რუსეთის ქმედებები და დასავლეთის რეაქცია 2015 წელს

დონეცკი, უკრაინა, 2015 წლის თებერვალი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წლების განმავლობაში არ ერიდებოდა კუნთების თამაშს და მისი ქვეყნის სამხედრო ძლიერების გამოჩენას... სირია ამის უკანასკნელი მაგალითია.

„ჩვენ მეტი სამხედრო შესაძლებლობები გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში მას გამოვიყენებთ.“

თუმცა, როცა პუტინი ამბობს „ჩვენ“, დასავლეთში ყურადღებას უშუალოდ რუსეთის ლიდერზე ამახვილებენ.

რობერტ კარდილო შეერთებული შტატების გეოგრაფიული დაზვერვის სააგენტოდან ამბობს:

„დღევანდელი რუსეთი პუტინია. პუტინს მიაჩნია, რომ გლობალურ არენაზე რუსეთს უსამართლოდ არგუნეს დაკნინებული როლი.“

მიმომხილველები შიშობენ, რომ რუსეთის ლიდერმა მოქმედება ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ჯეიმს ვულსი ამბობს:

„ვფიქრობ, პუტინი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა აღმოსავლეთ ევროპაში და თუ გაუვა, ბალტიის ქვეყნებსა და დასავლეთ ევროპაშიც კი რუსეთის გავლენა აღადგინოს.“

მსოფლიოს საქმეებში რუსეთის შემოჭრის გარდა, პუტინის თავდაჯერებულობამ, შესაძლოა, რუსეთის სამხედრო მრეწველობასაც ბიძგი მისცეს და მან ავღანეთსა და ერაყში იარაღის გაყიდვა გაზარდოს, თუმცა ისეთ ადგილებში, როგორიცაა სირია, მნიშვნელოვანი რისკი არსებობს.

ჯონ ჰერბსტი, ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში ამბობს:

„სირიიდან წარუმატებლად წასვლის შემთხვევაში, შინ მისი ლეგიტიმაცია შესუსტდება. პუტინის ამჟამინდელი ლეგიტიმაცია იმაზეა დაფუძნებული, რომ ის თავს ძლიერ ლიდერად ასაღებს.“

დასავლეთის მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ზიანი, რასაც რუსეთი ქმედებები იწვევს, შესაძლოა, ვერ გამოსწორდეს.

კრისტოფერ ჰარმერი ომის კვლევის ინსტიტუტიდან ამბობს:

„რუსეთთან მოკავშირეობა ირანს, ჰეზბოლასა და სირიას ბევრად მეტ შესაძლებლობებს აძლევს და მათ უფრო საშიშს ხდის.“

როგორც ჩანს, მოვლენათა ამგვარი განვითარება რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გეგმების ნაწილია.