რუსეთი აცხადებს, რომ სამხედრო სამსახურისთვის 335 000 მოქალაქე დარეგისტრირდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში საომრად დამატებით მობილიზაციას არ გეგმავს, რადგან წელს 335 ათასზე მეტი ახალგაზრდა ჩაეწერა შეიარაღებულ ძალებსა თუ მოხალისეთა დანაყოფებში. შოიგუმ კიდევ ერთხელ შეაქო მათი პატრიოტიზმი, ვინც ჯარისკაცთა რიგებს შეუერთდა.

„წლის დასაწყისიდან 335 ათასზე მეტმა ადამიანმა, კონტრაქტით და მოხალისე ფორმირებებში სამხედრო სამსახური დაიწყო. მხოლოდ სექტემბერში, 50 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი კონტრაქტს“, - თქვა შოიგუმ.

ეს ციფრები ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ რუსეთმა კონტრაქტით სამსახურში მიზიდვაშიც და დაქირავებულთა ჯგუფ „ვაგნერის“ ბევრი მებრძოლის „მოხალისეთა ფორმირებებში“ ჩართვაშიც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

ასევე ნახეთ: მედვედევის მტკიცებით, წელს რუსეთის ჯარში კონტრაქტით სამსახური 280 000-მა მოქალაქემ დაიწყო

პუტინმა გასული წლის სექტემბერში ხელი მოაწერა „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ბრძანებას, რის შემდეგაც ასობით ათასმა ახალგაზრდა რუსმა მამაკაცმა რუსეთი დატოვა, რათა უკრაინაში არ გაეგზავნათ.

პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ მობილიზაციის გამეორების საჭიროება არ არის. ზოგიერთი რუსი ოფიციალური პირის აზრით, მობილიზაცია თავისთავად არ იყო გამართლებული ნაბიჯი, რადგან ამის გამო ბევრმა მოქალაქემ ქვეყანა დატოვა.