რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სააგენტო (ეფ-ეს-ბე) ამბობს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების გამო დააკავეს რუსეთის 5, უკრაინის 3 და სომხეთის 1 მოქალაქე.
"ეფ-ეს-ბეს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხიდის აფეთქება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო დეპარტამენტისა და მისი დირექტორის, კირილო ბიდანოვის ორგანიზებულია. რუსეთის მიერ გავრცელებულ ამ განცხადებას და რუსეთის მიერ დაწყებულ გამოძიებას დღეს უკრაინის მაღალჩინოსნებმა "აბსურდი" უწოდეს.
"ეფ-ეს-ბეს მთელი აქტივობა და საგამოძიებო კომიტეტი ნონსენსია",- თქვა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ანდრი იასოვმა. იასოვის თქმით, რუსული "ეფ-ეს-ბე" და საგამოძიებო კომიტეტი "ყალბი სტრუქტურებია, რომლებიც პუტინის რეჟიმს ემსახურებიან" და მათ მიერ გამოძიებულ ინფორმაციაზე კიევი კომენტარის გაკეთებასაც არ აპირებს.
ასევე ნახეთ: ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს დენის მიწოდება შეუწყდა18-კილომეტრიან ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რამაც ხიდის დაზიანება გამოიწვია.
ყირიმის ხიდის მშენებლობა 2018 წლის მაისში დასრულდა. პროექტი 4 მილიარდი დოლარი დაჯდა და ის ევროპაში ყველაზე დიდი მოქმედი ხიდი იყო. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხიდი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი იყო რუსეთისთვის, საიდანაც საკუთარ ჯარს ამარაგებდა. ხიდი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს.