სირიაში ოპერაციის დაწყების შემდეგ რუსეთის ჯარს პირველი დანაკარგი ჰყავს. დაღუპულის ოჯახი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თვითმკვლელობის ოფიციალურ ვერსიას, ამას ისიც ემატება, რომ ფაქტი სოციალური მედიის მკვლევარებმა გამოააშკარავეს.
რუსი მებრძოლის სიკვდილზე ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ორგანიზაციამ კონფლიქტის დაზვერვის ჯგუფი იპოვა.
„მუშაობის პროცესში ვიპოვეთ შეტყობინება ვადიმ კოსტენკოს სიკვდილის შესახებ, დავუკავშირდით მის მეგობრებს და ნათესავებს და გადავამოწმეთ, რომ ის ნამდვილად იყო სამხედრო კონტრაქტორი,“ ამბობს ორგანიზაციის დამფუძნებელი, ბლოგერი რუსლან ლევიევი ამერიკის ხმასთან იმეილით მიმოწერაში.
სირიაში დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაცია ადრეც გავრცელებულა, მაგრამ მათ მთავრობის გამოხმაურება არ გამოუწვევია, ლევიევის მიერ მოპოვებული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, თუმცა სიკვდილის მიზეზად თვითმკვლელობა დაასახელა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით 19 წლის ვადიმ კოსტენკომ თავი „პირადი პრობლემების“ გამო ჩამოიხრჩო, ამ ვერსიას არ იზიარებს კოსტენკოს ოჯახი. ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ კოსტენკოს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა, კარგი ურთიერთობა ჰქონდა მეგობარ გოგოსთან და არ აღენიშნებოდა დეპრესია.
რუსეთის ადმიანის უფლებების დაცვის კომისარმა ელა პამფილოვამ პროკურატურას საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდა. სააგენტო ინტერფაქსს პამფილოვამ უთხრა, რომ მსხვერპლის დადანაშაულება საბჭოთა პრაქტიკის გაგრძელებაა „სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა ისევ გრძელდება და ჯარი გამონაკლისი არ არის.“
გასულ მაისს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით ჯარში დაზიანებების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და მისი გასაჯაროება7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ამ კანონის მიუხედავად ლევიევის ორგანიზაცია სამხედროების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და გავრცელებას მომავალშიც აპირებს.
„რუსეთის ოპოზიცია უყურადღებოდ ტოვებს კონფლიქტებში რუსეთის სამხედრო ჩართულობას, ამავდროულად რუსული მედია სიძულვილის შემცველ პროპაგანდას ავრცელებს, ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებას ალტერნატიული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ,“ ამბობს ლევიევი, ის ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავს.
ამის პარალელურად რუსული მედია საშუალებები ელვის სისწრაფით ავრცელებენ ინფორმაციას სირიაში სამხედრო კამპანიის „წარმატების“ შესახებ. ამერიკის მთავრობა კი აცხადებს, რომ სირიაში რუსეთი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგეებს ებრძვის და არა დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს.
ინტერნეტის წყალობით არაერთხელ ამხილეს რუსეთის მთავრობა კორუფციაშიც.
ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ჯგუფი რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას პოლიტიკური ელიტის კორუფციაში ჩართულობის შესახებ. მთავრობის წევრების ფეშენებლური სახლების კადრებზე აღსაბეჭდად ის დრონებს იყენებს. ნავალნის მიერ ბოლოს გავრცელებული მასალა თავდაცვის მინისტრ შოიგუს მიერ 18 მილიონ დოლარად შეფასებული სახლის ნათესავების სახელზე გაფორმებით დამალვას ეხებოდა. სახლი, მოსკოვის გარეუბანში, პრეზიდენტ პუტინის ოფიციალური რეზიდენციის მახლობლად მდებარეობს. ნავალნი ქონების დამალვაში ასევე ადანაშაულებს პუტინის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და კრემლის სპიკერს. ყველა მათგანი ინფორმაციას უარყოფს.
ონლაინ კრიტიკის გასანეიტრალებლად კრემლი ე.წ. ტროლებს იყენებს, რომლებსაც სასურველი ინფორმაციის სოციალურ მედიაში გავრცელებაში ფულს უხდიან.
ფრიდომ ჰაუსის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშის მიხედვით რუსეთმა ნახევრად თავისუფალი ქვეყნიდან არათავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში გადაინაცვლა.