მოსკოვი უარყოფს ბრალდებას აშშ-ის არჩევნებში ინტენსიური ჩარევის შესახებ

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი

რუსეთმა დღეს ხაზგასმით უარყო ბრალდებები, რომელიც შეერთებული შტატების სენატისთვის ორშაბათს გადაცემულ ანგარიშებში იყო წარმოდგენილი. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თავის განცხადებაში ბრალდებებს "უსაფუძვლო" უწოდა.

ორი ანგარიშის ავტორები არიან ოქსფორდის უნივერსიტეტის "კომპიუტერული პროპაგანდის პროექტი" და ანალიტიკური ფირმა "გრაფიკა". სენატისთვის გადაცემული დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის ჩარევა შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალური ქსელების გამოყენების გზით, გაცილებით უფრო ინტენსიური, აგრესიული და ფართომასშტაბიანი იყო, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ.

"ეს გამოსაფხიზლებელი ზარივით უნდა იყოს" - აცხადებს სენატის დაზვერვის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, დემოკრატი კანონმდებლი მარკ უორნერი. ის სოციალურ ქსელებს ხშირად აკრიტიკებს მედია-კამპანიების და მათ მიერ რუსეთის გავლენის აღკვეთის დაგვიანების გამო. "დადგა დრო, ამ გამოწვევას სერიოზული პასუხი გავცეთ"- თქვა მან ანგარიშების გაცნობის შემდეგ.

"ტვიტერი" აცხადებს, რომ 2016 წლის არჩევნებზე რუსეთის ჩარევის გამო, მათთან "ციფრული დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა". ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში განცხადება გააკეთა "ფეისბუქმაც". კომპანია აგრძელებს გამოძიებასთან "სრულ თანამშრომლობას" რუსული ჯგუფის "ინტერნეტის კვლევის სააგენტოს" საქმიანობასთან დაკავშირებით, როგორც "ფეისბუქზე", ასევე "ინსტაგრამზე" - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ირკვევა, რუსულ ჯგუფს "ინტერნეტის კვლევის სააგენტო" (IRA) ამერიკელი ამომრჩევლები სამიზნეში სულ ცოტა, 7 წლის მანძილზე ჩატარებულ 3 არჩევნებზე ჰყავდა ამოღებული, 2009, 2013 და 2016 წლებში. "ტვიტერთან" და "ფეისბუქთან" ერთად, რუსეთი წარმატებით იყენებდა "იუთუბის" და "ინსტაგრამის" მომხმარებლებს, ანუ, ყველა წამყვან სოციალურ მედიას.

მოსკოვის სადეზინფორმაციო კამპანია აშკარად რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის დონალდ ტრამპის დასახმარებლად იყო მიმართული. კრემლი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა, მათ შორის, ცდილობდა გავლენის მოხდენას ამერიკის ფერადკანიან და ლიბერალურ ჯგუფებზე და მათ დაბნევას, რათა მათ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაეკარგათ. სამიზნეში ასევე იყვნენ ამოღებული ქალები, ეთნიკური უმცირესობები, იმიგრანტები, ვეტერანები და სხვა ჯგუფები.