ხუთშაბათს რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ამ და მომდევნო კვირებში ქვეყანას ფეხბურთის მილიონობით გულშემატკივარი ეწვევა. ასეულობით ათასი მათგანი სამხრეთ ამერიკიდან და აფრიკიდან ჩამოვა. რუსულ ფეხბურთთან დაკავშირებული ძალადობრივი ინციდენტებისა და რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტების გამო, ბევრი ვარაუდობს, რომ გულშემატკივრების ნაწილი ჩემპიონატზე წასვლისგან თავს შეიკავებს. თუმცა რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამგვარი შემთხვევები მკაცრად დაისჯება.
ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრებად რუსეთში ასობით ათასი ადამიანი აპირებს ჩასვლას სამხრეთ ამეირკიდან. მოსკოვი კი ლათინური ცეკვის ჰანგებითაა ავსებული. ქალაქში ტანგოს უამრავი გაკვეთილი ტარდება.
ელენა კლიმოვა, ტანგოს მასწავლებელი, ამბობს, რომ ეს "დროსტარების, ურთიერთობისა და ნდობის ფილოსოფიაა" და არა მხოლოდ ცეკვა. ტანგოს გაკვეთილებზე დამსწრეები კი ამბობენ, რომ სამხრეთულ "ცხელ ემოციებს" მოუთმენლად ელიან. ~
მოსკოვში მდებარე "ნავაროს რესტორანში" კი არგენტინის გულშემატკივრები დაიდებენ ბინას. არჩევანი დიდია, სტეიკი იქნება ეს თუ ბლინები კარამელის სოუსით. თუმცა შეფ-მზარეული ამბობს,რომ ფანებს გონებაში მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებთ: რას იზამს მესი ამ ჩემპიონატზე.“
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში შეჯიბრის გარდა, მსოფლიო კულტურის ფესტივალიცაა. თუმცა მრავალფეროვნებას ყველგან და ყოველთვის კარგად არ იღებენ. ჩემპიონატის ორგანიზატორმა, „ფიფამ“ გასულ თვეში „რუსეთის ფეხბურთის კავშირი“ 30 000 დოლარით დააჯარიმა იმის გამო, რომ საფრანგეთის წინააღმდეგ თამაშისას შავკანიანი მოთამაშეების მიმართ გულშემატკივრებმა რასისტული შეძახილები გამოიყენეს.
ანტი-რასისტული ქსელის ხელმძღვანელი პიარა ფაუარი ამბობს, რომ რასისტულ ნიადაგზე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტები ბევრს უგზავნის საგანგაშო სიგნალს:
„ჩვენ ვხედავთ, რომ ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტები აქტიურობენ სტადიონის შიგნითაც კი. აქ საკმაოდ ხშირად ვხვდებით მუქარის, საფრთხის შემცველ ქმედებებს. ასე რომ, რუსული ფეხბურთი ბევრი ადამიანისთვისაა ზონა, რომელსაც უნდა მოერიდონ“, - ამბობს ფაუარი.
აზიზ კამარა პეტერბურგში მალიდან ჩამოვიდა და ადგილობრივ საფეხბურთო გუნდში - „მაქსიმაში“ თამაშობს. ამბობს, რომ გულშემატკივრებს შიშის საფუძველი არ აქვთ.
„სანამ რუსეთში ჩამოვიდოდი, მესმოდა ბევრი საუბარი რასიზმის შესახებ, მეუბნებოდნენ, რომ ეს კვლავ ძალიან ჩაკეტილი ქვეყანაა და რთულია აქ ცხოვრება. მაგრამ მე ამის საპირისპირო სიტუაცია დამხვდა, ძალიან კარგად მიმიღეს“, - ყვება აზიზი.
თუმცა სხვები გაცილებით მეტად ფრთხილობენ. ინგლისის გუნდის შავკანიანმა მცველმა დენი როუსმა სწორედ რასიზმის მიზეზით თავის მშობლებს სთხოვა რუსეთში მის საგულშემატკივროდ არ ჩასულიყვნენ. გაფრთხილებას ავრცელებენ ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც. განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ შესაძლოა 2016 წელს საფრანგეთში რუსეთისა და ინგლისის გულშემატკივართა დაპირისპირების მსგავსი რამ არ მოხდეს.
რუსეთის ხელისუფლება პირობას დებს, რომ რასიზმსა და ხულიგნობას არავის აპატიებენ და რომ ქვეყანაში ყველა კულტურის წარმომადგენელს სიხარულით ელიან.