რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა, თავისი წყალქვეშა ნავების ნაწილი ანექსირებული ყირიმიდან, სევასტოპოლიდან, კრასნოდარის მხარეში გადაისროლა. ინფორმაციას ამის შესახებ, ბრიტანეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
უწყების ცნობით, გადაადგილება, დიდი ალბათობით, უკრაინის შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების გაზრდის ფონზე, უსაფრთხოების დონის ბოლო ცვლილებების გამო გახდა აუცილებელი.
ასევე ნახეთ: ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთმა ბოლო 10 დღეში სავარაუდოდ 4 თვითმფრინავი დაკარგა"„ბოლო ორი თვის განმავლობაში, თავდასხმა განხორციელდა [რუსეთის შავი ზღვის] ფლოტის შტაბ-ბინაზე და მის მთავარ საზღვაო საავიაციო აეროდრომზე“ - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასულ კვირაში, ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებში რუსეთის საზღვაო ძალების თავისებურებებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ რუსული საზღვაო ძალების წარმომადგენლებს, „მზადყოფნის კულტურა“ არ აქვთ. ამის ერთ-ერთი შედეგი კი მიმდინარე წლის აპრილში, უკრაინული თავდასხმის შედეგად, რუსული ფლოტის ფლაგმანის, „მოსკვას“ ჩაძირვა იყო.
Your browser doesn’t support HTML5
„რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ყირიმის უკან იმალება და უკრაინის მიერ კონტროლირებულ სანაპიროსთან მიახლოება ეშინია. ეს მაშინ, როცა უკრაინას საზღვაო ფლოტიც კი არ ჰყავს" – განაცხადა გასულ კვირას, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა, ბენ ჰოჯესმა.