აფრიკის კონტინენტის ათობით წარმომადგენელი, ქვეყნის მეთაური, მინისტრი და ბიზნესმენი სოჭში შეიკრიბა. სოჭის სამიტი რუსეთის ფედერაციასა და 54 აფრიკულ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ემსახურება. მოსკოვს იმედი აქვს, რომ სამიტი, რომლის თანაწამყვანი, ეგვიპტის პრეზიდენტთან ერთად, რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინია, ეკონომიკურ, უსაფრთხოების და პოლიტიკურ თანამშრომლობას გააღრმავებს.
რუსეთთან თანამშრომლობის გაღვივება, აფრიკული სახელმწიფოებისთვის, რომლებიც საერთაშორისო მოკავშირეებს ეძებენ, უფრო მეტი მოქნილობის და არჩევანის საშუალებაა, განუცხადა გაეროს გეერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ჯეიმ ჯონამ „ამერიკის ხმას“.
„როდესაც მხოლოდ რომელიმე ერთ ძალაზე არ ხარ დამოკიდებული, ეს ბევრ შესაძლებლობას ქმნის“, - განაცხადა მან.
რუსეთი ასევე იმედოვნებს, რომ ის შეერთებული შტატების მიერ შექმნილ ვაკუუმს შეავსებს. გასულ წელს ნიუ-იორკ თაიმსი წერდა, რომ შეერთებული შტატები აფრიკის მასშტაბით, შეიარაღებული ძალების და მისიების შემცირებას გეგმავს. ამასთან, არაა ნათელი, რა გავლენა ექნება გასულ ზაფხულში მიღებულ ახალ სტრატეგიას „წარმატებული აფრიკა“, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა თანამდებობა დატოვა. ის იყო პირველი რომელმაც, გასულ დეკემბერში, აფრიკასთან ურთიერთობის გააქტიურების ეს გეგმა წარადგინა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, საკუთარ სიტყვაში აფრიკის კონტინენტი არ უხსენებია. ჯონას განცხადებით, ეს ნათელი მესიჯია აფრიკის ქვეყნების ლიდერებისთვის.
„თუ თქვენ პრეზიდენტ ტრამპის გაეროს სიტყვას მოუსმენთ, ის მასში აფრიკას არ ახსენებს“, - თქვა მან. „ამიტომ, რა შეუძლიათ აფრიკელებს გააკეთონ, თუ მეორე მხარეზე ინტერესი დაბალია?“
მცირე მოთამაშე
პარალელურად, რუსეთი უფრო აქტიურდება. მოსკოვი, ერითრეადან დაწყებული, ცენტრალური აფრიკის ქვეყნით დამთავრებული, ალიანსებს ქმნის. თუმცა ჯუდ დევერმონტი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის აფრიკის პროგრამის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთს ისეთ ქვეყნებთან როგორიც შეერთებული შტატები და ჩინეთია, აფრიკაში, შეჯიბრი გაუჭირდება.
„რუსეთი ამ ქვეყნებთან [ამერიკა, ევროპა, ჩინეთი] შედარებით უფრო მცირე როლს თამაშობს“, - ამბობს ის.
მოსკოვის როლის გადაჭარბებულმა აღქმამ, დევერმონტის თქმით, შესაძლოა ხელი შეუწყოს რუსეთის, როგორც საერთაშორისო არენაზე დიდი მოთამაშის წარმოდგენას.
„როცა შეერთებული შტატები და სხვა მთავრობები საუბრობენ წამყვანი ძალების შეჯიბრზე, და ამბობენ, რომ მოსკოვი იმავე სიძლიერისაა, როგორიც პეკინი ან ვაშინგტონი ან ბრიუსელია, ვფიქრობ ამით ისინი დათვურ სამსახურს უწევენ ვლადიმირ პუტინს, რომელსაც ძალიან უნდა საკუთარი თავი წარმოაჩინოს როგორც გლობალური მოთამაშე“, - ამბობს ის.
თანამშრომლობა და კონფლიქტი
სოჭში, აფრიკის კონტინენტის სახელმწიფოების ხელმძღვანელები, მინისტრები და ბიზნესმენები იმყოფებიან. შეხვედრის მიზანი, რუსეთთან პოლიტიკური თუ ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით შესაძლებლობის შექმნაა.თუმცა, ეს იმ როლის, რასაც რუსეთი აფრიკაში თამაშობს, მხოლოდ ერთი მხარეა.
ისეთ ქვეყნებში, როგორიცა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, მოსკოვი გრძელვადიან კონფლიქტშია ჩართული. უმეტეს შემთხვევაში რუსეთი იქ კერძო სამხედრო კონტრაქტორებს იყენებს, რომლებიც საშუალებას აძლევენ მოსკოვს, მოქნილი გზა იპოვოს აფრიკის მთავრობებთან და ამბოხებულებთან ურთიერთობებში.
მართალია მოსკოვს სურს, რომ თავი მშვიდობისმყოფელად წარმოაჩინოს, მაგრამ მიმომხილველების ნაწილი, მათ შორის დევერმონტი, ხაზს უსვამს, რომ მოსკოვის პოლიტიკას რეგიონში კონფლიქტი და არასტაბილურობა მოაქვს.