რუსეთმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას, ე.წ. უქმეების პერიოდის შემდეგ შეუდგება, რომელიც ორშაბათს დამთავრდება.
ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა ამის შესახებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ოთხშაბათს შემდგარი მსჯელობის შემდეგ გამოაცხადეს. გადაწყვეტილება მიიღეს იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, “კოვიდ-19”-ით ინფიცირების ნაკადი, ზოგჯერ დღეში 10 ათასზე მეტია. ამჟამად, ინფიცირებულთა რიცხვის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა. ოთხშაბათისთვის ქვეყანაში დაავადების დაახლოებით 166 000 და ვირუსთან დაკავშირებული გარდაცვალების 1 537 შემთხვევა აღირიცხა. ეს, სხვა ქვეყნებთან შედარებით მცირე რიცხვებია, მაგრამ ბევრი ანალიტიკოსი გამოთქვამს ეჭვს, რომ ციფრები სინამდვილეს არ ასახავს.
რუსეთის ანალიტიკოსმა პეტერ ელცოვმა “ამერიკის ხმას” უთხრა: რუსული მედია ამას რუსული მედიცინაზე დაყრდნობით წარმოადგენს, რომელმაც საბჭოთა მედიცინის “საუკეთესო” ტრადიციები მემკვიდრეობით მიიღო. "ოფიციალური მედია პუტინს მუდმივად მადლობას უხდის, მისი სავარაუდოდ შესანიშნავი და ადამიანური ლიდერობისთვის, იმავდროულად კი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ვირუსს სათანადოდ ვერ დაუპირისპირდა. თუმცა, რუსი ხალხი კორონავირუსის საფრთხეს და რუსეთის მთავრობის მიერ დაწესებული საკარანტინო ზომების კანონიერებას ძალიან სკეპტიკურად უყურებს, განსაკუთრებით მოსკოვში, სადაც ადამიანებს ყველაზე აუცილებელი საჭიროების გარდა, სახლიდან გასვლა აუკრძალეს.”
რუსეთის მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქს კორონავირუსმა ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენა. პუტინმა საგანგებო მდგომარეობა არ გამოაცხადა და ამის ნაცვლად, ადგილობრივ ლიდერებს არაპოპულარული საკარანტინო ზომების შემოღება დაავალა.
პუტინმა კარანტინის მოხსნის ტემპის განსაზღვრაც ადგილობრივი ლიდერების ხელში დატოვა და თქვა, რომ ზოგიერთ რეგიონში ეს ზომები ძალაში უნდა დარჩეს, ან საჭიროების შემთხვევაში გამკაცრდეს.
მოსკოვის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სამრეწველო და სამშენებლო კომპანიებს მუშაობის განახლების უფლებას სამშაბათიდან მისცემენ, მაგრამ მომსახურების სექტორი, ბიზნესები, სკოლები და ოჯახები მკაცრ კარანტინში და თვით-იზოლაციაში დარჩებიან.
სხვა რეგიონების გუბერნატორებმა თქვეს, რომ შესაძლოა კარანტინი შეამსუბუქონ, რათა ოჯახებს სასეირნოდ გასვლის უფლება მიეცეთ. სანამ ნებართვა სხვა სექტორებზე გავრცელდება, ასევე პატარა მაღაზიებიც გაიხსნება.