კრემლი დასავლეთს მესამე მსოფლიო ომის შესახებ აფრთხილებს და მინიშნებებს ბირთვულ იარაღზე აკეთებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარება "ცეცხლთან თამაშს" ჰგავს, რომელიც საფრთხეს უქმნის "ზრდასრულ ბიძიებს და დეიდებს".
ეს იმ ფონზე, როცა ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ კურსკის რეგიონზე უკრაინის თავდასხმას რუსეთის მხრიდან ღირსეული პასუხი ექნება.
სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში დასავლეთი უკრაინის ომის ესკალაციას ცდილობს და "ითხოვს უბედურებას". თუმცა ის არაფერს ამბობს, იმის შესახებ, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი თავად რუსეთმა 2022 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.
"ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ეს არის ცეცხლთან თამაში - და ისინი არიან პატარა ბავშვები, რომლებიც ასანთით თამაშობენ - ეს ძალიან საშიშია ზრდასრული ბიძებისთვის და დეიდებისთვის, რომელთაც ამა თუ იმ დასავლურ ქვეყანაში ბირთვულ იარაღს ანდობენ", - ამბობს ლავროვი მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბრისას.
"ამერიკელები ცალსახად აკავშირებენ საუბრებს მესამე მსოფლიო ომთან ან რაღაც ასეთთან. ღმერთმა ნუ ქნას, თუ ეს მოხდება მას გავლენა ექნება ექსკლუზიურად ევროპაზე",- ამბობს ლავროვი.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, კრემლიდან ხშირად ისმის განცხადებები მესამე მსოფლიო ომისა და ბირთვული ომის შესახებ. მსგავსი შინაარსის განცხადება რამდენჯერმე გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმაც, თუმცა ის განმარტავს, რომ რუსეთის სურვილი არ არის ამერიკასთან და ნატოსთან ომი.