მოსკოვმა გააპროტესტა ბაქოს განცხადება, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის მიერ რეგიონული არჩევნების ჩატარების შესახებ.
რუსეთის პროტესტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გაახმოვანა. მანვე, „მიუღებელ და მავნე“ განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა სომხეთი. ზახაროვა ამბობს, რომ ერევნის მიერ გაკეთებული განცხადებები, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, სამშვიდობო მოგვარების პერსპექტივებს აზიანებს.
მიმომხილველთა ნაწილს მიაჩნია, რომ ზახაროვას მიერ გაკეთებული განცხადებები, მოსკოვს ორივე ქვეყანასთან გაუარესებულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს. ამასთან, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გამო, მიმომხილველთა შეფასებით, რუსეთს უჭირს რეგიონში „უსაფრთხოების გარანტორის“ წამყვანი პოზიცია შეინარჩუნოს.
რუსეთის მიერ, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კენჭისყრის გამართვის შესახებ, შაბათ-კვირას გამოქვეყნებულ ბაქოს განცხადებაში წერია, რომ „უკრაინის გარკვეულ ტერიტორიებზე, მოჩვენებითი არჩევნები“ გაიმართა. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული კენჭისყრა, უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიებზე გაიმართა, რაც მას იურიდიული თვალსაზრისით ბათილად აქცევს.
ზახაროვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვმა დიპლომატიური პროტესტი გამოთქვა, რადგან ეს კომენტარები „ჩვენთვის მიუღებელია და არ შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის მოკავშირე ბუნებას.“
„ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ბაქო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იგივე პატივისცემით უნდა მოეპყროს, რასაც თავად ელის ჩვენგან, როცა საქმე აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება“ - თქვა ზახაროვამ.
სომხეთმა რუსეთი დაადანაშაულა იმაში, რომ მოსკოვმა ვერ შეძლო დაეცვა იმისგან, რასაც თავად აზერბაიჯანის აგრესიას უწოდებს.
ზახაროვამ განაცხადა, რომ ერევნის ბოლო განცხადება „არამეგობრული ხასიათისაა“ და ის მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობო პროცესს აზიანებს.