კრემლის მედიააგენტები აშშ-ში და მოსკოვის საპასუხო სვლა

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალება RT, იგივე „რაშა თუდეი“, ამერიკაში უცხო ქვეყნის აგენტად დარეგისტრირდა. უცხო ქვეყნის აგენტთა რეგისტრაციის კანონის (FARA) მიხედვით, რეგისტრაცია არხს მაუწყებლობას არ უკრძალავს და არ უზღუდავს, თუმცა ტელეარხს მოუწევს, საჯაროდ განაცხადოს, რომ მას კრემლი აფინანსებს. RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა ორშაბათს „ტვიტერზე“ განაცხადა, რომ სასამართლო ბრძოლის ნაცვლად, დარეგისტრირების გადაწყვეტილება მიიღეს.

“წარმოიდგინეთ, მედიაში მუშაობთ და გიწევთ, ყველაფერს “უცხო ქვეყნის აგენტი” დააწეროთ. რამდენად მისაღებია ეს მედიასაშუალებისათვის, ან მისი აუდიტორიისათვის? რამდენად მოსაწონია, პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო პირთა შესახებ ინფორმაციის გასარაჯოება?“ - განაცხადა სიმონიანმა.

წარმოიდგინეთ, მედიაში მუშაობთ და გიწევთ, ყველაფერს “უცხო ქვეყნის აგენტი” დააწეროთ
მარგარიტა სიმონიანი

იუსტიციის დეპარტამენტმა RT-ის რეგისტრაციის ვადა 13 ნოემბერამდე მისცა. წინაღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივი პროცედურების ამოქმედებით დაემუქრა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, ჰეზერ ნაუერტმა განაცხადა, რომ ტელეარხის რეგისტრაცია საჭიროა მხოლოდ მაშინ, "როდესაც ორგანიზაცია თუ ცალკეული პირი პოლიტიკურ აქტივობაშია ჩართული". კრემლის მიერ დაფინანსებულ გამოცემას, ამერიკაში რეგისტრაცია არ სურდა, რადგან მოუწევს, ამერიკელი მაყურებლისათვის შექმნილ ყველა მედიაპროდუქტს დააწეროს, რომ ის უცხო ქვეყნის აგენტია.

"ვფიქრობ, RT-ს უცხო ქვეყნის აგენტად გამოცხადება დროთა განმავლობაში რუსეთის პროპაგანდული საქმიანობის დისკრედიტაციაში დაგვეხმარება. ზოგადად, პრობლემა, თუ როგორ გავუმკლავდეთ რუსულ დეზინფორმაციას, დიდი თემაა. რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის წყაროების, RT-ისა და “სპუტნიკის” გამოვლენა საქმის მხოლოდ ერთი ნაწილია", - ამბობს დენ ფრიდი.

ვფიქრობ RT-ს საგარეო აგენტად გამოცხადება დროთა განმავლობაში რუსეთის პროპაგანდული საქმიანობის დისკრედიტაციაში დაგვეხმარება
დენ ფრიდი

ამერიკამ უცხო ქვეყნის აგენტთა რეგისტრაციის კანონი (FARA) 1938 წელს მიიღო. კანონი თავდაპირველად ნაცისტური პროპაგანდის გამოვლენას ისახავდა მიზნად. ცივი ომის პერიოდში აღნიშული კანონის მოთხოვნით, უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრირდებოდა საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტოს (TACC) ნიუ-იორკის ბიურო, აგრეთვე საბჭოთა გამოცემები „პრავდა“ და „იზვესტია“. საბჭოური მედიასაშუალებების მსგავსად, RT-ისაც 99%-ით კრემლი აფინანსებს.

“RT აიძულეს, დარეგისტრირებულიყო უცხო ქვეყნის აგენტად. ვფიქრობ, ეს ცუდია. ჩვენ ამას არამეგობრულ ნაბიჯად განვიხილავთ. დღეს RT-იში ვიყავი და გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა ჩემი კოლეგებისა და მეგობრების მიმართ, ვინც იქ მუშაობს. ეს ადამიანები, სირთულეების მიუხედავად, მუშაობას აგრძელებენ და ამერიკელ ხალხს ალტერნატიურ ხედვას აცნობენ”, - თქვა რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა.

რუსული საინფორმაციო საშუალებების ირგვლივ დებატები მას შემდეგ გამწვავდა, რაც იანვარში აშშ-ის დაზვერვამ დაასკვნა, რომ კრემლი RT-ისა და "სპუტნიკს" ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა. მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ რეგისტრაცია პრობლემას ვერ გადაჭრის.

რუსეთში 2012 წლიდან "უცხო ქვეყნის აგენტის კანონი" მოქმედებს და ის არასამათავრობო ორგანიზაციებზე ვრცელდება. კრემლი მას ხშირად იყენებს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ხმების ჩასახშობად. იმ 148 ორგანიზაციიდან, რომელიც რუსეთმა ამ კანონით დაარეგისტრირა, 27 დაიხურა. ბევრი უცხოური ორგანიზაცია ქვეყნიდან გააძევეს.

“რუსეთის ქმედებების გამეორება და ტელეარხების აკრძალვა არაფერს შეცვლის. ეს მხოლოდ ჩვენს სისუსტეს აჩვენებს. საჭიროა, შევინარჩუნოთ გამჭირვალობა და გავზარდოთ საკუთარი ღირებულებებისადმი ნდობა. რუსეთი ყოველთვის შეეცდება ჩვენი სისუსტის გამოყენებას. პირველ რიგში, საჭიროა ამ სისუტეების აღმოფხვრა", - ამბობს არკადი ოსტროვსკი, ჟურნალ "ეკონომისტის" რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების რედაქტორი.

საპასუხო ნაბიჯი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის საპასუხო ნაბიჯებს განიხილავს, რაც, სავარაუდოდ, "ამერიკის ხმისა" და "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტების კიდევ უფრო შეზღუდვას გულისხმობს. 2014 წელს რუსეთმა "ამერიკის ხმას" რადიომაუწყებლობის ლიცენზია არ განუახლა. "რადიო თავისუფლებას" სულაც 2012 წლიდან შეეზღუდა რადიოგადაცემა. ხშირია ამ მედიასაშუალებებისა და სხვა უცხოელ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები .

ოთხშაბათს რუსეთის დუმამ ერთხმად მიიღო კანონი, რომელიც საერთაშორისო მედიასაშუალებებისგან "უცხო ქვეყნის აგენტად" რეგისტრაციას ითხოვს. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "რადიო თავისუფლების" სამ საინფორმაციო სააგენტოს და "ამერიკის ხმას" გაფრთხილება უკვე გაუგზავნა, თუმცა მის წერილში მითითებული არ იყო, თუ რა შეზღუდვები უწესდება აღნიშნულ ორგანიზაციებს. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტიამ" დუმის ახალი კანონი მედიის თავისუფლებაზე “სერიოზული დარტყმად” შეაფასა. დუმამ ასევე დაამტკიცა ცვლილებები "მასმედიის შესახებ კანონში", რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს, "არასასურველი" ვებ-გვერდები სასამართლოს გარეშე დაბლოკოს.

"ამერიკის ხმასა" და “რადიო თავისუფლებასთან” ერთად ახალი კანონი CNN-სა და გერმანულ მაუწყებელ “დოიჩე ველეს" შეეხება. დუმის გადაწყვეტილების შემდეგ, კანონი განსახილველად ზედა პალატაში გადაიგზავნება, რის შემდეგაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს. კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვს ჯერ-ჯერობით არ უთქვამს, რას აპირებს პრეზიდენტი პუტინი.

რუსეთში 2012 წლიდან "უცხო ქვეყნის აგენტის კანონი" მოქმედებს და ის არასამათავრობო ორგანიზაციებზე ვრცელდება. კრემლი მას ხშირად იყენებს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ხმების ჩასახშობად. იმ 148 ორგანიზაციიდან, რომელიც რუსეთმა ამ კანონით დაარეგისტრირა, 27 დაიხურა. ბევრი უცხოური ორგანიზაცია ქვეყნიდან გააძევეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, ითვალისწინებს თუ არა ახალი კანონი, უცხოური მედიასაშუალებების მაუწყებლობის აკრძალვას, დახურვას, ან მათ ქვეყნიდან გაძევებას.