რუსეთი ბაქო-სუფსას ნავთობსადენის წინააღმდეგ

საქართველო მზად არის დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის მარშუტი შეცვალოს.

საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს, რომ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის 1605 მეტრი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, რუსეთმა, შეიძლება შანტაჟის იარაღად გამოიყენოს და სიტუაციის გართულების შემთხვევაში, ალტერნატიული მარშუტის მშენებლობა აქვს გადაწყვეტილი.

ბაქო-სუფსას მილსადენის ეს ნაწილი ოკუპაციის ქვეშ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოექცა, თუმცა ბოლო 7 წლის განმავლობაში, ოკუპანტები ეტაპობრივად იკავებენ სულ უფრო მეტ ტერიტორიას. ბოლო ასეთი შემთხვევა გასულ უქმეებზე მოხდა. რუსებმა 300 მეტრით გადმოიწიეს და თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს გამაგრდნენ.

იმ შემთხვევაში თუ რაიმე კონკრეტული პრობლემები იქნება, ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს, ალტერნატიული მარშუტის პროექტი, რომლის განხორციელებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს
კახი კალაძე, ენერგეტიკის მინისტრი

ოკუპაციის ქვეშ ამჯერად სოფელ ორჭოსანისა და სოფელ წითელუბნის დამატებითი ტერიტორიები მოექცა. სწორედ აქ გადის დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ამბობს, რომ არსებობს მილსადენის ალტერნატიული მარშუტის პროექტი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას გვერდს აუვლის.

"2008 წლის ომის შემდეგ, მილსადენის ამ 1605 მეტრიან მონაკვეთზე, ბრიტიშ პეტრიოლიუმი ვერ ახერხებს შემოვლით საქმიანობას და კონტროლს, მხოლოდ ხდება სატელიტიდან დაკვირვება ამ კონკრეტულ მონაკვეთზე.

ანუ, დღეს და გუშინ არ დაწყებული ეს პრობლემა, ეს 2008 წლიდან არსებობს. თუმცა, არანაირი შეფერხება ამ მილსადენს დღემდე არ ჰქონია, ის ჩვეულებრივად მუშაობს. დაახლოებით, 5 მილიონი ტონა ნავთობი გაედინება მისი მეშვეობით და საქართველო, ყოველწლიურად, 7 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალს იღებს ამ მილსადენით.

იმ შემთხვევაში თუ რაიმე კონკრეტული პრობლემები იქნება, ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს, ალტერნატიული მარშუტის პროექტი, რომლის განხორციელებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.“

დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი, ძველი საბჭოთა ნავთობსადენის ბაქო-სამგორი-ბათუმის ბაზაზეაშენდა. პირველი შეთანხმება აზერბაიჯანის მთავრობასა და ინვესტორებსშორის 1994 წელს გაფორმდა. მიზანი: კასპის ზღვიდან ნავთობის ექსპორტის დაწყება იყო.

მილსადენი 1999 წელს ამუშავდა, მთლიანი სიგრძე 833 კილომეტრია, აქედან 775 კილომეტრი 21 დიუმიანი დიამეტრის მილია. ნავთობსადენი სანგაჩალის ტერმინალიდან სუფსის ტერმინალამდეა გადაჭიმული, მილის 375 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

პოლიტოლოგი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მილსადენზე კონტროლის დაკარგვა უმძიმეს დარტყმას მიაყენებს საქართველოს რეპუტაციას და ამავდროულად, ეს არის მთელი საერთაშორისო საზოგადოების გამოწვევა.

„დღეს რაც ხდება ეს არის რუსული საუკუნოვანი პოლიტიკის ერთ-ერთი გამოვლინება, რომელიც ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას, საქართველოს დაბრუნებას რუსეთის გავლენის ქვეშ და რუსეთის გავლენის დამყარებას პოსტსაბჭოთა სივრცეში.

გამოჩნდა ახალი ჭრილი ამ პრობლემის, ეს არის რეგიონული და სტრატეგიული პრობლემა, როდესაც ტრანზიტული მილსადენი, რომელსაც გადააქვს ნავთობი კასპის ზღვიდან შავ ზღვამდე და შემდეგ ეს ნავთობი იგზავნება ევროპაში, მოექცა ოკუპაციის ზონაში. ეს ბუნებრივია უკვე იწვევს სერიოზულ რეგიონულ პრობლემებს და არის გამოწვევა საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც.“

ბაქო-სუფსას ნავთობსადენის ყველაზე დიდი აქციონერი ბრიტანული BP-ია. მილსადენის აქციებს ასევე ფლობენაზერბაიჯანული ნავთობის საერთაშორისო კომპანია, ამერიკული „შევრონი“ და „ექსონმობილი“, იაპონური „ინპექსი“ და „იტოჩუ“, ნორვეგიული „სტატოილი“, თურქული „თურქიშ პეტროლიუმი“ და ინდური ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

ბაქო-სუფსას ნავთობსადენით დღეში საშუალოდ, 145 000 ბარელი ნავთობის გადაქაჩვა შეიძლება.სუფსის ტერმინალში განლაგებულია 160 000 კუბური მეტრის მოცულობის ოთხი რეზერვუარი, ექვსი საქაჩი და ორი წნევის მარეგულირებელი სადგური.