წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პოლ რაიანი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმში საპროცედურო შეფერხებების და პარტიული დაპირისპირების მიუხედავად, მალე კონგრესში შევა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი.
"მჯერა რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი, გაბედული სანქციების"-განაცხადა რაიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი საპროცედურო შეფერხებებმა შეაყოვნა, მათ შორის ტექნიკურმა ცვლილებებმა, რომელსაც სენატის მიერ დამტკიცებული ვერსიის აშშ-ის კონსტიტუციასთან შესაბამისობა უნდა დაეზუსტებინა.
მაგრამ ოთხშაბათს, პალატის დემოკრატებმა უახლოეს მომავალში კანონპროექტის საკუთარი ვერსიის წარდგენის შესახებ განაცხადეს. მათი მხრიდან ეს ზომა მიზნად ისახავს სენატში დამტკიცებული ვერსიის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევას. დემოკრატი კონგრესმენები აცხადებენ, რომ სენატის ვერსიას ტრამპის თეთრი სახლი აფერხებს.
როგორც პალატის უმცირესობის ლიდერმა სტენი ჰოიერმა განაცხადა, ნათელი იყო, რომ თეთრ სახლს ამ კანონის გატანა არ სურდა.
კანონპროექტი თვეზე მეტია კონგრესში კენჭისყრას ელის, მას შემდეგ სენატმა კანონპროექტის ვერსია 98 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
"ეჭვგარეშეა, რომ კონგრესმა სწრაფად უნდა იმოქმედოს. მე კონგრესმენ კოლეგებს ვუთხარი, რომ კანონპროექტი მალევე უნდა შეიმუშავონ. ეს აუცილებელია."-თქვა დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა.
აღნიშნული სანქციები ეყრდნობა იმ მოქმედებებს, რომელიც იმდროინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაატარა ყირიმის ანექსიის საპასუხოდ.
"ეს სანქციები საგრძნობლად შეაფერხებს რუსეთის უნარს ევროპულ ქვეყნებზე მოახდინოს გავლენა, კერძოდ კი გაზპრომის მიერ ენერგო სექტორზე მიიტანოს ზეწოლა"-განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ევროპისა და ევრაზიის ცენტრის კვლევების დირექტორმა ალინა პოლიაკოვამ.
კონგრესმენი დემოკრატები დარწმუნებულები არიან, რომ სანქციები კონტროლის აუცილებელი ზომაა ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომელიც საკმაოდ ახლოსაა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. თუმცა, საპრეზიდენტო ძალაუფლებაზე ზედმეტმა კონტროლმა შესაძლოა, შეასუსტოს აშშ-ის დიპლომატიური მოქნილობა.
"როგორც კი სანქციები ძალაში შევა, რუსეთმა რომც დაიწყოს მინსკის შეთანხმებების შესრულება, საკმაოდ რთული იქნება ამ სანქციების გაუქმების პროცესის დაწყება",-უთხრა ამერიკის ხმას ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა ანჯელა სტენტმა.
იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი კანონპროექტს, დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტს გადაუგზავნის ხელმოსაწერად, ვეტო არარეალურია. ამ კანონპროექტის სენატის ვერსიაში ერთადაა მოცემული სანქციები რუსეთის და ირანის წინააღმდეგ. თეირანის წინააღმდეგ სანქციებს კი ტრამპის ადმინისტრაცია ცალსახად ემხრობა. ამას გარდა, ვეტოს დასაძლევადაც კი, სენატისეულ ვერსიას სენატორების საკმარისზე მეტი რაოდენობა უჭერს მხარს. ვეტოს დაძლევის შემთხვევაში კანონპროექტი კანონი ხდება.