43 ადამიანი დაშავდა და 6 დაიღუპა სროლის დროს რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შემთხვევა ქალაქ პერმში მოხდა.
ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც 7 დაშავებული პერმიდან მოსკოვში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, სტაციონარში სულ 12 ადამიანი იმყოფება, მათ შორის თავად თავდამსხმელი ტიმურ ბაკმასუროვი.
თავდამსხმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ოფიციალური ინფორმაციით თავდამსხმელისთვის ფეხის მოკვეთა გახდა საჭირო.
თავდამსმელი ბაკმასუროვი ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია. ის პირველ კურსზე სწავლობს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მან ცეცხლი 20 სექტემბერს დილით ჯერ კამპუსში, შემდეგ კი ერთ-ერთი ფაკულტეტის შენობაში გახსნა. მალევე ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ და თავდამსხმელი დააკავეს. ბაკმასუროვის დაკავება საგზაო-საპატრულო სამსახურის თანამშრომლებმა შეძლეს.
რუსეთში უკვე მეორე დღეა დაღუპულებს გლოვობენ და დაშავებულთა გადარჩენისთვის ლოცულობენ.