რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა, ახლა მსოფლიო ფიქრობს, რა ნაბიჯს გადადგამს კრემლი და როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთში სადაც საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, რომელშიც ვლადიმირ პუტინს მონაწილეობის მიღება არ შეუძლია.
თუმცა, ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე საათის წინ მიმართვის დროს სხვადასხვა საკონსტიტუციო ცვლილებები დაანონსა. რუსეთში ამ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს ზედიზედ მესამედ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
დღესვე ცნობილი გახდა ახალი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც პუტინი რუსეთში კვლავ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. კვლევითმა ცენტრმა "ლევადამ" გამოკითხვა ჩაატარა და ხალხს კითხა, კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდნენ ხმას. პოლიტიკოსები თავად მოქალაქეებს უნდა დაესახელებინათ.
კვლევის თანახმად ირკვევა, რომ რუსეთში ვლადიმირ პუტინი კვლავ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია.
"ლევადას" კვლევებითვე ირკვევა, რომ რუსეთში სამთავრობო ცვლილებებს მოქალაქეების დიდი ნაწილი ელოდებოდა.
აქვე, რუსეთის მოქალაქეები 2020 წელს მასშტაბურ ანტისამთავრობო აქციებს ელოდებიან.
კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ რუსეთში არ ელოდებიან ომს ქვეყნებს შორის, არც რუსეთის ომს ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. "ლევადას" მიერ ჩატარებული გამოკითხვით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთში არც მთავრობის გადატრიალებას ელოდებიან.
განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რუსეთში მიმდინარე პროცესების ზუსტ განვითარებას სპეციალისტები ვერ ხედავენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ შესაძლოა რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდეს და ქვეყანა ახლა უკვე პრემიერის თანამდებობიდან მართოს.
დღეს, ვლადიმირ პუტინის მიერ დაანონსებული ცვლილებების მიხედვით, რუსეთის ფედერალური საბჭო საკონსტიტუციო ორგანო გახდება, ასევე შესაძლოა შეიცვალოს ძალოვანი მინისტრების დანიშვნის წესი. ხოლო მთავრობის მეთაურს და მის შემადგენლობას პარლამენტი დაამტკიცებს.
ახალი ცვლილებების მიხედვით რუსეთის პრეზიდენტს, მთავრობის წევრებსა და მოსამართლეებს ჩამოერთმევათ უფლება ორმაგი მოქალაქეობის შესახებ.
თუმცა, მანამდე სანამ ამ ცვლილებებზე მუშაობა დაიწყება ვლადიმირ პუტინი რუსეთის მოქალაქეების აზრის მოსმენას აპირებს. კერძოდ, პუტინი ფიქრობს, რომ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომელიც გადაწყვეტს გახდება თუ არა რუსეთი საპრეზიდენტო ქვეყნის შემდეგ საპარლამენტო რესპუბლიკა.