი საბაბი მისცა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც ცალსახად წარმოუდგენლად მიიჩნევენ რუსეთის ფედერაციასთან საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას და ამბობენ, რომ საქართველოს მხრიდან შერბილებული ტონი, ან დათმობა ნებისმიერ საკითხში რუსეთს უბიძგებს წამოაყენოს კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა საქართველოს მიმართ.
ზურაბ აბაშიძე, პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმოამდგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ამბობს:

„ბატონმა კარასინმა განაცხადა სამი დღის წინ, ჩვენ ამაზე არ ვისაუბრებთო, მიუხედავად ამისა, მოგვიწია მაინც ამ თემაზე საუბარი. ჩემი მხრიდან მე აღვნიშნე, რომ სრულიად მიუღებელი ვითარებაა შექმნილი, გამოვხატეთ ჩვენი ღრმა შეშფოთება, თუ რა უარყოფით ფონს ქმნის ეს ჩვენი დიალოგისთვის და მოსახლეობაშიც რა განწყობებია. ჩემი კოლეგა დამპირდა, რომ ამ თემას უფრო ღრმად შეისწავლიან და მომავალში უფრო დეტალური და საგნობრივი საუბარი იქნება ამის შესახებ. ჯერ ერთი, ჩემი პრეროგატივა სრულებით არაა კანონების განხილვა, რომელი კანონია კარგი და რომელი არ არი, მით უმეტეს ისეთი კანონი, რომელიც ეხება ჩვენს სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემას. თავიდანვე შევთანხმდით ეგრეთ წოდებულ წითელ ხაზებზე, რაც დაკავშირებულია ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან, ჩვენ საერთაშორისო და თავისუფალ არჩევანთან.“

ტელეკომპანია მაესტროს ეთერში საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას პარლამენტის უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი, გარკვეულწილად, მოუმზადებელი ხვდება საქართველოს ახალი ხელისუფლების ინიციატივებსა და პოზიტიურ სტრატეგიას ურთიერთობების აწყობის მხრივ. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს მეტი პასუხიმსგებლობა აქვს პატარა სახელმწიფოების მიმართ გამომდინარე იქიდან, რომ ის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ირაკლი სესიაშვილი რუსეთის მიერ დე-ფაქტო რესპუბლიკების აღიარების გადახედვის შესაძლებლობასაც შეეხო საუბრისას.

„პირველ რიგში ვიტყოდი, რომ რუსეთის ინტერესშიც შედის მოლაპარაკებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემხვედრი ნაბიჯი მათი მხრიდან არ იქნებოდა. შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ გარკვეულწილად, რუსეთი მოუმზადებელია ახალი ხელისუფლების სტრატეგიის მიმართ. რადგან ჩვენ აშკარად, გამოკვეთილად ცივილიზებული მიდგომა გვაქვს, მიუხედავად ოკუპაციაში მყოფი ქვეყნისა. ეს ყველაფერი ეყრდნობა საერთაშორისო სამართალს. დასავლეთი ცალსახად აღნიშნავს, რომ ჩვენი სტრატეგიაა პოზიტიურია. სწორედ ამ ფორმისთვის არ დაგვხვდა რუსეთი მზად, როგორც ჩანს. ამიტომ მეჩვენება, რომ ის პრეტენზიები, რაც მოდის რუსეთის მხრიდან, მოუმზადებელია. გავიხსენებ მაგალითს, როდესაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მოადგილემ თქვა ზოლში, რომელიც გადმოვწიეთ 200 კოტეჯი უნდა ჩავდგათო. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს გარკვეული ინტერესები მათი მხრიდან. ეს უკვე საფუძველია იმისა, რომ ჩვენ დიალოგი დავიწყოთ, საფუძველია იმისა, რომ ჩვენ დიალოგში ვეძებოთ კომპრომისული ვარიანტები, რაც საბოლოო ჯამში, დიალოგს გაამყარებს. მიუხედავად იმისა, რომ კარასინის სიტყვები, შესაძლოა ჩვენი ყურისთვის სასიამოვნო მოსასმენი არ იყოს, თავად ფაქტი, რომ ინტერესი არსებობს და გარკვეული საკითხებია, რასაც მხარეები აყენებენ, ეს თავად ნიშნავს, რომ დიალოგის შემდგომი გაგრძელების საფუძველი არსებობს. მათ შორის ეს იმას ნიშნავს, რომ იქ, სადაც მხარეებს არ მოსწონთ რაღაც, შესაძლებელია რაღაც გამოსწორდეს. ამიტომ, მე შევეცდები, რომ პოზიტიურ ჭრილში შევაფასო შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვამბობ, რომ რუსეთი ცივილიზებული მიდგომებისგან შორსაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დიპლომატია ხელოვნებაა“,- ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

ჩრდილო -ატლანტიკური ალიანსის ორდღიანი მინისტერიალის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ბირიუსელში, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს შესახებაც ისაუბრა. მან მოუწოდა რუსეთს დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებები და ასევე განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება უცვლელია და საქართველო ნატოს წევრი გახდება როგორც კი დააკმაყოფილებს ალიანსის წევრობისთვის საჭირო მოთხოვნებს.

„ბარიერების აგებამ და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვამ, შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს. ეს მიუღებელია. ჩვენ ვთხოვეთ რუსეთს, დაიცვაას საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები,“- განაცხადანატოს გენერალურმა მდივანმა.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი როგორც აცხადებს, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ამდენად ქვეყანაში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის არსებობა საჭიროა.

ამ დროისთვის მავთულხლართების გაყვანის პროცესი ადმინსიტრაციული საზღვრის მიმდებარედ შეჩერებულია. ხვალ იქ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტია დაგეგმილი.