ერთი კვირის წინ, რუსეთის ინგლისურენოვანმა ტელეარხმა "რაშა თუდეიმ“ განაცხადა, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა, კომპანიას, რომელიც „რაშა თუდეის“ ამერიკაში გადასცემს, მოსთხოვა „უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის" (FARA) საკანონმდებლო აქტის შესაბამისად რეგისტრაცია გაიაროს. ამ შემთხვევაში ტელეარხს მოუწევს მაყურებელს გაუმხილოს, რომ მას კრემლი აფინანსებს.
რაშა თუდეისთვის უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაციის იდეით პირველად დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი გამოვიდა. მას მხარს დემოკრატი კონგრესმენი დავიდ სისილინი და რესპუბლიკელი მეთიუ გაეცი უჭერენ. მათ კონგრესში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს აძლევს უფლებას გამოიძიოს რუსეთის ინგლისურენოვანი მედია საშუალების მიერ FARA-ს შესაძლო დარღვევა.
„რუსეთი დღეს“ ანუ „რაშა თუდეი“ 24/7-ზე ინგლისურ ენაზე გადაცემს საერთაშორისო ახალ ამბებს და მისი ნახვა ყველა სასტუმროსა ოთახებსა თუ საკაბელო არხებს შორის შეგიძლიათ
ამერიკამ FARA 1938 წელს მიიღო და თავდაპირველად ნაცისტური პროპაგანდის გამოვლენას ისახავდა მიზნად. ამ აქტით ყველა პირი, რომელიც დაკავშირებულია უცხო ქვეყნის მთავრობასთან ვალდებულია საჯაროდ განაცხადოს საკუთარი კავშირების შესახებ. ცივი ომის პერიოდში FARA-ში რეგისტრირდებოდა TASS-ის ნიუ-იორკის ბიურო და საბჭოთა მედია გამოცემები „პრავდა“ და „იზვესტია“. მსგავსად საბჭოური მედია საშუალებებისა, RT ფინანსურად კრემლზეა დამოკიდებული და დაფინანსების 99% პროცენტს მთავრობისგან იღებს. მისი ბიუჯეტი, ოფიციალურად 2017 წლისთვის 323 მილიონი დოლარია. თუმცა, The Daily Beast-ის ინფორმაციით, 2005-2013 წლებ ში "რაშა თუდეის" გაჟონილი ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, გამოცემამ რუსეთის მთავრობისგან 2 მილიარდ დოლარამდე მიიღო.
„რუსეთი დღეს“ ანუ „რაშა თუდეი“ 7 დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ინგლისურ ენაზე გადაცემს საერთაშორისო ახალ ამბებს და მისი ნახვა ყველა სასტუმროსა ოთახებსა თუ საკაბელო არხებს შორის შეგიძლიათ. ის ინგლუსურენოვან სატელევიზიო ქსელს, სააგენტო სპუტნიკს, ყოფილ “რია ნოვოსტის” და ვიდეო პორტალ “Ruply”-ს მოიცავს. ტელეარხი 2005 წელს შეიქმნა, თუმცა საქართველო-რუსეთის ომამდე მისი პოპულარობა შეზღუდული იყო. 2008 წელს არხი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ქართველების მიერ „ოსების გენოციდზე“ ალაპარაკდა. ამის შემდეგ არხმა მიზანს მიაგნო და რეორგანიზაციას მიმართა. ოფიციალური სახელი, მაყურებლის დასაბნევად აბრევიაცია RT-ით შეცვალა. "რაშა თუდეი“ ექვს ენაზე მაუწყებლოს და 100 ქვეყანას ფარავს. მას მსოფლიოში ყოველკვირეულად 70 მილიონი ადამიანი უყურებს. არხის მიზანია „გადასცეს რუსეთის თვალსაზრისი მთელ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე."
ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გამჭირვალობის და ღიაობის პრინციპით. ჩვენ გვინდა, რომ მათთმა მაყურებელმა და მსმენელმა გაიგოს, რომ ეს რუსული მთავრობის იარაღია, და რუსეთი ამერიკასთან ბევრ საკითხზე თუ ღირებულებებზე ვერ თანხმდება.ჯეფრი გედმინი
“მე ვყოყმანობ იმაზე თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ კანონის ფარგლებში RT-ს მივუდგეთ. არსებობს შესაძლებლობები და ასევე გაუთვალისწინებელი შედეგები. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გამჭირვალობის და ღიაობის პრინციპით. ჩვენ გვინდა, რომ მათმა მაყურებელმა და მსმენელმა გაიგოს, რომ ეს რუსეთის მთავრობის იარაღია, და რუსეთი ამერიკასთან ბევრ საკითხზე თუ ღირებულებებზე ვერ თანხმდება. მე ვფიქრობ ამის მიღწევის სხვადასხვა გზა არსებობს“, - ამბობს ჯეფრი გედმინი, ატლანტიკური საბჭოდან, რომელიც "რადიო თავისუფლების" ყოფილი ხელმძღვანელია.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციის იარაღად გამოყენებაზე დებატები მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ წელს, 2016 წლის ამერიკის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამოძიება დაიწყო. იანვარში ეროვნული დაზვერვის დირექტორატმა დაასკვნა, რომ კრემლი იყენებდა ამ მედია საშუალებებს რათა, 2016 წლის არჩევნებზე გავლენა მოეხდინა.
FARA-ში რეგისტრაცია ტელეარხს მაუწყებლობას არ უკრძალავს და არც უზღუდავს. თუმცა მაყურებელს საშუალებას აძლევს გაიგოს მეტი ინფორმაციის წყაროს შესახებ. FARA-ს მიხედვით რეგისტრაციის შემთხვევაში, “რაშა თუდეის“ მოუწევს იუსტიციის დეპარტამენტში ყველა გადაცემული ინფორმაციის თაობაზე წარადგინოს ანგარიში.
რუსული მხარე უარყოფს, რომ ის მედიას გავლენის იარაღად იყენებს. „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში, გასულ კვირას, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი პროპაგანდას არ ავრცელებს და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მოსკოვის „საპასუხო ნაბიჯებია“.
დასვი მეტი კითხვა
“დასვი მეტი კითხვა“ RT-ის სლოგანია. RT-ისთან ერთად მოსკოვი იყენებს სოციალური მედიას, რათა დასავლური ინსტიტუტების და მედიის დისკრედიტაცია მოახდინოს. ცოტა ხნის წინ, „ფეისბუქმა“ განაცხადა, რომ მათ დაახლოებით 100,000 ამერიკული დოლარის ღირებულებების რეკლამები მიჰყიდეს რუსულ კომპანიას, რომელთა სამიზნეც შესაძლოა, საარჩევნო კამპანიის დროს, ამერიკელი ამომრჩეველი იყო.
უნდა გავაანალიზოთ რომ რუსეთთან რთულ ვითარებაში ვართ და შესაბამისად უნდა მოვიქცეთფრენკ კრეიმერი
“მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ყურადღება გავამახვილოთ რუსეთის ქმედებებზე ფართო კონტექსტში. მოსკოვი აწარმოებს ჰიბრიდულ ოპერაციებს, იქნება ეს სამხედრო ძალის გამოყენება, კიბერ შეტევები, ეკონომიკური ზეწოლა თუ გავლენის მოხდენის მცდელობები, როგორიცაა რაშა თუდეის შემთხვევა“, - ამბობს ფრენკ კრეიმერი, ატლანტიკური საბჭოდან. „მნიშვნელოვანია უფრო მეტი გამჭირვალობა, რასაც უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტი მოითხოვს. ჩვენ ზოგადი მიდგომა უნდა შევიმუშაოთ, გავაანალიზოთ რომ რუსეთთან რთულ ვითარებაში ვართ და შესაბამისად უნდა მოვიქცეთ“, - დაამატა მან.
რუსული "სპუტნიკი" საქართველოშიც გადმოცემს. რამდენიმე თვის წინ სპუტინკის ქართულმა ბიურომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ თავისუფალი მიმოსვლა საქართველოს ავალდებულებდა სირიელი ლტოლვილები მიეღო - რასაც სიმართლესთან კავშირი არ აქვს. საქართველოში ამ მედია საშუალებების და სხვა ქართული გამოცემების, რომლებიც ასევე კრემლის ინტერესებს ემსახურებიან ან იზიარებენ, მიზანი დასავლეთის დემონიზაცია, მისი „ამორალურად“ წარმოჩენა და მისით იმედგაცრუების დანერგვაა.
როდესაც რუსული მედიაზე საუბრობენ, ხშირად ვლადისლავ სურკოვის სახელი ისმის. ის რუსული მედიის ერთ-ერთი შემოქმედი და კრემლში გავლენიანი ფიგურაა. 2013 წლიდან, სურკოვი პრეზიდენტის პირადი მრჩეველია ოკუპირებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და უკრაინის საკითხებში. სურკოვს უკავშირებენ პუტინის იმიჯის შექმნას და კრემლის დემიურგს უწოდებენ. „ჩემი საქმიანობა კრემლში და მთავრობაში მოიცავს იდეოლოგიას, მედიას, პოლიტიკურ პარტიებს, რელიგიას, მოდერნიზაციას, ინოვაციას, საგარეო ურთიერთობას და… (იღიმება) თანამედროვე ხელოვნებას“, - განაცხადა მან ერთხელ ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში შეხვედრისას. ზუსტად რა როლი აქვს მას კრემლის მესიჯის გავრცელებაში რთული სათქმელია, თუმცა უკრაინის კრიზისის დროს ის ევროკავშირის და ამერიკის მიერ სანქცირებულ პირებს შორის მოხვდა.
დათვური სამსახური
RT-ის რეგისტრაციის მოწინააღმდეგეები საუბრობენ იმაზე, რომ არხის რეგისტრაციაზე დებატები მას მეტ პოპულარობას შესძენს. ისინი ამბობენ, რომ RT საკუთარი გამოკითხვებით და რიცხვებით მანიპულირებს და რეალურად მისი რეიტინგი ამერიკაში, განსაკუთრებით პოლიტიკურ გადაცემების ნაწილში, დაბალია. 2015 წლის კვლევით, RT ვერ მოხვდა ამერიკის 94 ყველაზე პოპულარულ არხს შორის. ხოლო ბრიტანეთში „მაუწყებლის მაყურებელთა კვლევების საბჭოს“ თქმით, მას მოსახლეობის 0.04% პროცენტი უყურებს.
მეორენი ამბობენ, რომ რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში რუსეთმა შესაძლოა საპასუხო ნაბიჯი გადადგას და შეუზღუდოს მოსკოვში მყოფ დასავლელ ჟურნალისტებს მუშაობის შესაძლებლობა. თუმცა ისევე როგორც სხვა მედიის, ასევე ამერიკის ხმის და რადიო თავისუფლების ჟურნალისტებისთვის რუსეთში მუშაობა უკვე შეზღუდულია. 2014 წელს, ამერიკის ხმის რადიოს, რუსეთმა მაუწყებლობის ლიცენზია არ განუახლა, ხოლო რადიო თავისუფლებას 2 წლით ადრე შეუზღუდა რადიო გადაცემა. ასევე ხშირია დაშინებისა და ზეწოლის ფაქტები ამ მედია გამოცემების და სხვა უცხოელ ჟურნალისტებზე.
ამერიკის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს (BBG) ხელმძღვანელმა, (რომელიც ამერიკის ხმას და რადიო თავისუფლებას აერთიანებს) ჯონ ლენსინგმა კონგრესს განუცხადა, რომ განსხვავება რუსეთის სამთავრობო და ამერიკის სამთავრობო მაუწყებლებს შორის, იმაშია, რომ ამ უკანასკნელს აქვს მთავრობის ჩარევისგან დამცავი სტრუქტურა და მექანიზმები.
„ამერიკის შეერთებული შტატები პროპაგანდას არ აკეთებს“, - განაცხადა ლენსინგმა. „ჩვენ გვაქვს თავდაცვითი მექანიზმები, რომლებიც დამოუკიდებელ სარედაქციო გადაწყვეტილებებში მთავრობის ჩარევას შეუძლებელს ხდის“, - დაამატა მან.
რუსეთმა შესაძლებელია ამ მედია საშუალებებს და მათ წარმომადგენლებს საპასუხოდ ასევე უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაცია მოსთხოვოს. ეს კანონი რუსეთმა 2012 წელს მიიღო, ის ძირითადად ორგანიზაციებზე ვრცელდება და კრემლი მას ხშირად იყენებს დამოუკიდებელი ორგანიზაციების თუ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ხმების ჩასახშობად. საერთაშორისო ამნისტიის რუსეთის ოფისის ხელმძღვანელის სერგეი ნიკიტის თქმით, „უცხო ქვეყნის აგენტის კანონი შექმნილია, რათა დააბრკოლოს, სტიგმატიზაცია მოხდინოს და საბოლოოდ გააჩუმოს კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციები.“ იმ 148 ორგანიზაციისგან, რომელიც ამ კანონით რუსეთმა რეგისტრაციაში გაატარა, 27 დაიხურა და ბევრი უცხოური ორგანიზაცია ქვეყნიდან გააძევეს.
ჩვენ ამერიკაში გამჭირვალობის გვჯერა. ეს ცენზურის ან დახურვის მცდელობა არ არის. და არ არის ექვივალენტი იმის რასაც რუსეთი რუტინულად ჩადის უცხო ქვეყნის და საკუთარი მედიის მიმართჯეიმს კირჩიკი
“ჩვენ ამერიკაში გამჭირვალობის გვჯერა. ეს ცენზურის ან დახურვის მცდელობა არ არის. და არ არის ექვივალენტი იმის, რასაც რუსეთი რუტინულად ჩადის უცხო ქვეყნის და საკუთარი მედიის მიმართ, და მოიცავს ამერიკის ხმისა და რადიო თავისუფლებისთვის მუშაობის გართულებას, ცენზურას თუ დახურვას”, - - ამბობს ამერიკის ხმასთან საუბარში ჯეიმს კირჩიკი, ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი. “ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ მოსახლეობას გავაცნოთ თუ საიდან იღებენ ისინი ინფორმაციას“, - აცხადებს ის.
რუსული გამოცემების და საერთაშორისო მედია საშუალებების მიმართ სხვა ქვეყნებმაც მიიღეს ზომები. მაგალითად, ბრიტანეთის მედია რეგულატორმა „Ofcom”, რუსეთის წინააღმდეგ მიღებული საჩივრები გამოიძია და მედიასაშუალება დააჯარიმა მიკერძოებულობის გამო. მწერალი და ჟურნალისტი პიტერ პომერანცევი, რომელიც რუსულ პროპაგანდას იკვლევს, ამბობს, რომ ბრიტანეთის რეგულატორმა RT დატუქსა, და თუმცა რთულია იმის თქვა შეცვლის თუ არა RT ქმედებებს, მისი თქმით ამ ნაბიჯმა „მაყურებელზე გავლენა იქონია“. მსგავსად ამისა, საფრანგეთში, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საარჩევნო კამპანიის დროს, RT-ის და სპუტნიკს შეხვედრებზე დასწრება აუკრაძალა და მოგვინებით, მაისში, ვლადიმირ პუტინთან ერთობლივ პრესკონეფრენციაზე, მათ „გავლენის და პროპაგანდის იარაღი უწოდა". დღეს კი ვაშინგტონში ფიქრობენ იმაზე თუ როგორ გაუმკლავდენ საინფორმაციო თავდასხმებს.