თურქმენეთისა და ბელარუსის ხელისუფლებები მწვავე კრიტიკას იმსახურებენ იმის გამო, რომ არ აღიარებენ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიას და ამ პრობლემას, აიგნორებენ.
ბელარუსში, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსის 17,489 და ვირუსით გარდაცვალების 103 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ქვეყნის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო უარს ამბობს კარანტინის გამოცხადებაზე და ისევ მართავს საჯარო შეხვედრებს. მისი თქმით, პანდემიის შიშები, მხოლოდ გლობალური "ფსიქოზია" და მეტი არაფერი. ლუკაშენკოს არ აუღია ტესტი კორონავირუსზე. მისი წარმომადგენლის თქმით, "ამის აუცილებლობა არ არსებობს".
ლუკაშენკო უარს აცხადებს ასევე ეკონომიკის შეჩერებასა და ბიზნესების დახურვაზე. მისი არგუმენტი ისაა, რომ ქვეყანა 9 მილიონი მოქალაქით, ვერ შეძლებს ასეთი ეკონომიკური დარტყმის შემდეგ ზარალის აღდგენას. მიუხედავად ამისა, სკოლებისა და ბიზნესების ნაწილი, მაინც დაიხურა და ისინი პრეზიდენტის ბრძანებას არ დაელოდნენ.
ლუკაშენკო ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. მისი თქმით, ისინი კორონავირუსით დაავადების დროს, ჯანმრთელობის გაუარესების სხვა ფაქტორების გამო გარდაიცვალნენ. მას მაგალითებად კიბო და ჭარბი წონა მოჰყავს. პრეზიდენტმა ვირუსის სამკურნალოდ ეფექტურ საშუალებად, მიუხედავად ექიმების მოსაზრებებისა, არყის სმა და საუნაში სიარული გამოაცხადა.
"ჩვენს ქვეყანაში, არავინ მოკვდება კორონავირუსისგან. სახალხოდ ვაცხადებ ამას", თქვა მან;
ლუკაშენკო, ასევე, გეგმავს, რომ მინსკში სამხედრო აღლუმი ჩაატარის, მსოფლიო ომში მოკავშირეების გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნად. სამშაბათს მან საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების მეთაურებიც მიიწვია ამ ღონისძიებაზე.
მართლმადიდებლური აღდგომის დროს, აპრილში, ლუკაშენკო საზეიმო წირვას დაესწრო და იმ ქვეყნების ლიდერები გააკრიტიკა, რომლებმაც სახლში დარჩენის ბრძანება გამოსცეს.
მსგავსი ვითარებაა თურქმენეთშიც. ოფიციალური ინფორმაციით, თურქმენეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. შესაბამისად გარდაცვლილთა რაოდენობაც ნულია.
თუმცა, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, თურქმენეთმა საზღვრები ჩაკეტა და ქვეყნის შიგნით მოგზაურობაც აკრძალა. მართალია, ქვეყანაში, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსის შემთხვევები არაა დაფიქსირებული, თუმცა ზოგიერთი ანგარიში ამბობს, რომ 14 აპრილისთვის ქვეყანაში მინიმუმ 7 დაინფიცირებული იყო.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, აპრილში ქვეყანაში 400-ზე მეტი ადამიანი იყო კარანტინში მოთავსებული. ისინი მცირე, პროვინციულ კლინიკებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
თურქმენეთის ლიდერი, ისევე, როგორც ბელარუსის პრეზიდენტი, აპრილის თვეში საჯარო შეხვედრებსა და ღონისძიებებს მართავდა. მათ შორის იყო დოღიც, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა. მან ასევე მოუწოდა მოსახლეობას ტრადიციული ბალახი დაეწვათ და ვირუსთან საბრძოლველად ხალხური მედიცინით "მიყვნენ ჯანსაღი ცხოვრების პრაქტიკას".
თურქმენეთში კარანტინი გამოცხადებული არ არის, თუმცა, ხალხი თავად ცდილობს ზოგად რეკომენდაციებს მისდიოს, ერთმანეთს ხელს არ ართმევენ და ცდილობენ მასობრივი თავშეყრის ადგილებში არ მივიდნენ.
წელს პირველად, თურქმენეთში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავის აღნიშვნაც გადაწყვიტეს.